ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯეკ უორნერი ოთხშაბათს საღამოს ტრინიდადისა და ტობაგოს პოლიციას ჩაბარდა.
ფიფას შტაბ-ბინაში დაკავებული მაღალჩინოსნების გარდა, ამერიკელმა სამართალდამცავებმა მსოფლიოს მასშტაბით ამ ორგანიზაციის ყოფილ თუ მოქმედ კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანზე გასცეს დაპატიმრების ორდერი. ტრინიდადელი ჯეკ უორნერი ერთ-ერთი მათგანია.
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი “არასასურველ სტუმრებს” აღარ დაელოდა და პოლიციაში თავისი ფეხით გამოცხადდა. მას 12 ბრალდება ჩაუკითხეს და გირაოს სანაცვლოდ 2, 5 მილიონი დოლარი შეუფარდეს, ოღონდ გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით: მან უნდა ჩააბაროს პასპორტი და კვირაში ორჯერ გამოცხადდეს პოლიციაში. ტრინიდადის პოლიციამ განაცხადა, რომ დააპატიმრა უორნერი და მან ღამე საპატიმროში გაატარა.
თავის მხრივ, ამ ქვეყნის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ უორნერის საკითხთან დაკავშირებით მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტთან. შეგახსენებთ, რომ ჯეკმა ფიფას ვიცე-პრეზიდენტის პოსტი 2011 წელს, ქრთამის აღებასთან დაკავშირებით აგორებული სკანდალის შემდეგ დატოვა. საქმის განხილვის შემდეგ, უორნერი შესაძლოა აშშ-ს სამართალდამცავებს გადასცენ.
ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge