საზოგადოება წყალდიდობა თბილისში, გარდაცვლილები, განადგურებული ზოოპარკი და გაქცეული ცხოველები 2015, 14 ივნისი, 3:51 უხვამა ნალექმა თბილისში წყალდიდობა გამოიწვია. ქალაქის ბევრი უბანი დაიტბორა, თუმცა სტიქიის ეპიცენტრი გმირთა მოედანი და თბილისის ზოოპარკია. დატბორილია სარდაფები, მაღაზიები, აფთიაქები და სხვა დაწესებულებები. თბილისში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი განცხადებას ავრცელებს: "სამაშველო ჯგუფები მობილიზებული არიან დედაქალაქის ყველა რაიონში, რათა შესაბამისი სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩატარდეს და დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება დროულად აღმოუჩინონ. ძლიერი წვიმის გამო, თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ. საგანგებო შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს, არ აყვეს პანიკას და არ გაავრცელოს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ასევე, არ დატოვოს საცხოვრებელი ადგილები. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ყველაფერი კეთდება გაქცეული ცხოველების უმოკლეს დროში დასაბრუნებლად". "ფაქტობრივად ყველა ცხოველი გარეთ არის ზოოპარკში. ახლა ველაპარაკე იქ მყოფთ. შუქი არ აქვთ, სხედან ოთახებში და გარეთ ვერ გამოდიან, რადგან ყველა ცხოველი გარეთ არის, წყლით რომ აივსო ვოლიერები, გადმოხტნენ და ზოგი გარეთ გაიქცა, ზოგიც ტერიტორიაზე დარბის. ვერავინ ვერ გვიშველის, ვერავინ ვერ მოვა ჩვენამდე, სანამ წყალი არ დაიწევსო. პინგვინების აკვრიუმიც კი წყალშია დაფარულიო. ანუ, ფაქტობრივად, ზოოპარკი აღარ არის. ყველა მომვლელის ბედიც კი არ ვიცითო. რადგან ვერ უკავშირდებიან ერთმანეთს"-წერს "YV 11"-ის თანამშრომელი დიმა ნებიერიძე. მაშველები აქტიურად მუშაობენ. არის რამდენიმე დაშავებულიც. ელიზბარაშვილის სახელობის ძაღლთა თავშესაფარშიც შევარდა წყალი. მხოლოდ რამდენიმე ძაღლის გადარჩენა მოხერხდა. მოსახლეობაში სრული პანიკაა. ვრცელდება ფოტოები, რომლებზეც გაქცეული ცხოველებია ასახული. ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. ამჟამინდელი ინფორმაციით 2 ადამიანია გარდაცვლილი. 4947 6-ს მოსწონს
|