ბოსნია-ჰერცოგოვინის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან საფეტ სუშიჩი დაითხოვეს.
ფედერაციაში გამართულ სხდომაზე მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნაკრების გასვლა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამიტომ, დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვეს მთავარი მწვრთნელი საფეტ სუშიჩი და მისი დამხმარეები - ბორჩეტ სრედოვიჩი, ელვირ ბალიჩი და ტომისლავ პილიცა.
59 წლის სპეციალისტმა ნაკრების თავკაცის პოსტზე 5 წელი გაატარა. 2014 წელს, პირველად ბოსნია-ჰერცოგოვინის ფეხბურთის ისტორიაში, გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა, სადაც დამარცხდა არგენტინასა (1:2) და ნიგერიასთან (0:1), ხოლო ირანს 3:1 სძლია. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის 4 მატჩში, ბოსნიელებმა მხოლოდ 2 ქულის აღება შეძლეს და B ჯგუფში ბოლოსწინა მე-5 ადგილზე არიან. კვირას გუნდი ისრაელთან დიდი სხვაობით, 0:3 დამარცხდა.
ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge