2014 წელს მომხდარი ათი მისტიკური, საიდუმლოებით მოცული მოვლენა, რომელთა ამოხსნა დღემდე ვერ მოხერხდა
2014 წელმა მსოფლიოს უამრავი მისტიკური და საიდუმლოებით მოცული ისტორია და
მოვლენა დაუტოვა. ზოგიერთ შემთხვევაში ექსპერტები უკვე ახლოს არიან მათ
ამოხსნასთან, ზოგი მათგანის ამოხსნას კი რაც უფრო უახლოვდებიან, მით უფრო და უფრო ბურუსით და იდუმალებით მოცულ ლაბირინთში ხვდებიან.
ამ პოსტში მინდა გიამბოთ ათ ყველაზე გახმაურებულ საიდუმლოებით მოცულ მოვლენაზე, რომელიც გასულ წელს მოხდა მსოფლიოში.
1. რეისი 370 Malaysia Airlines
კომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ჩინეთის
დედაქალაქ პეკინსა და მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურს შორის 2014 წლის 8
მარტს. ამინდი წყნარი იყო და არც პილოტებისაგან შემოსულა განგაშის
სიგნალი, სანამ თვითმფრინავი უკვალოდ გაქრებოდა. ჩატარებული იქნა უამრავი
სამძებრო სამუშაო, მაგრამ Boeing 777-200ER ვერა და ვერ იპოვეს. ბორტზე
მყოფი ეკიპაჟის 12 წევრი და 227 მგზავრი დაღუპულად ითვლებიან.
2. ვულკანის ამოფრქვევა ისლანდიაში
ვულკან ბარდარბუნგის ამოფრქვევა ისლანდიაში გასული წლის აგვისტოში
დაიწყო და დღემდე გრძელდება. ერთი შეხედვით უჩვეულო და მისტიკური არაფერია ვულკანის ამოფრქვევაში - ყოველწლიურად ხომ დედამიწაზე ათობით მიძინებული ვულკანი იღვიძებს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ისლანდიის ვულკანი უნიკალურია ლავის ამოფრქვევის მასშტაბით და მომწამლავი გაზის - გოგირდის დიოქსიდის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გამოყოფით. ლავის ამოფრქვევის ფართობი, რომელსაც ვულკანი ქმნის, 51 კილომეტრს შეადგენს. ასე რომ ბარდარბუნგი მეორე ადგილზეა მსოფლიოში ამ მაჩვენებლის მიხედვით და მხოლოდ 1783 წელს ამოფრქვეულ ვულკან ლაკის ჩამორჩება. რაც შეეხება გოგირდოვანი გაზის რაოდენობას, ამ მხრივ ის პირველ ადგილზეა კაცობრიობისათვის ცნობილი ამოფრქვევების რეიტინგში. ასე რომ, ისლანდიის ვულკანმა დიდი თავსატეხი გაუჩინა მეცნიერებს, რადგან არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება მისი მოქმედება. თუ ბარდარბუნგის ამოფრქვევა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, ისლანდია ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგება.
3. ედნან საიედის ისტორია
მთელი მსოფლიო ინტერესით ადევნებდა თვალს ამ გახმაურებულ სასამართლო პროცესს: ედნანი 1999 წელს გაასამართლეს ყოფილი შეყვარებულის - ჰაე მინ ლის
მკვლელობისათვის და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. გასულ წელს დაიწყო ამ
საქმის ჟურნალისტური გამოძიება სარა კიონიგის ხელმძღვანელობით, რომელიც
ცდილობდა გარკვევას, მართლა საიედმა მოკლა თუ არა გოგონა. საქმე იმაშია,
რომ მკვლელობის ბევრი გარემოება ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ
მსჯავრდებულს, სამწუხაროდ, არ აქვს ალიბი: არავინაა იმის მოწმე, რომ ის
მკვლელობის დროს სრულიად სხვა ადგილზე იმყოფებოდა. ახალგაზრდა მამაკაცის
ბედს გადაწყვეტს მერილენდის სააპელაციო სასამართლო. ეს მისი უკანასკნელი
შანსია დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა.
