პირველი სხივი ჯერ არ გადმოვარდნილიყო ციდან გათენების მაცნედ, რომ გიორგი უკვე ამდგარიყო, დღეს მისი სტუმარი მიდიოდა და რაც შეილება სისხამ უნდა გასულიყო სოფლიდან, შიშობდა ვინმეს არ დაენახა. კარგად ესმოდა ეს იგორსაც და არც უძინია, ყოველ შემთხვევაში გიორგის ასე მოეჩვენა როცა მის ჩაწითლებულ თვალებს შეხედა. პირი იქვე ოთახში დაბანინა შემდეგ სათავსოში შეიყვანა.
-აქ არის ყველაფერი რაც გქონდა. უთხრა რუსულად და ხის კარი ჭრიალით გამოაღო თავისკენ. იგორი ცოტა ხანს უყურებდა უკუღმა დაკიდებულ ავტომატს, შემდეგ ახლოს მივიდა.
-არ მინდა, დაიტოვე. -უპასუხა იგორმა და კარი მიხურა - ან სხვას მიეცი, აქ ათასი ყაჩაღი და მარადიორი დაეხეტება, შენ უფრო გამოგადგება.
-მე იარაღს აღარ ავიღებ ხელში. მოუჭრა გიორგიმ და თვალებში შეაცქერდა.
-არც მე ავიღებ. -თქვა დინჯად იგორმა და შეტრიალდა. გიორგი ისე გაყვა მას როგორც პანაშვიდზე მიყვებიან ხოლმე ერთი მეორეს თავჩაღუნულნი და გაოგნებულნი ადამიანის დაკარგვით, ოღონდ მისი გაოგნება ახალი ადამიანის მის თვალწინ დაბადებით იყო გამოწვეული. სოფლის ბოლომდე მიაცილა და გზა უჩვენა, იგორი ერთ ხანს ტყეს გაყურებდა შემდეგ უცნაური ჟესტით შემობრუნდა, გადაეხვია, შეტრიალდა და ხეებში გაუჩინარდა.
გიორგი ნელი ნაბიჯით ბრუნდებოდა უკან, უხაროდა ასე იოლად, და მშვიდობიანად რომ გაისტუმრა ყველასთვის მტრად აღქმული სტურარი. მტერიი!! გაეღიმა ოდნავ.. ადამიანის მირ შექმნილი უხილავი მანკი და ავადმყოფობა. ჩაილაპარაკა თავისთვის ა თავი გააქნია. ძველებური სიმღერა გაახსენდა და მელოდია გაიმეორა ხმამაღლა ის იყო პირველ მოსახლეს მიუახლოვდა რომ გასროლის ხმა გაისმა. გიორგი ადგილზე გაქვავდა, მართალია იმ დროს სროლა უცხო არ იყო და ხალხიც მიჩვეოდა ამ საშინელ ხმას, მაგრამ სულს სხვანაირად მოეჩვენა მას, უფრო საშინლად, შემზარავად და სწორედ იქიდან სადაც ეს წუთია იგორს დაშორდა. ისევ გამეორდა სროლა, ოღონდ სხვა იარაღის უნდა ყოფილიყო. გიორგი ადგილიდან ისარივით მოწყდა და სროლის ხმისკენ გაიქცა. ოღონდ ეს არა, ოღონდ ეს არა, ტრიალებდა მის თავში ამაზრზენი ფიქრი და როგორც იტყვიან, ინტუიცია ზეგრძნობაა, რომლითაც იკვლევს ადამიანი უხალავ სამყაროში გზას, ახლაც ასე აღმოჩნდა ზუსტად. მისი საშინელი ფიქრი გამართლდა და თან ასი პროცენტით.
