საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული პოლიტიკური თუ ეკონომიკური ურთიერთობები უკვე მრავალი წელია მოუგვარებელ პრობლემად ითვლება. თუნდაც აღსაიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ორი ქვეყნის განსხვავებული პოლიტიკური მიდგომა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ გახდა მათ შორის ყველაზე გამოხატული ეროვნული უსაფრთხოების გამომწვევი მთავარი მიზეზი 1990-იან წლებში. აღნიშნული კონფლიქტი და მისი გამომწვევი ფაქტორები თავის ნაშრომში ვრცლად აქვს განხილული პროფესორ გიორგი ხელაშვილს, სადაც ის აღნიშნავს, რომ შეიარაღებული დაპირისპირების გამწვავების ძირითადი მიზეზი საქართველოს ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდგომარეობა გახდა [1].
უამრავი მოსაზრება არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება ყოფილიყო საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი კონფლიქტის გამწვავების მთავარი მიზეზი და იყო თუ არა რუსეთის მიზნები იგივე, რაც 1990-იან წლებში.
ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად, რამაც გამოიწვია 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტი, ექსპერტთა ნაწილი ასახელებს საქართველოს პრო-დასავლურ ორიენტაციას, რაც ხელს უწყობს საქართველოზე რუსეთის პოლიტიკური გავლენის შემცირებას და მასზე დამოკიდებულების მინიმუმამდე დაყვანას. ეს გამოიხატა
საქართველოს გაზმომარაგების საკითხში, როდესაც ”გაზპრომზე” თითქმის სრულად დამოკიდებული საქართველოს ძირითადი მომწოდებელი გახდა აზერბაიჯანი. ზოგიერთი ანალიტიკოსის მოსაზრებით, 2008 წელს საქართველოში რუსეთის ინტერვენციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა რუსეთის ანტი-დასავლური ”პეტრო-პოლიტიკა”, ანუ ალტერნატიული მილსადენების გაკონტროლება. ე.წ. სამხრეთ-ოსეთის ოკუპაციის შემდეგ რუსეთის მიზანია დაამყაროს კონტროლი საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ მილსადენებზე, რასაც ხელს უშლის ზემოთ ხსენებული საქართველოს პრო-დასავლური პოლიტიკური კურსი. ამ მოსაზრებას ეთანხმება ქართველი მკვლევარი, ლიანა ჯერვალიძე და მის მიერ ჩატარებულ კვლევაში აღნიშნავს, რომ ის ხელშემწყობი ფაქტორები, რომლებმაც გამოიწვიეს რუსეთის უხეში ჩარევა საქართველოს პოლიტიკაში, უამრავია. ესენია: ეთნიკური კონფლიქტები
და შიდა-სამოქალაქო დაპირისპირებები, საქართველოს მიერ რუსეთზე ენერგოდამიკიდებულების შემცირების მცდელობა და ა.შ. ასევე, ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იყო რუსეთის მონეტარული მმართველობა [2].
რონალდ ასმუსი აღნიშნავს, რომ ზემოთ ხსენებული ომის ხელშემწყობი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პირობა, უკვე დასახელებული ფაქტორების გარდა, გახდა MAP-ის მიცემა არ მიცემის საკითხი. ამ თემას განიხილავს ის საკუთარ ნაშრომში ”მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა”, სადაც აღნიშნავს, რომ აშშ-ისა და ევროპის შეცდომა იყო ასრებული ვითარების არასწორად შეფასება და იმ ფაქტის გაუთვალისწინებლობა,
რომ რუსეთი ამ ვითარებას თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა. სწორედ ამ ფაქტორები გაუთვალისწინებლობამ და სამომავლო პერსპექტივაში რუსეთის ფედერაციის მოსალოდნელი წინგადადგმული ნაბიჯების გაუთვალისწინებლობამ გამოიღო ის შედეგი, რაც დღესდღეობით არის სახეზე [3].
