x
image
beko777
Mediator image
ნუგზარ ჭიაბერაშვილი: - გვირგვინზე მეტია ის შარავანდედი, რომელიც უფალმა არგუნა ილიას!
imageსაქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და საგამომცემლო სახლი “ქართული ელიტის” ორგანიზებით 2013 წლის 28 ნოემბრიდან ხორცილედება პროექტი “ილია მართლის (ჭავჭვაძე) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა-პოეზიის პრემია - “ივერია” ღონისძიება თვეში ერთხელ თვის ბოლოს იმართება, მოიცავს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს. პროექტში ყოველთვე სხვადასხვა შვიდი პოეტი იღებს მონაწილეობას, აგრეთვე ერთი მხატვარი, ერთი ხატმწერი, ერთი ფოტოხელოვანი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, და ერთიც სასულიერო პირი.


მხატვრის, ფოტოხელოვანის და ხატმწერის შვიდ-შვიდი ნამუშევრით ფორმდება ყოველი საღამო.


ასევე ღონისძიებებზე იკითხება მსჯავდებულების ლექსები.
მთელი წლის განმავლობაში ღონისძიებაში მონაწილეობს 84 პოეტი, 12 მხატვარი, 12 ხატმწერი, 12 ფოტოხელოვანი.

imageპროექტის იდეის ავტორი და პრემიის დამფუძნებელი, საგამომცემლო სახლი “ქართული ელიტის” დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი ნუგზარ ჭიაბერაშვილი გახლავთ.
აღნიშნული პროექტის, რიგით მეთორმეტე ღონისძიება, ყვარელში ჩატარდა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. ღონისძიების დაწყებამდე პროექტის ორგანიზატორები მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდნენ საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ასევე კაჭრეთში, საზოგადოებრივ კოლეჯ “აისში” სადაც ილია ჭავჭავაძის სახელობის ხელოვნების სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს.



მისი უწმინდესობის კურთხევით დავიწყე ილია ჭავჭავაძის გაზეთ “ივერიას” ხელმეორედ გამოცემა, ამ პროექტში დასაქმდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ეტლით სარგებლობენ, ე.წ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, რომლებსაც ჩვენ განსაკუთღებული შესაძლებლობის ადამიანებს ვუწოდებთ. მათ აკრიფეს და დააკორექტირეს ილია ჭავჭავაძის ტექსტები, ჭავჭავაძის ენის განმეორებას, მისი ტექსტის, ნააზრევის აკრეფასა და შემდეგ კორექტურას სჭირდება უზარმაზარი ნიჭი და განსაკუთრებული შესაძლებლობა. ილია ჭავჭავაძის, სპეციფიკური, ძველი, ღრმა ენით დაწერილი და გააზრებული ნაშრომები, დარწმუნებული ვარ, რომ ყველას არ შეუძლია უშეცდომოდ წაიკითხოს, ე.წ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები კი, ხელახლა ქმნიან ამ გაზეთს.

