x
რიმ და რი რო


ვიცი, სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრები და ცხოვრების ბოლომდე ვინატრებ ისევ გავიგონო შენი თბლი ხმა... ამიხდება-კიდეც ხანდახან ეს ნატვრა და სიზმარში მესტუმრები ისევ ისეთი ტკბილი, მოსიყვარულე, სიცოცხლით სავსე და საოცრად თბილი...
ვერაფერი შემიცვლის შენს თავს, შენ სულ სხვა იყავი და შენთვის განკუთვნილი ადგილი გულში იმხელა დარდით და მონატრებითაა ავსებული, ისეთი ტკივილით და სევდითაა გამოტენილი, რომ ვეღარ ვუმკლავდები.
ყოველი დღე შენი სახელით მეწყება, მეფიქრება იქნებ დამესიზმრა უშენობა, ან იქნებ... მაგრამ ყოველი დღე ხელახლა მტკენს გულს იმის მტკიცებით, რომ შენ მხოლოდ მოგონებად დამრჩი, გაჩერებულ ბედნიერ წამებად სურათებში და დანატოვარ ვიდეო ანდერძებად ან ანეგდოტებად...
ვუსმენ შენს საყვარელ სიმღერას და შენი კმაყოფილი სახე მიდგას თვალწინ, თითქოს ერთად ვღიღინებთ კიდეც მერე: ''რიმ და რი რო, რამ და რი რო..." ვერ ვეგუები შენს წასვლას და ალბათ ვერც ვერასდროს გავითავისებ ამ დანაკარგს. მენანები ასე ადრე იმ ქვეყნისთვის. კიდევ ცოტა ხანი, სულ ცოტა ხანი გვყოლოდი გვერდით შვილებს. 60 წელი, ეს ხომ არც ისე ბევრია... დაბერებაც ვერ მოასწარი ჩემო ტკბილო...
ალბათ, მიყურებ ზეციდან და გიკვირს ასე როგორ მოგტირი მონატრებისაგან ყოველდღე ოდესღაც ცივი და უკარება, გაუგონარი და ურჩი, მაგრამ მაინც საამაყო შენი შვილი... როგორ მინდა წამით ისევ ბავშვობაში დავბრუნდე და შენთან ერთად ვითამაშო, ვიმღერო, ვიცელქო, გამიჯავრდე თუნდაც...

* * *
და აი ახლაც, ვუსმენ შენს საყვარელ სიმღერას და მესმის შენი თბილი ხმაც... თითქოს ცოცხლდება ბავშვობის ლამაზი ეპიზოდები როცა ყველა ერთად ვღიღინებდით-ხოლმე:
- რიმ და რი რო...
- რამ და რი რო...
- და რი რაი რა რი რაი რა რი რო...
- და რა რი რა რა რა რაი რა რი რო...
და რა რაი რა რი რო.............



0
5
შეფასება არ არის
ავტორი:merion black
merion black
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0