რჩევები 8 ტანსაცმელი, რომელიც ასაკს გმატებთ 2015, 29 მარტი, 11:29 "ოცი წლის ასაკში ქალი ისეთად გამოიყურება, როგორიც ღმერთმა შექმნა, ოცდაათი წლისა - როგორადაც თავად სურს, ორმოცი წლისა კი - როგორადაც იმსახურებს". შეიძლება განაჩენივით ჟღერდეს, მაგრამ ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ყოველთვის შეიძლება შეეცადოთ მაინც გამოიყურებოდეთ ისე, როგორც თავად გსურთ. ამისთვის კი, რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ ტანისამოსს. ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე ტანსაცმელს და მათთან ერთად აქსესუარს, რომელთა ტარებისგან თავი უნდა შეიკავონ 40 წელს გადაცილებულმა მანდილოსნებმა, თუ რა თქმა უნდა სურთ, რომ ვიზუალურად ძალიან არ გასცდნენ 30 წლის ასაკს. 1. შავი ფერი. ბევრისთვის ცნობილი ფაქტია, რომ შავი ფერის ტანსაცმელი ადამიანს ვიზუალურად უფრო გამხდარს აჩენს. მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასაკის მატებასთან ერთად, კანი ფერმკრთალდება და შავი ფერის ტანსაცმელთან მისი კონტრასტი უფრო გამოკვეთილს ხდის როგორც ნაოჭებს, ასევე სახესა და ყელზე არსებულ მუქ ლაქებს. ამიტომ, თუ მაინცდამაინც შავი კაბის ჩაცმა გსურთ, შეუხამეთ მას ეფექტური ჭრელი, ნათელი ან თუნდაც თბილი ფერის შარფი, მასიური ყელსაბამი ან ბეწვი. 2. უფორმო პიჯაკი. ძალიან ხშირად, ქალბატონები, რომლებსაც არა აქვთ იდეალური ფიგურა, ცდილობენ დაფარონ იგი უფორმო პიჯაკით, ჟაკეტით ან კარდიგანით. მაგრამ ეს უფრო ამძიმებს ფიგურას და დისპროპორციულს ხდის მას. საშუალო სიგრძის პიჯაკი ოდნავ გამოყვანილი წელით უფრო უკეთ დადგება თქვენ ტანზე და ხაზს გაუსვამს მის ყველა ღირსებას. 3. გრძელი ქვედაბოლო. ის, რომ დაბადების დღის ტორტზე ყოველწლიურად თითო სანთელი გემატებათ, არ ნიშნავს, რომ კაბასაც ყოველ წელს თითო სანტიმეტრი უნდა მოუმატოთ. მაქსი სიგრძე შეუცვლელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძალიან სქელი მუხლები გაქვთ. მაგრამ, მეორე მხრივ, გრძელი ბოლოკაბა თქვენს ფიგურას უფრო ამძიმებს და ძველმოდურ ვიზუალს გიქმნით. იმისათვის, რომ თქვენი ოპტიმალური სიგრძე განსაზღვროთ, დადექით სარკესთან და მონიშნეთ მუხლის არეში ყველაზე ვიწრო ხაზი (მუხლის ქვეშ, მუხლს ზემოთ თუ ზუსტად მუხლზე) – სწორედ ამ ხაზზე უნდა იდგას თქვენი ქვედაბოლო. 4. ვიწრო ბიუსტჰალტერი. არასწორად შერჩეული ბიუსტჰალტერი ნამდვილ დათვურ სამსახურს გაგიწევთ - თავს იგრძნობთ არაკომფორტულად და ვიზუალურად მოგემატებათ მინიმუმ ორი წელი. ახლად ნაყიდი ბიუსტჰალტერი უნდა გეკვრებოდეთ სულ ბოლო შესაკრავზე. მომდევნო შესაკრავზე "გადასვლა" შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საცვალი გაიწელა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბიუსტის ზომა ცვალებადია და სულ რაღაც 2-3 კილოგრამის დაკლება/მომატებაც კი მნიშვნელოვნად აისახება. ამიტომ ხშირად ცვალეთ ბიუსტჰალტერი და აირჩიეთ ზუსტად თქვენი ზომა. 5. სტრეიჯი. სტრეიჯი ჯინსები - ბევრი ქალისთვის შეუცვლელია ყოველდღიურ ყოფაში, რადგან კომფორტულიცაა და სტილურიც. მაგრამ სტილურობისკენ ზედმეტმა სწრაფვამ შეიძლება საწინააღმდეგო შედეგი გამოიღოს. ოპტიმალური ვარიანტია დენიმი, რომელიც 2% სტრეიჯს შეიცავს. "სწორად" შერჩეული ჯინსები თქვენს ბუნებრივ ფორმებს გაიმეორებს, გამოკვეთს სილუეტს და ამავდროულად თქვენც თავს კომფორტულად და თავისუფლად იგრძნობთ. 4% სტრეიჯის შემცველი დენიმი კი მართალია, აგარიდებთ "ფართხუნა" ფეხებს, მაგრამ თეძოებისა და უკანა ტანის მიდამოზე საშინლად დეფორმირდება. 6. სათვალე დაემშვიდობეთ მუქი ტონის მასიურ ჩარჩოს- იგი ხაზს უსვამს ნაოჭებს და თვალის მიდამოზე მუქ ლაქებს. მსუბუქი და ნათელი ჩარჩო, ოდნავი ბრწყინვალებით, კი პირიქით, ყურადღებას გადაიტანს ნაოჭებიდან და ნათელს გახდის სახეს. 7. მაღალყელიანი სვიტერი. მაღალყელიანი სვიტერის ტარება შეიძლება კომფპრტული და მარტივია, მაგრამ ასაკს ეს არ უხდება. იდეალურია მრგვალი ან V-ფორმის დეკოლტე, რომელიც გამოკვეთს ყელსა და ბიუსტს (თუმცა არამც და არამც არ მოგივიდეთ ზედმეტი, რადგან ეს საპირისპირო ეფექტს მოგცემთ). აირჩიეთ კლასიკური საყელო, თუ ამ ზონაზე არ გსურთ ყურადღების მიპყრობა. გაიხსენით მეორე ღილი და დეკოლტეს ზონის დასაფარად გაიკეთეთ გრძელი, მასიური ყელსაბამი. 8. Vive la France! ყელზე შებმული პატარა აბრეშუმის შარფი – არც თუ ისე წარმატებული არჩევანია, თუ რა თქმა უნდა არ გსურთ 60-იანი წლების სტიუარდესას დაემგვანოთ. თუ გსურთ თქვენს ვიზუალს მაინცდამაინც ფრანგული შარმი მისცეთ, უბრალოდ შეაბით ნათელი ფერის შარფი თქვენს ჩანთას. 440 10-ს მოსწონს 1-ს არა
|