imageბავშვობიდან ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ ილია ჭავჭავაძეს საზოგადოების დიდი ნაწილი სათანადოდ არ აფასებდა, მისი წმინდანად შერაცხვის შემდეგაც კი ადამიანებმა ვერა და ვერ გაითავისეს ილია ჭავჭავაძე, როგორც ილია მართალი, როგორც შარავანდედიანი წმინანი, რომელმაც, ფაქტობრივად ხელახლა შექმნა საქართველო. ილია ჭავჭავაძე გაზეთ "ივერიისა" და "საქართველოს მომამბეს" საშუალებით მუდმივად ამტკიცებდა, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა არსებობს და ის არ არის გუბერნია ან კუთხე, სადაც გაურკვეველი წარმომავლობის ხალხი ცხოვრობს. თავისი შრომით, ღვაწლით, ნაშრომებით, უზარმაზარი პუბლიცისტური წერილებითა და ნარკვევებით, სახელმწიფო ხელახლა დაანახა მსოფლიოს. მე, ილია ჭავჭავაძეს აღვიქვამ, როგორც საქართველოს ფანჯარას მსოფლიოში. აქედან გამომდინარე ყოველთვის მქონდა სურვილი და მოთხოვნილება იმისა, რომ გამეკეთებინა რაიმე მსგავსი პროექტი, ეს პროექტი გაზეთ “ივერიას” ხელახალმა გამოცემამ დაბადა, შემდეგ ამის შესახებ მოვუყევი უწმინდესსა და უნეტარესს, რომელმაც ეს ამბავი დადებითად მიიღო, გაუხარდა და კურთხევაც მომცა. პროექტს კი ეწოდა - ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა-პოეზიის პრემია "ივერია". ამ სათაურში თავმოყრილია რამდენიმე სახელი, რომლებიც ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და აღვიქვამ ისე, როგორც ერთ სიტყვას. აი ამ ყველაფერმა ერთად გამოიწვია პროექტის წამოწყება, სადაც ყოველ ღონისზიებაზე ჩართულია ყოვეთვის 7 მონაწილე, მათ შორის ერთი არის ე.წ შეზღუდული შესაძლებლობის, მაგრამ სინამდვილეში განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე ადამიანი, ასევე წარმოდგენილია მსჯავრდებულების პროზა-პოეზია, რადგანაც ისინი არიან მოწყვეტილი სოციუმს, მათ აქვთ საზოგადოებაში ხელახლა ინტეგრაციის პრობლემა, ჩვენ ამ პროექტით მათ ვუწვდით დახმარების ხელს, ვეხმარებით ბნელი კუთხიდან სინათლეში გამოსვლაში და ვადგამთ ერთგვარ ნამუსის უღელს. ერთგვარი ფსიქოლოგიური ფაქტორიცაა, როდესაც მსჯავრდებული პოეტისა თუ პროზაიკოსის ნამუშევარი იბეჭდება 84 მწერალთან ერთად. ჩვენ ამ პროექტით, მსჯავრდებულებს ვაძლევთ შანსს წარმოაჩინოს საკუთარი ნიჭი, თუნდაც ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენს პროექტში წარმოდგენილი 12 მსჯავრდებულიდან ერთი მაინც დადგება სწორ გზაზე, მე ამას ჩემი ცხოვრების ძალიან დიდ გამარჯვებად ჩავთვლი და ვიტყვი, რომ თუ მიცხოვრია, მიცხოვრია ამ ერთი ადამიანის გამო. ყველა ღონისძიებაში ჩართულია ასევე ერთი მოძღვარიც. თქვენ აკვირდებოდით მსვლელობას და ალბათ შეამჩნევდით, რომ ყველაფერი ჩატარდა ყოველგვარი გადაცდომისა და უპატივცემულობის გარეშე და ეს ყოველივე გამორიცხულია, როდესაც ღონისძიებაში მოძღვარია ჩართული. ზუსტად ასე ყალიბდება მსმენელთა კულტურა, მათი დამოკიდებულება პოეტისა და ლექსისადმი. ზოგჯერ მგონია, რომ ქართველებს პროზასთან და პოეზიასთან მწყრალი დამოკიდებულება აქვს, თითქოს მოსმენა აღარ უყვართ, რა თქმა უნდა, უნდა გვიყვარდეს გალაქტიონიც და ვაჟაც, მაგრამ უნდა დავაფასოთ ახალგაზრდა პოეტებიც. ამ პროექტის საშუალებით ახალგაზრდა პოეტების ურთიერთობას ვუწყობთ ხელს, ისინი ერთმანეთს უსმენენ, ერთმანეთის საღამოებზე დადიან, მეგობრობას სთავაზობენ და საერთო კრებულებსაც კი გამოსცემენ. ამ პროექტის საშუალებით, პოეტებმა ხობიდან კახეთში გაიცნეს და დაუმეგობრდნენ ერთმანეთს. ეს ყოველივე არის ალბათ ამ პროექტის მთავარი მიზანი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ილია ჭავჭავაძის სახელთან, რომელზეც ხშირად ამბობენ, რომ უგვირგვინო მეფეაო, მაგრამ გვირგვინი ვის რად უნდა?! გვირგვინზე მეტია ის შარავანდედი, რომელიც უფალმა არგუნა ილიას.

imageპროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება 25 დეკემბერს თბილისის ერთ-ერთ დიდ თეატრში, დარწმუნებული ვარ დასკვნით ღონისძიებას დაესწრება პროექტის ყველა მონაწილე, ამ ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაზე გამოვლინდება 12 ნომინანტი, იქნება ძალიან განსხვავებული პრიზები, არამგონია, რომ მსგავსი პრიზები სხვა რომელიმე პროექტში ყოფილიყო. პრიზებს ბოლომდე საიდუმლოდ ვტოვებთ, ვიცით მხოლოდ სამმა ადამიანმა, ვთვლი, რომ ამ პრიზებს ფასი არ ექნება, ეს იქნება ყველაზე დიდი და ძვირფასი პრიზი ქართულ სამწერლობო ასპარეზზე”


დეკანოზი ბენიამინ ჩიხორლიშვილი - პოეტი და პროექტის მონაწილეა, მან ღონისძიებაზე, მისი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი წაუკითხა პუბლიკას. დეკანოზი `თბილისი თაიმსთან~ ახალგზარდა პოეტების პოპულარიზაციის გზებზე საუბრობს:
დეკანოზი ბენიამინ ჩიხორლიშვილი: ნამდვილად ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია, განსაკუთრებით კი აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ღონისძიება გაიმართა ყვარელში, წმინდა ილია მართლის სახლ-მუზეუმში. პოეტობა მძიმე და საპასუხისმგებლო ტვირთია, ღმერთმა ქნას, რომ ყველა პოეტს ახალგაზრდასა თუ კლასიკოსს, ღირსეულად ეტარებინოს ეს ტვირთი, მეც გარკვეულწილად ამ ტვირთის მატარებელი ვარ. ვფიქრობ, ეს პროექტი განსაკუთრებით ხელს შეუწყობს ახალგაზრდა პოეტების განვითარებასა და ერთმანთთან დამეგობრებას, ასევე ეს კარგი გზაა ახალგზარდა პოეტების პოპულარიზაციია, ამ პროექტის საშუალებით ხალხი გაიცნობს და დააფასებს მათ.

imageაღნიშნულ საინტერესო და მართლაც საჭირო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს მხატვართა გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, ხატმწერ შალვა გერაძის ნამუშევრები. მის მიერ ნაწერი ხატები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მდებარე ძალიან ბევრ მართლმადიდებლურ ტაძარშია დაბრძანებული.


შალვა გერაძე: - ძალიან დიდი და სერიოზული პროექტია, რომლის საშუალებითაც ხელოვანი ხალხი ხვდება ერთმანეთს, პოეტებს, მხატვრებსა თუ ხატმწერებს ერთმანეთთან დაახლოების საშუალება ეძლევათ. დღეს ყველას ყურადღება პოლიტიკისკენ არის მიპყრობილი, ამიტომ მსგავსი კულტურული პროექტები ძალიან საჭიროა ქვეყანაში. საქართველო არის უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა, ჩვენ შეიძლება ევროპიდან და ამერიკიდან ვისწავლოთ ბევრი რამ, რაც თანამედროვეობას შეეხება, მაგრამ ვერაფერს ახალს ვერ ვისწავლით ისეთს, რაც ქართველ კაცს არ შეუქმნია. ჩვენ ვართ დიდი ერი, უბრალოდ მცირე მოსახლეობა გვყავს. რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა ვუარყოთ ის ტრადიციები, რაც წარსულში გვქონდა, არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ ამავდროულად უნდა შევიძინოთ ახალიც. ამ პროექტზე მე გამოფენილი მქონდა ჩემს მიერ დაწერილი ხატების ფოტომასალები, რადგან ხატები ზომით ძალიან დიდია, სიმაღლეში დაახლოებით 2-3 მეტრი და 70-80 კილო. ჩემს მიერ დაწერილი ხატები დაბრძანებულია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მართლმადიდებლურ ტაძრებში, მაგალითად სამების საკათედრო ტაძარში “წმინდა სამება”, ბაგრატის ტაძრისთვის შევქმენი - “მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი”, ბოდბეში - “წმინდა ნინო”. ხატები შემკულია 600-800 ძვირფასი თვლით. საქართველოს პატრიარქი საზღვარგარეთ როცა მიბრძანდება ჩემი დაწერილი ხატები მიაქვს საჩუქრად, მაგალითად, 2011 წელს მისი უწმინდესობა უკრაინაში ბრძანდებოდა და უკრაინის პატრიარქს ჩემი დაწერილი ხატი უსახსოვრა.

imageჯარჯი შუქიაური ახალგაზრდა პოეტია, მან ღონისძიებაზე წაიკითხა სამი ლექსი საკუთარი შემოქმედებიდან და მსმენელზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა.