4. გიგანტური ორმოები ციმბირში
გასული წლის თებერვალში ციმბირში, ნახევარკუნძულ იამალზე აღმოჩენილი
იქნა 35 მეტრი სიღრმის ორმო. სულ მალე კიდევ რამოდენიმე ასეთი ხვრელი
გაჩნდა რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ეს მოვლენა
დაკავშირებულია მიწისქვეშ არსებული გაზების აფეთქებასთან, თუმცა ზუსტი
პასუხი, თუ საიდან გაჩნდა ეს ორმოები, - არავინ იცის.
5. აშშ-ის ხაზინიდან მოპარული ოქრო
კალიფორნიაში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა სახლის უკანა ეზოში უცნაური განძი
აღმოაჩინა. მათ იქ 1400 უნიკალური ოქროს მონეტა იპოვეს, რომელთა საერთო
ღირებულება 10 მილიონ დოლარს შეადგენდა. მაინც საიდან გაჩნდა ეს ოქრო
სახლის ეზოში?
ისტორია კიდევ უფრო საინტერესო გახდა მას შემდეგ, რაც გამოირკვა, რომ
ეს მონეტები, რომელთგან თითოეულის ღირებულება 30 000 დოლარს შეადგენს,
მოპარული იქნა სან - ფრანცისკოში მდებარე აშშ-ის ხაზინიდან. მიუხედავად
იმისა, რომ ძარცვაში ეჭვმიტანილი რამოდენიმე თანამშრომელი გათავისუფლებული
იქნა სამუშაოდან, მათ ვერაფერი დაუმტკიცეს და დღემდე გამოცანად რჩება,
როგორ მოიპარეს მონეტები, ან როგორ აღმოჩნდა ისინი სახლის ეზოში.
6. ვარსკვლავების პირადი საიტების გატეხვა
გასული წლის აგვისტოდან მოყოლებული უცნობმა ჰაკერმა დაიწყო
ვარსკვლავების ასეულობით პირადი ფოტოსურათის გამოქვეყნება, რომლებიც
მოპარული იქნა iCloud-ის საცავის გატეხილი ეკაუნთებიდან. მსხვერპლთა შორის
იყვნენ ცნობილი ქალბატონები: ჯენიფერ ლოურენსი, სკარლეტ იოჰანსონი, კიმ
კარდაშიანი, კეიტ ეპტონი და მრავალი სხვა.
დღემდე არაა ცნობილი, თუ ვინ იყო ეს იდუმალი ჰაკერი. საქმეს გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს.
7. ეგზომთვარე
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ აღმოაჩინეს ეგზომთვარე - პლანეტის
თანამგზავრი, რომელიც მზის სისტემის გარეთ მდებარეობს. მკვლევარებმა ამ
უცნაური თანამგზავრის დანახვა შეძლეს გრავიტაციული მიკროლინზირების
საშუალებით - ესაა მეთოდი, რომელიც იძლევა დედამიწიდან დიდი მანძილით
დაშორებული ობიექტების დანახვის საშუალებას იმისდა მიუხედავად, თუ რა
რაოდენობის სინათლეს გამოასხივებენ ეს ობიექტები.
როდესაც წინა პლანზე მდებარე ვარსკვლავი იმყოფება დედამიწასა და უფრო
შორს მდებარე ვარსკვლავს შორის, ახლოს მდებარე ციური სხეული შეიძლება
აღმოჩნდეს გამადიდებელი ლინზის როლში და დავინახოთ შორს მდებარე ობიექტი.
თუ ამ ვარსკვლავს გააჩნია პლანეტა, რომელიც ბრუნავს მის გარშემო, მაშინ
ეს პლანეტა უფრო ნათელი გახდება და დააბნელებს გაცილებით შორს მდებარე ციურ
სხეულს. ეს კი მეცნიერებს საშუალებას აძლევს გაზომონ პლანეტის მასა მის
"კომპანიონთან'' შეფარდებით.
ამ შემთხვევაში მკვლევარებმა იპოვეს პატარა ვარსკვლავი, რომლის
გარშემოც ბრუნავს პლანეტა, რომლის მასა დედამიწის მასაზე გაცილებით
ნაკლებია ან პირიქით, შესაძლებელია ეს იყოს იუპიტერზე გაცილებით დიდი
პლანეტა და მისი თანამგზავრი იყოს მასით ოდნავ ნაკლები დედამიწაზე.
