x
უნდა მონაწილეობდეს თუ არა საქართველო საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში
საქართველო, როგორც სუვერენული ქვეყანა, ყოველთვის ცდილობდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში ჩართული ყოფილიყო და პრობლემების მოგვარებაშიც აქტიურად მიეღო მონაწილეობა. ამის მიზეზი კი საკუთარი სამხედრო ძლიერებისა და საერთაშორისო
ასპარეზზე ავტორიტეტის ამაღლების სურვილი იყო. ამას მოწმობს ჯერ კიდევ XI საუკუნეში, ქართველი სამხედროების პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობის ფაქტი. ”ისტორიანი
და აზმანი შარავანდედიანი” მოწმობს, რომ დავით IV-ის მხედრობა
ჯვაროსნებთან ერთად იბრძოდა იერუსალიმში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამგვარ ქმედებას მოჰყვა ევროპელების საპასუხო დახმარება დიდგორის ბრძოლაში.


რაც შეეხება თანამედროვე პერიოდს, საქართველო 1999 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში - ერაყში, ბალკანეთში, სპარსეთის ყურეში, ავღანეთში... პირველი
ქართული სამშვიდობო შენაერთი ყოფილ იუგოსლავიაში 1999 წელს გამოჩნდა. 2003 წელს კი ქართველი ჯარისკაცები სამხედრო მისიის შესასრულებლად ერაყში გაემგზავრნენ. ავღანეთში, ISAF-ის
(საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში ქართველი სამხედროები 2004 წლიდან იგზავნებიან, თუმცა აქტიურ მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის დანაყოფები 2010 წლიდან იღებენ. აღსანიშნავია, რომ სწორედ საქართველო არის ამ ოპერაციაში ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორი.


ჩვენს დღევანდელობაში ერთ-ერთი აქტუალურია ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის საკითხი საერთაშორისო სამხედრო
ოპერაციებში. ამასთან დაკავშირებით მოსაზრებები ორად იყოფა, მკვლევართა, პოლიტიკოსთა და მოსახლეობის ერთი ნაწილი თვლის, რომ ამგვარი ქმედება გამართლებულია, რადგან მას ქვეყნისათვის უამრავი სასიკეთო შედეგის მოტანა შეუძლია. ამ აზრის საპირისპიროდ არისებობს მეორე მოსაზრებაც, რომ ქართველი ჯარისკაცების სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა დაუშვებელია.
აღნიშნული საკითხი დააინტერესებს არა მარტო ქვეყნის პოლიტიკით, არამედ მსოფლიო პოლიტიკითა და საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულ ნებიემიერ ადამიანს.


საქართველოს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა, უპირველეს ყოვლისა, მის ეროვნულ მიზნებს ემზახურება. ქვეყნისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია საკუთარი თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო პოტენციალის ამაღლება. სამხედრო ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ”სამშვიდობო ოპერაციები არის სწორედ ის საშუალება, რომელსაც ვერ შეცვლის ვერანაირი იმიტირებული სამხედრო ოპერაციები თუ წვრთნები”. სწორედ ამიტომაც, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ უნდა მონაწილეობდნენ ქართული შენაერთები საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში, არის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება. ამასთან, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, მისიაში გამგზავრებამდე ქართველი ჯარისკაცები გადიან სპეციალურ წვრთნებს, რომლებიც ერთი მხრივ ზრდიან მათ გამოცდილებას და სამხედრო უნარებს, მეორე მხრივ, შედარებით ამცირებენ ჯარისკაცების სიცოცხლესთან დაკავშირებულ საფრთხეებს.



