1925 წელს 35 წლის ადოლფ ჰიტლერი გამოვიდა ციხიდან, სადაც მოხვდა სახელმწიფო გადატრიალების, ე.წ. „ლუდის პუნჩის“ მცდელობის შემდეგ. პატიმრობაში ყოფნისას მან დაწერა თავისი ავტობიოგრაფია-მანიფესტი, სახელწოდებით „ჩემი ბრძოლა“ („Mein Kampf“) და ემზადებოდა გერმანიაში ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად.
ჰიტლერს ორატორული ტალანტი ჰქონდა. მან ლუდის ბარებში გამოსვლისას შეიმუშავა საჯარო გამოსვლების საკუთარი მეთოდიკა: მისი სიტყვები იწყებოდა საკმაოდ ცივად, მაგრამ მსმენელები რაც უფრო აქტიურნი ხდებოდნენ და ლუდის გრადუსიც ეკიდებოდათ, ორატორი თეატრალურად ახდენდა ერთგვარ ჰიპნოზურ გავლენას აუდიტორიაზე.
ჰიტლერისთვის ეს უნარი არ იყო თანდაყოლილი. მას ძალიან სცხვენოდა თავისი გარეგნობის და სურდა დარწმუნებულიყო, რომ მისი ვიზუალური ზეგავლენაც ისეთივე დამაჯერებელი იყო, როგორც სიტყვიერი. ამიტომ მომავალმა ფიურერმა თავის პირად ფოტოგრაფს, ჰენრიხ ჰოფმანს სთხოვა გადაეღო მომავალი გამოსვლების რეპეტიციები. მას სურდა გამოეცადა სხვადასხვა ჟესტები და სახის გამომეტყველებები, რათა შემდეგ ფოტოებზე დაკვირვებით, მათ შორის საუკეთესო ამოერჩია.
მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერმა ჰოფმანს უბრძანა გაენადგურებინა ეს ფოტოები, ფოტოგრაფმა შეინახა ისინი და მოგვიანებით გამოაქვეყნა მემუარებში, სახელწოდებით „ჰიტლერი ჩემი მეგობარი იყო“.