სხვა პარიზის ხელოვნების ხიდი მილიონობით "სიყვარულის ბოქლომისაგან" გაათავისუფლეს 2015, 2 ივნისი, 19:49 გუშინ, პირველ ივნისს პარიზის ხელოვნების ხიდი გაათავისუფლეს მილიონობით ბოქლომისაგან, რომელსაც იქ ჰკიდებდნენ ტურისტები და ადგილობრივი წყვილები "საუკუნო სიყვარულის" ნიშნად. ასე დასრულდა მრავალწლოვანი რომანტიკული ტრადიცია, რომლის გამოც "სიყვარულის ქალაქში" მილიონობით ახალდაქორწინებული წყვილი ჩადიოდა. ამ უკიდურესი ზომების მიღებაზე ქალაქის ხელმძღვანელობა წავიდა თავად ტურისტების უსაფრთხოებისა და ლეგენდარული "ხელოვნების ხიდის" გადარჩენისათვის, რომელიც ნაპოლეონის ბრძანებით აშენდა 1804 წელს და XIX საუკუნის არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს.
პირველად პარიზის ხელისუფლება "სიყვარულის ბოქლომების" მავნებლობაზე ერთი წლის წინ დაფიქრდა, როცა მათი სიმძიმით ხიდის მოაჯირის ნაწილი ჩამოინგრა. პოლიციამ განგაში ატეხა იმის გამო, რომ სრულიად შესაძლებელი იყო, ეს ნატეხი დასცემოდა მდინარე სენაზე მოცურავე ნავებს, რომლებითაც ხშირად სეირნობენ ტურისტები. საბედნიეროდ, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა, მაგრამ პრესა და ადგილობრივი მცხოვრებლები მაშინათვე ალაპარაკდნენ ბოქლომების მიერ გამოწვეულ მოსალოდნელ საშიშროებაზე. საპროტესტო აქციაც კი გაიმართა ამ ტრადიციის წინააღმდეგ. საქმე იმაშია, რომ ბოქლომები არამარტო ამძიმებენ ხიდს, არამედ ამახინჯებენ კიდეც ამ ულამაზეს არქიტექტურულ ძეგლს, ხოლო სენაში გადაყრილი გასაღებები მდინარეს ეკოლოგიურ ზიანს აყენებს. ინციდენტის შემდეგ ქალაქის მერმა გააკეთა განცხადება, რომ "თუ შემდგომში რომელიმე ტრადიცია კვლავ მიაყენებს ზიანს კულტურულ ძეგლებს, მიღებული იქნება სათანადო ზომები". ამ ამბიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ "სიყვარულის ქალაქი " საბოლოოდ გამოეთხოვა რომანტიკულ ტრადიციას. ბოქლომები, რომლებზეც სხვადასხვა ქვეყნიდან და ქალაქებიდან ჩამოსული შეყვარებულების სახელები ეწერა, მოჭრეს და სატვირთოებით გაიტანეს. მათ შემდგომ ბედზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, მაგრამ სავარაუდოდ, მათ გადაადნობენ. ხელოვნების ხიდის ლითონის მოაჯირებზე კი მომავალში აპირებენ პლასტიკატის გამჭვირვალე პანელების გადაკვრას, რათა ხელი შეუშალონ ტრადიციის კვლავ აღდგენას. "ეს ბოქლომების დასასრულია. ისინი აფუჭებენ ხიდის ესთეტიკას, ამასთანავე ეს უსაფრთხო სულაც არაა და შეიძლება უბედურ შემთხვევამდეც მიგვიყვანოს, - განაცხადა ქალაქის მერმა, - პარიზი სიყვარულის ქალაქია და ჩვენ ვამაყობთ ამით, მაგრამ არსებობს გაცილებით უკეთესი მეთოდები სიყვარულის გამოვლენისა, ვიდრე ის, რომ ბოქლომი დაკიდო ხიდზე". ითვლება რომ, ბოქლომების ხიდებზე დაკიდების ტრადიცია პირველად დაიბადა იტალიაში. სულ პირველად "სიყვარულის ბოქლომები" ფლორენციაში გამოჩნდა: პონტო ვეკოს ცნობილ ხიდზე მდებარე ბენვენუტო ჩელინის სკულპტურაზე შეყვარებულმა წყვილებმა დაიწყეს ბოქლომების დაკიდება, ხოლო მათ გასაღებებს მდინარე არნოში ყრიდნენ. რომში ეს წეს-ჩვეულება გავრცელდა ფედერიკო მოჩის ორ ცნობილ რომანში მოხსენიების გამო. ეს რომანებია " სამი მეტრი ცის ქვეშ" და "მე შენ მინდიხარ". თავდაპირველად "სიყვარულის ბოქლომებს" მულველის ხიდზე მდებარე ფარნის ბოძზე ამაგრებდენ, თუმცა ბოქლომების სიმძიმის გამო 2007 წელს ბოძი წაიქცა. ფლორენციაში, სადაც ერთი ხიდიდან 4000 კილოგრამამდე რკინა ჩამოხსნეს, ქალაქის მერმა ჯარიმაც კი შემოიღო 50 ევროს ოდენობით ბოქლომის დამკიდებელი შეყვარებული წყვილებისათვის. 372 12-ს მოსწონს
|