ქვეყნის სამხედრო ძალების გმოცდილებისა და უნარების გაზრდა მას აახლოებს საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს დასავლური კურსით წინსვლას. სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს მეორე არგუმენტად, რაც გაამართლებს საქართველოს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას. ქვეყნის პრიორიტეტს დღესდღეობით NATO-ში გაწევრიანება წარმოადგენს, ამიტომ შეიძლება ისიც ითქვას, რომ საქართველოს სხვადასხვა
მისიებში მონაწილეობა გარკვეულ ვალდებულებასაც წარმოადგენს. ამ მოსაზრებას იზიარებს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი და პარლამენტარი ნოკოლოზ ლალიაშვილი და აცხადებს, რომ საქართველოს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა ”ხელს შეუწყობს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან, კიდევ უფრო დაახლოებას და ასევე, ნაწილობრივ, იმ ვალდებულებებსაც შეასრულებს, რომელიც ჩვენ ნაკისრი გვაქვს აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული თამანშრომლობის დოკუმენტის თანახმად”. იმავე აზრზეა სტრატეგიის საკითხთა ექსპერტი თენგიზ ფხალაძე. მისი თქმით, ”ჩვენი მონაწილეობა ამ ოპერაციებში არის ერთი პატარა რგოლი იმ დიდ ჯაჭვში, რასაც ჰქვია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. თუმცა, ამის ზედმეტად შეფასება ან გადაფასება და თქმა იმისა, რომ რაკი ჩვენ ვმონაწილეობთ ამ ოპერაციაში, ამიტომ ხვალ ვიქნებით ნატოში, ნაადრევია”. თავად NATO-ს წარმომადგენლებსაც არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობით საქართველო ღიად გამოთქვამს სურვილს, იყოს ჩრდილოატლანტიკური გაერთიანების წევრი და ამტკიცებს, რომ თავადაც შეუძლია პრობლემის მოგვარების თანამონაწილე გახდეს.


თუ აღნიშნულ საკითხს უფრო გლობალურად განვიხილავთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ საერთაშორისო უსაფრთხოების თემასაც. ნებისმიერ სახელმწიფოს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მისი, როგორც თავისუფალი ქვეყნის არსებობა დიდწილად არის დამოკიდებული საერთაშორისო უსაფრთხოებაზე, ამიტომ მასზე ზრუნვა და აგრესიის, ძალადობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ნებისმიერი ქვეყნის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. მეორე მხრივვ, ამგვარ ურთიერთობას საჭიროების შემთხვევაში საპასუხო ქმედებებიც მოჰყვება და ქვეყანას ექნება საერთაშორისო მხარდაჭერა. დღესდღეობით ტერორისტული დაჯგუფებები მსოფლიოსათვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ. ”თალიბანის, ალ-ყაიდასა და მსგავსი დაჯგუფებების განადგურება დღეს თავისუფალი სამყაროსათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავის დროზე ნაციზმისა კომუნიზის წინააღმდეგ ბრძოლა იყო”. მოცემულ სიტუაციაში მთავარი სარგებელი არის არა ის, რომ ჩვენ მხარდაჭერას გამოვხატავთ მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ ის, რომ ამით ჩვენი ქვეყანა იმაღლებს პოზიციებს საერთაშორისო არენაზე და ამასთან, იზრდება ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები, რომელიც ისევ და ისევ ჩვენს თავდაცვას წაადგება სასიკეთოდ.


არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც, რომლის თანახადაც ქართველი ჯარისკაცების საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა გაუმართლებელია. ამ მოსაზრებას, ისევე როგორც ზემოთ აღნიშნულს, არც თუ ისე ცოტა ადამიანი უჭერს მხარს. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი შეიძლება დავასახელოთ მსხვერპლის დიდი რაოდენობა, რომელიც გაიღო საქართველომ ამ ოპერაციებში
მოანწილეობით და რომელიც ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც ჩვენ ვართ, უდიდეს დანაკარგს წარმოადგენს. ამ აზრს იზიარებენ არა მარტო უბრალო მოქალაქეები და დაღუპულთა ოჯახის წევრები, არამედ სხვადასხვა ექსპერტები და პოლიტიკოსები.
”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ”საქართველს სამხედრო ინტერესებიდან გამომდინარე, მიუღებელია, რომ საქართველოს სამხედრო კონტიგენტი ლამის ყველაზე დიდია ნატოს წევს სახელმწიფოთა შორისაც კი. პროცენტული რაოდენობით საქართველოს სამხედრო კონტიგენტი ჩამოუვარდება მხოლოდ აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო
კონტიგენტს და შესაბამისად, მსხვერპლიც პროცენტულად არის ყველაზე დიდი აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შემდეგ”. ამასთან, აღსანანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქართველი ჯარისკაცების დიდი ნაწილი იბრძვის ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში - ჰელმანდის პროვინციაში, რაც კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი სამხედროების სიცოცხლეს. დღევანდელი მონაცემებით, ავღანეთში 1700-მდე ქართველი ჯარისკაცი იბრძვის, ხოლო 29 მათგანი დაიღუპა, რაც უდაოდ დიდი დანაკლისია ქართული რეალობისათვის.