მკვლევართა უმეტესობის მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი განხილულია, როგორც გეოპოლიტიკური წონასწორობის დარღვევის უხეში ფაქტი. 2011 წელს ჩატარებულ კვლევაში ექსპერტი ქრისტოფერ მულინსი აღწერს იმ ფაქტორებს, რომლებიც ზოგადად შეიძლება გახდეს ამა თუ იმ ქვეყნის მხრიდან აგრესიული ქმედების მიზეზი. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, სახელმწიფოს პოლიტიკა და შესაბამისად, მისი ქმედებები დიდწილად არის დამოკიდებულ აღნიშნული ქვეყნის პოლიტიკურ პარტიებსა და მის მმართველ ძალაზე [4]. რუსეთის
მაგალითის განხილვის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ისეთ ცნებებზე, როგორებიცაა ”მართული დემოკრატია” და ”ვერტიკალური ძალაუფლება”. მულინსის თეორიის თანახმად, სახელმწიფოს მმართველ პოლიტიკურ ძალაზეა დამოკიდებული ზოგადად ქვეყნის პოლიტიკაც. კონკრეტულად
რუსეთის შემთხვევაში კი ეს მმართველი ძალა პუტინ-მედვედევის ხელისუფლებით არის გამოხატული და სხვა მიზეზებთან ერთად, ეს მოსაზრებაც შეიძლება განვიხილოთ, როგორც რუსეთის ქმედების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.
თავის ერთ-ერთ სტატიაში პოლიტიკის მეცნიერებათა პროფესორი ნიკოლაი პეტრო განიხილავს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წელს მომხდარი კონფლიქტის გამომწვევი მოზეზებს, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის პოზიციიდან. ერთ-ერთი პოზიციის თანახმად, ქართველი ჯარისკაცების საპასუხო რეაქცია გამოიწვეულ იქნა რუსი არმიის აგრესიული ქმედებების შედეგად. ამ მოსაზრებას ეთანხმება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბუშის ადმინისტრაცია და ნეო-კონსერვატიული წრეები. მეორე
მოსაზრების თანახმად, ოფიციალური თბილისის ქმედებები შემდეგნაირად აიხსნება: იგი ელოდებოდა შესაბამის დროს კონფლიქტის ზონაში რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ შეტევის გასაღვივებლად. ეს მოსაზრება მოსკოვში საკმაოდ პოპულარულია და იქ ომის წამოწყების მთავარ ინიციატორად საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევენ და ასევე, მას უწუნებენ სეპარატისტული აფხაზეთისა და სახრეთ ოსეთის მიმართ გატარებულ პოლიტიკას [5]. თავის ნაშრომში, პეტრო აანალიზებს ყველა იმ შესაძლო ვარიანტს, რაც შეიძლება გამხდარიყო საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი და აფასებს მომხდარ ფაქტს როგორც ერთი, ისე მეორე მხარის პოზიციიდან.
ერთია ის მიზეზები, რამაც გამოიწვია 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი და მეორეა ის შედეგები, რაც გამოიღო აღმიშნულმა დაპირისპირებამ. უდავოა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული უთანხმოება დღემდე არსებობს და მისი მოუგვარებლობა შესაძლოა მომავალშიც არაერთი კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი გახდეს.
სწორედ ამ მიზეზებსა და შედეგებზე საუბრობს მკვლევარი სილვია სერანო თავის სტატიაში ”საქართველო: იმპერიიდან გათავისუფლება” [6]. მისი მოსაზრებით, სერიოზული და ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ რუსეთის ხელისუფალნი და ქვეყნის მოსახლეობაც ყოველთვის ფიქრობდნენ, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი იყო : “We have been together so long! Why do Georgians want to break away?”
ავტორები:
ანი ალადაშვილი
ირაკლი ასანიშვილი
ბიბლიოგრაფია:
1. ხელაშვილი, გიორგი. 2012. ”Georgia, Russia and the North Caucasus: Is Enmity What States Make of It?”
http://css.ge/files/books/papers/George_Khelashvili, _Georgia, _Russia_and_North_Caucasus, _september_2012.pdf
2. ჯერვალიძე, ლიანა. 2009. ”Georgia: Russian Foreign Policy and Implicayions fot Georgia’s Energy Security”. Page: 3. Ltd Publishing
3. ასმუსი, რონალდ დ.. 2010. ”მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა”. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
4. W. Mullins, Christopher.2011. ”War Crimes in the 2008 Georgia – Russia Conflict”. Oxford University Press.
http://www.jstor.org/stable/23639898
5. N. Petro, Nicolai. ”The Russia-Georgia War: Causes and Consequences in GLOBAL DIALOGUE” vol. 11. 2009
http://www.worlddialogue.org/content.php?id=439
6. Serrano, Silvia. ”Georgie: Sortie d’Empire”. Paris: CNRS EDITIONS, 2007. 344pp