x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველიანი კვერები საუზმისთვის
ეს კვერები ძალიან მარტივი მოსამზადებელი და რამდენადაც მარტივია, იმდენად გემრიელია. ძალიან ცოტა დრო უნდა ცომის მომზადებას და ცხობას და ამასთან, ამ კვერების მომზადება ყველას შეუძლია, ვისაც ერთხელ მაინც შეუწვავს კვერცხი.


ყველის კვერები # 1


ყველის კვერები

მასალა:


ყველი (მაგარი, ქარხნული) - 400 გრ.


არაჟანი (20% ცხიმიანობით) - 240 გრ.

კარაქი - 60 გრ.

ცომის გამაფხვიერებელი - 2 ჩ. კ.

პურის სოდა - 0, 5 ჩ. კ.

მარილი - ერთი მწიკვი

ფქვილი - რასაც შეიზელს

კვერცხის გული - 1 ც.

ვანილი


მომზადება:


1. გახეხეთ სახეხზე ყველი და მოათავსეთ ღრმა თასში.

2. ცალკე ჭურჭელში ერთმანეთს შეურიეთ 1 ჭიქა ახალგაცრილი ფქვილი, მარილი, სოდა და გამაფხვიერებელი.

3. ამ მასალას, ჩანგლით ან ხელით, შეაზილეთ ცივი კარაქი.

4. როდესაც ერთგვაროვან მასას მიიღებთ, შეურიეთ გახეხილ ყველს და დაამატეთ არაჟანი. ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ და იმდენი ფქვილი დაუმატეთ, რომ მიიღოთ რბილი, გასაბრტყელებელი ცომი.

5. ცომი გაყავით ორ ნაწილად და გააკეთეთ გუნდები.

6. გააბრტყელეთ თითოეული გუნდა ცალ-ცალკე 2 სმ-ს სისქეზე და გაყავით 8 ნაწილად და დაალაგეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე.

7. კვერცხის გულს შეურიეთ ცოტა არაჟანი, რძე ან წყალი, ცოტა ვანილი და საკონდიტრო ფუნჯით გადაუსვით კვერებს.

8. გააცხელეთ ღუმელი 200°C-ზე და კვერები შედგით გამოსაცხობად 20 წუთით.


კვერები # 2


კვერები

მასალა:


ყველი (მაგარი, ქარხნული) - 150 გრ.

ხაჭო ( 9 % ცხიმიანობით) - 250 გრ.

კარაქი (დარბილებული) - 150 გრ.

გამაფხვიერებელი - 1 ჩ. კ.

მარილი - 0, 5 ჩ. კ.

შაქარო - 0, 5 ჩ. კ.

არაჟანი - 1 ს. კ.

კვერცხი - 1 ც. და 1 გული

ფქვილი - რასაც შეიზელს

სეზამი - მოსაყრელად

ვანილი


მომზადება:


1. ერთმანეთ შეურიეთ 1 ჭ. ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და შაქარი.

2. ცალკე ჭურჭელში შეურიეთ ხაჭო და კარაქი, დაამატეთ კვერცხი და კარგად ათქვიფეთ.

3. ერთმანეთს შეურიეთ მშრალი ნაერთი და თხევადი მასა. დაამატეთ ფქვილი იმდენი, რომ მიიღოთ რბილი, გასაბრტყელებელი ცომი. დაასვენეთ ცომი 10 წთ.

4. შიგთავსისთვის გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე და დაამატეთ არაჟანი და კარგად

შეურიეთ.

5. ჩართეთ ღუმელი 190°C-ზე.

6. ცომი გაყავით ორ ნაწილად, ისე რომ, ერთი გუნდა მეორეზე დიდი იყოს.

7. ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ კალკაზე, რომელიც თუნუქის ფურცელზე არის მოთავსებული, გააბრტყელეთ პატარა გუნდა და გაანაწილეთ მასზე გულსართი.

8. გააბრტყელეთ მეორე გუნდა, დააფარეთ გულსართიან ფენას და გვერდები ქვემოთ შეუკეცეთ, ისე რომ ყველი არ გამოვიდეს.

9. კვერცხის გულს შეურიეთ ცოტა არაჟანი, რძე ან წყალი, ცოტა ვანილი და საკონდიტრო ფუნჯით გადაუსვით კვერს. ზემოდან მოაყარეთ სეზამის მარცვლები და შედგით ღუმელში გამოსაცხობად.

20-30 წუთში მზად იქნება.




0
1194
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0