ჯარჯი შუქიაური: - პრეოქტის დაწყებამდე დამირეკეს ორგანიზატორებმა და მონაწილეობა შემომთავაზეს. ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტები ხშირად უნდა იმართებოდეს. აღნიშნული პროექტი აერთიანებს პოეტებს, მხატვრებს ხატმწერებს, ორმაგად სასიამოვნოა, რომ მოგვეცა საშუალება ერთმანეთი ახლოდან გაგვეცნო, მოსაზრებები გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის და დამეგობრებაც მოვახერხეთ. ორმაგად სასიამოვნოა, რომ ვიმყოფები წმინდა ილია მართლის სახლ-მუზეუმში და მისი სახელობის სიგელიც მივიღე


პოეტი მთვარისა კერესელიძე - ყვარელში გამართულ ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული, მან საკუთარი შემოქმედება პროექტის გულშემატკივრებს წიწამურში გამართულ ღონისძიებაზე გააცნო:

imageმთავრისა კერესელიძე: - არაჩვეულებრივი პროექტია, მე წიწამურში გამართულ ღონისძიებაზე მივიღე მონაწილეობა, მაშინ ისევე, როგორც დღეს რამდენიმე ძალიან კარგი ახალგაზრდა პოეტი წარსდგა მაყურებლის წინაშე საკუთარი არაჩვეულებრივი ლექსებით, რასაც ნამდვილად არ მოველოდი. პროექტი არაჩვეულებრივი საშუალებაა იმისთვის, რომ, ჩვენ პოეტემბა, ერთმანეთი უფრო ახლოს გავიცნოთ, თანადგომა გამოვუცხადოთ ერთმანეთს და დაუახლოვდეთ. ეს სითბო, რაც ამ პროექტშია ჩადებული სხვა ოფიციალურ პროექტში ნამდვილად არ შეგხვდებათ. როდესაც ახალგაზრდა პოეტები ხედავენ, რომ იმართება პროექტი სადაც მათი სიტყვა და ლექსი შჭირდებათ, ისინი ცდილობენ, რომ დახვეწონ საკუთარი შემოქმედება და უფრო განავითარონ. ერთი სიტყვით, ეს პროექტი უდიდესი სტიმულია, რომელიც ძალიან ამაღლებს მწერლობასა და პოეზიას. მადლობა მინდა გადავუხადო პრეოქტის იდეის ავტორებსა და ორგანიზატორებს, არაჩვეულებრივი იდეისა და ორგანიზებისთვის
პოეტი გულნაზ ხარაიშვილი - პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა, “თბილისი თაიმსს” პოეტი ქალბატონი საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს პროექტის შესახებ:

imageგულნაზ ხარაიშვილი: მონაწილეობა დიდი სიამოვნებით მივიღე უწმინდესის კურთხეულ პროექტში, რომელიც ილიას მკვლელობის ადგილზე, წიწამურში გაიმართა, მას შემდეგ თვალს ვადევნებ პროექტის მიმდინარეობას და მიხარია, რომ საქართველოში ასეთი პროექტები იმართება, რაც ხელს უწყობს თაობათა კავშირს. პროექტის ორგანიზატორებს მინდა ვუსურვო, რომ ამ რთულ საქმესა და ეკლიან გზას არასოდეს შეუშინდნენ. ”


ღონისძიების ბოლოს ყველა მონაწილეს გადეცა წმინდა ილია მართლის სახელობის სიგელი. პროექტის დასკვნითი ღონისძიება კი 25 დეკემბერს გაიმართება.

image

0
133
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0