იგორი მიწაზე ეგდო, ოღონდ ახლა პირაღმა. თვალები ღია ქონდა და ცას მიშტერებოდა, გიორგის მოელანდა რომ სიწითლე გასვლოდა. თავის ქვევით სისხლის გუბე იდგა, მუცელშიც ნატყვიარი ეტყობოდა, როგორც მიხვდა ჯერ დაბლა გაარტყეს და რომც არაფერი უკითხიათ თავში განახორციელეს საკონტროლო გასროლა. თავზე ორი სამხედრო ფორმიანი ახალგაზა კაცი ადგა, ერთს მუცელზე დაედგა ფეხი და პასპორტს აკვირდებოდა, მეორე კი ჯიბებს უჩხრიკავდა.
-ეს რა ქენით!! -იყვირა ერთ ადგილზე ძეგლივით გაშეშებულმა გიორგიმ და სახეზე ალი წაეკიდა.
- რა გაყვირებს!! - შემოეპასუხა ფეხზე მდგარი და მისკენ მომარჯვებული ავტომატს დაბლა დაუწია ლულა, -აგენტი მოვკალით, ალბათ აქვე მისი ბატალიონია.
- დაზვერვაზე გამოუშვეს ეს ძაღლი.- ამოსძახა მეორემ და გადატრიალება დაუპირა ცხედარს. იარაღიც არ აქვს, იცნობს აქაურობას როგორც ჩანს.
-ხოდა ჩაძაღლდა კიდეც! -გამოსცრა კბილებიდან ფეხზე მდგარმა, შემდეგ გიორგისკენ მოტრიალდა-მტერი მოვკალით ძია, მტერი და წადი გაიარე ეს სამხედრო საქმეა.
-აააააააააააა, -არადამიანური ხმით დაიღრიალა გიორგიმ და იქვე მიწაში წვერით დასობილ დანას ხელი წამოავლო, პირველს შიგ ყელში გაუყარა, რომელიც მუხლებზე დაეცა და ახრიალდა, მერე მეორეს, ცხედრის ახლოს, რომ ჩამომჯდარიყო ზემოდან დაახტა და ანგარიშმიუცემლად დასცხო დანა მკერდში, გადარეული ვეღარ ამჩნევდა როგორ ჩამოყარა საბრალოდ ხელები, ისევ ურტყავდა. ისევ და ისე. -აააააააააააააა- იღრიალა როცა ჩეხვით გული იჯერა და ახლა სოფლისკენ გაიქცა. მოდიოდა სოფლის ფართე შარაზე ყველას დასანახად, სულ მთლად სისხლიანი, თვალების ბრიალით, მხნე ნაბიჯით, პირიდან დორბლი სცვიოდა როცა მთელი ხმით დაიყვირებდა- მტერი არ არსებობსსსსს, -თავს გადაატრიალებდა, თვალებს დააბრიალებდა და ისვე დაიყირებდა -მტერი არ არსებობსსსს... ხალხი გზას უთმობდა მას ან ვინ მიეკარებოდა ხელში დანა ჩაბღუჯულს და ჭკუიდან გადასაულ, გაცოფებულს. შუაღამემდე დაძრწოდა ქუჩაში და ყვიროდა, ბოლოს დაეცა ქანცგაწყვეტილი განცალკევებით მდგარ დიდი მუხის ძირში.
მას შემდეგ ოცზე ცოტა მეტი წელია გასული, აქედან 10 წელი საგიჟეში გატარა და ახლა ისევ სოფლად ცხოვრობს ძველ მამაპაპისეულ სახლში. როცა მათ ოჯახში ვინმე მივა, ვინც არ უნდა იყოს, გინდ ქალი, გინდ კაცი, გვერდით მიუჯდება და ხანიდან ხანზე ყურში ჩასჩურჩულებს რამოდენიმე სიტყვას. „მტერი არ არსებობს" „ მტერი არ არსებობს" და ისე იღრიჭება თითქოს ქვეყნიერების შექმინის საიდუმლო ამოეცნოს. შილები კი მოკრძალებით უხსნიან სტუმარს – კითხვამ გააგიჟაო.
ა.ვ. 2014 წ.