მაგრამ ყველაფერი ეს - ჯერ მხოლოდ ვარაუდია. მეცნიერებს ჯერ კიდევ უამრავი თავსატეხის ამოხსნა მოუწევთ ამ სფეროში.
8. სტოუნჰენჯის გამოკვლევები
გასულ წელს ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სტოუნჰენჯი
თავდაპირველად სულაც არ მდგარა იმ დაბლობზე, სადაც ახლა დგას. როგორც
ჩანს, უძველესი ქვების ქვეშ კიდევ მრავალი საიდუმლოება იმალება: ანტიკური
ქვის ყორღანები, სამარხები, ღრმა ორმოები, რომლებიც ათასნაირ სიურპრიზს
უმზადებს არქეოლოგებს. წინათ სტოუნჰენჯი იზოლირებულ ქვის სტრუქტურად
ითვლებოდა, ახალმა აღმოჩენებმა კი მეცნიერებს თავსატეხი გაუჩინა...მაინც
რა იმალება ამ ლამაზი ქვის სვეტების ქვეშ? - ამას მომავალი გათხრები
გვიჩვენებს.
9. «Sony Pictures»-ის გატეხვა
«Sony Pictures» ჯერ კიდევ ვერ მოსულა გონს მას შემდეგ, რაც ჰაკერებმა
გატეხეს კომპანიის მთავარი საიტი და სააშკარაოზე გამოიტანეს მისი
საიდუმლოებები. გამოძიების ფედერალური ბიურო დანაშაულში ჩრდილოეთ კორეას
სდებს ბრალს, ვარაუდობენ რა, რომ ეს ქმედება იყო შურისძიების აქტი ფილმ
"ინტერვიუს" ეკრანებზე გამოსვლის გამო. ფილმი წარმოადგენს კომედიას, გადაღებულს ჩრდილოეთ კორეის მმართველის კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შესახებ. ეჭვის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ «Sony Pictures»-ის კომპიუტერებზე
შემოვიდა მუქარა, რომ თუ კომპანია არ შეწყვეტდა ფილმის გადაღებას, ამ
შემთხვევაში "მსოფლიოს შიშის ზარი" დაემუქრებოდა.
10. მექსიკელი მოსწავლეების გაუჩინარება
მთელი მსოფლიო შეძრა ორმოცი მექსიკელი მოსწავლის გაქრობამ მას შემდეგ,
რაც პოლიციამ დააკავა ისინი საპროტესტო მიტინგზე მსვლელობის დროს. თვლიან,
რომ პოლიციელებმა ბავშვები გადასცეს ნარკომოვაჭრეებს, რომელთაც ისინი
დახოცეს, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია, რადგან ბავშვების სხეულები ვერა და
ვერ იპოვეს.
ამ საქმესთან დაკავშირებით 80-მდე ადამიანი იქნა დაპატიმრებული ბავშვების მოტაცების და მკვლელობის ბრალდებით, მათ შორის ქალაქის მერი მეუღლესთან ერთად, ადგილობრივი პოლიციის შერიფი და სხვა
ჩინოსნები, მაგრამ სანამ დანაშაულის დამამტკიცებელ საბუთებს ან ბავშვების
ცხედრებს ვერ იპოვნიან, საქმე ღიად რჩება.
P.S. რა თქმა უნდა, ექსპერტები, რომლებიც დაკავებული არიან ზოგიერთი
ამ მოვლენის საიდუმლოების ამოხსნით, კიდევ ბევრ საინტერესოს აუწყებენ
მსოფლიოს - თუნდაც სტოუნჰენჯისა და ეგზომთვარის შესახებ ცნობები რად ღირს.
ამასთანავე იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უდანაშაულოდ დასჯილიც იპოვის
სამართალს და არც მექსიკელი ბავშვების უგზო-უკვლოდ გაქრობა შერჩება ამის
ჩამდენს. ასე რომ, მომავალი წელი კიდევ უფრო მეტი მისტიკური საიდუმლოს
ამოხნას გვპირდება.