x
image
worldsport.ge
ქართველთა მოჭადრაკეთა ტრიუმფი ჩინეთში

imageსაქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ტრიუმფით დასრულდა მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელსაც 18-28 აპრილს ჩინეთის ქალაქი ჩენგდუ მასპინძლობდა.
ქართველ მოჭადრაკეებს მხოლოდ მე-4 განთესვა გააჩნდათ და უკრაინას, რუსეთს და ჩინეთს ჩამორჩებოდნენ, თუმცა, თითქმის იდეალური შედეგი აჩვენეს. საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ რუსეთთან ფრედ (2:2) ითამაშა, შემდეგ კი ზედიზედ 8 (!) გამარჯვება იზეიმა.
აი, შედეგებიც: 4:0 – ეგვიპტესთან, 2.5:1.5 – პოლონეთთან, 3:1 – ყაზახეთთან, 2.5:1.5 – უკრაინასთან, 3:1 – აშშ-სთან, 2.5:1.5 – ინდოეთთან, 3:1 – სომხეთთან და 2.5:1.5 ჩინეთთან. შედეგად, 17 ქულა და ერთპიროვნული პირველი ადგილი.
დაუმარცხებლად განვლო ტურნირი რუსეთის ნაკრებმაც, თუმცა, მათ 5 მოგების ფონზე 3 ყაიმიც გამოერიათ და 15 ქულით მე-2 ადგილი დაიკავეს, ბრინჯაოს მედლები კი ჩინეთს (11) ერგო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი დავით ჯოჯუა იყო, გუნდის ღირსებას კი ბელა ხოტენაშვილი (2513), ლელა ჯავახიშვილი (2481), მერი არაბიძე (2374), ნინო ბაციაშვილი (2473) და სალომე მელია (2459) იცავდნენ. ისიც ვთქვათ, რომ გუნდის ლიდერ ნანა ძაგნიძეს ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია, რაც წარმატებას კიდევ უფრო დასაფასებელს ხდის.
გამოსარჩევია ქართველთა შედეგები ცალკეულ დაფებზეც, სადაც ასევე ჩინებული შედეგები გვაქვს. პირველ დაფაზე პირველობა არავის დაუთმო ხოტენაშვილმა, რომელმაც 9 შესაძლებლობიდან 7.5 ქულა მოაგროვა, ხოლო მე-3 დაფაზე არაბიძემ იმარჯვა 7-დან 6.0 ქულით.
ცნობისთვის, ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი მეხუთედ ჩატარდა და საქართველოს ნაკრებმა ასეთ შედეგს პირველად მიაღწია. აქამდე, ქართველი ქალბატონებისთვის საუკეთესო მაჩვენებელი 2011 წელს თურქულ მარდინში აღებული მე-3 ადგილი იყო, ახლა კი, ჩემპიონობის ჯერი დადგა.
ამ მხრივ, აშკარა ლიდერი ჩინეთია, რომელმაც ოქროს მედლები 3-ჯერ (2007, 2009 და 2011 წლები) მოიპოვა, 2013-ში კი პირველობა უკრაინას დარჩა. საინტერესოა, რომ პირველ ადგილზე გასვლას ვერაფრით ახერხებს რუსეთის უძლიერეს გუნდი, რომელმაც ვერცხლის მედლები უკვე მეოთხედ მოიპოვა.

მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის. 18-28 აპრილი (ჩენგდუ), ჩინეთი
დასკვნითი ტური
ჩინეთი – საქართველო 1.5:2.5
ჟონგი ტანი (2487) – ბელა ხოტენაშვილი (2513) 0.5:0.5
მერი არაბიძე (2374) – შენ იანგი (2459) 1:0
ტინგიე ლეი (2444) – ნინო ბაციაშვილი (2473) 0.5:0.5
სალომე მელია (2459) – იიქსინ დინი (2434) 0.5:0.5

სომხეთი – ინდოეთი 1:3
რუსეთი – აშშ 3.5:0.5
ეგვიპტე – უკრაინა 0.5:3.5
პოლონეთი – ყაზახეთი 2:2


საბოლოო მდგომარეობა
საქართველო – 17 ქულარუსეთი – 15ჩინეთი – 11ინდოეთი – 10უკრაინა – 10ყაზახეთი - 9სომხეთი – 7პოლონეთი – 6აშშ – 5ეგვიპტე – 0


www.worldsport.ge

1
85
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
85
  
2015, 29 აპრილი, 1:26
ეს მართლა ტრიუმფალური გამარჯვებაა, ნამდვილი გმირობაა!!! ვულოცავ მოჭადრაკეებს და საქართველოს!!!
0 1 1