უდიდეს დანაკარგთან ერთად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოსახლეობისა და ექსპერტთა გარკვეული ნაწილი არაადეკვატურად
მიიჩნევს საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში საქართველოს ამხელა დოზით მონაწილეობას მაშინ, როდესაც ქვეყნის საშინაო და საგარეო ვითარებაში უამრავი პრობლემაა, ქვეყნის 20% ოკუპირებულია და კონკრეტულ რეგიონებში უცხო სახელმწიფოს ჯარი დგას. ანალიტიკურ ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის თქმით, ”2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთმა საქართველოს ომი გამოუცხადა და ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა, 2000-მდე ქართველი სამხედრო, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების, თითქმის 10% იყო, საქართველოდან 1000 კილომეტრის დაშორებით, ერაყში იმყოფებოდა. მართალია მათი ჩამოყვანა სამ დღეში მოხერხდა, მაგრამ მათ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღიათ და რეალურად, ეს ხალხი მაშინ საქართველოს თავდაცვას დააკლდა”. ეს ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა საგრძნობლად კლებულობს, როდესაც უამრავი ჯარისკაცი
ქვეყნის ფარგლებს გარეთ იბრძვის.


კიდევ ერთი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა მიიღოს საქართველომ საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა, არის ჩვენი ქვეყნის მიმართ აგრესიის გაზრდა და შესაძლო ტერორისტული საფრთხე იმ დაჯგუფებებისაგან, რომელთა
წინააღმდეგაც ქართველები იბრძვიან. რაც უფრო იზრდება ქართული ჯარების კონტიგენტი მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში, მით უფრო იზრდება იმის ალბათობა, რომ საქართველო გახდება
ტერორისტების სამიზნე. მსოფლიოში ამის არაერთი მაგალითი არსებობს. 2001 წელს აშშ-ში მომხდარი 11 სექტემბრის ტერაქტი ცალსახად ამ მიზეზით იყო გამოწვეული, ასევე 2005 წელს ლონდონში განხორციელებული ტერორისტული აქტი, რომლის
დროსაც 52 ადამიანი დაიღუპა. ეს მართლაც დიდ პრობლემას წარმოადგენს საქართველოსათვის, რადგან თითოეული დაღუპული ჯარისკაცი უდიდესი დანაკლისია ქვეყნისათვის და მათი ამხელა
თავგანწირვა არ არის იმის მყარი გარანტი, რომ საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მსოფლიოსგან ექნება მხარდაჭერა. საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გაღებულმა ამ წვლილმა
საქართველო ვერ იხსნა 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის სამხედრო აგრესიისა და ტერიტორიების ოკუპაციისაგან. ტერორისტული თავდასხმის საშიშიროებისა და კიდევ უამრავი მიზეზის გათვალისწინებით, საზოგადოების ნაწილი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ შემცირდეს ქართული ჯარების კონტიგენტი სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში, რადგან დიდი რაოდენობის შენაერთების ყოლის შემთხვევაში უფრო დიდია ქვეყანაზე თავდასხმის შესაძლებლობა, რაც საქართველოსთვის უეჭველად დიდი ზიანის მომტანი იქნება.


საქართელოს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა მუდამ განსხვავებულ აზრთა დაპირისპირებას იწვევდა. დღემდე
გრძელდება დავა, სასიკეთოა თუ არა ეს ჩვენი ქვეყნისათვის და სავარაუდოდ კიდევ დიდხანს გაგრძელდება, თუმცა, მივა თუ არა ჩვენი საზოგადოება ერთ გადაწყვეტილებამდე, ჯერ კიდევ სათუოა. ფაქტი ისაა, რომ ამ ოპერაციებში მონაწილეობას საქართველოსათვის მსხვერპლის გარესე არ ჩაუვლია, თუმცა, ფაქტია ასევე ისიც, რომ ამგვარი ქმედება ჩვენი მხრიდან უფრო და უფრო გვაახლოებს იმ მიზანთან, რომელიც საქართველოს უკვე დიდი ხანია დასახული აქვს
და რომელსაც ევროინტეგრაცია ჰქვია.





0
2195
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ალადაშვილი
ანი ალადაშვილი
2195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0