x
image
მანჩო 777
ყველაზე იდუმალი და უცნაური ტბა მსოფლიოში : ისიკ – ყულის ტბის საიდუმლოებანი
ისიკ - ყულის ტბა მრავალი საუკუნის განმავლობაში იზიდავდა რომანტიკოსებს და განძის მაძიებლებს. ზოგიერთი ისტორიული წყაროს, მითის და ლეგენდის მიხედვით ტბის ფსკერზე 200-მდე სხვადასხვა საგანძურია დაფლული. გარდა ამისა, არსებობს ცნობები, რომ მის ფსკერზე ჩაძირულია ქალაქები და სოფლები და რაც ყველაზე მთავარია, აქ მდებარეობს ცნობილი ხელმწიფის ჩინგიზ-ხანის საფლავი.


image


მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ისიკ-ყულის ტბა, სადაც 50-ზე მეტი მდინარე ჩაედინება, მდებარეობს ჩრდილოეთ ტიან-შანში 1609 მეტრის სიმაღლეზე. მისი ფართობი 6236 კვადრატული კილომეტრის ტოლია, ხოლო სიღრმე 700 მეტრის. ტბა ყველა მხრიდან მთის ქედებითაა შემოსაზღვრული, რომლებიც ტბას უდაბნოს ცხელი და ცივი ქარებისაგან იცავენ. ამიტომ აქ არასოდეს არაა ძლიერი სიცივე და სიცხე, ხოლო ზამთრობით ტბის წყალი არასოდეს არ იყინება, თვით ძლიერი ყინვების დროსაც კი.


ისიკ-ყულის ტბა - სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლო



უამრავი ლეგენდა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიშვა ეს ტბა, მაგრამ მათგან ყველაზე ლამაზია თქმულება მშვენიერი ქალწულის შესახებ, რომელმაც სიცოცხლე გასწირა სიყვარულის გულისთვის: ოდესღაც ამ ადგილას დიდი ქალაქი მდებარეობდა, ხოლო ქალაქის ყველაზე მაღალ ადგილზე უზარმაზარი სასახლე იყო აღმართული, რომელიც მრისხანე ხანს ეკუთვნოდა. ერთხელ ხანმა შეიტყო, რომ ღარიბ მედროგეს ზღაპრული სილამაზის ქალიშვილი ჰყავდა. ხანი მისი სურვილით აივსო და გადაწყვიტა გოგონას ხელში ჩაგდება, მაგრამ ქალის გული დიდი ხანია სხვა ჭაბუკს ეკუთვნოდა, თუმცა ქალმა მისი სახელიც კი არ იცოდა.

ქალიშვილს მხოლოდ ის ახსოვდა, რომ ერთხელ, გამთენიის ხანს მას გამოეცხადა თეთრ ცხენზე ამხედრებული ულამაზესი ჭაბუკი. ყმაწვილმა ცხენზე შეისვა გოგო და გააჭენა თვალუწვდენელ მინდორზე, შემდეგ ისინი ენით აღუწერელ მაღალ მთაზე ავიდნენ. ბიჭი გოგონას მოეხვია და აკოცა, შემდეგ თითიდან წაიძრო ბეჭედი, მას გაუკეთა თითზე და თან უთხრა: " მე მალე დავბრუნდები, ბეჭედი არასოდეს არ მოიხსნა. სანამ შენ ის გაქვს, ვერავითარი ბოროტი ძალა ვერ მოგერევა". ამის შემდეგ ჭაბუკი გაქრა და გოგონამ მის შესახებ არაფერი იცოდა.

როდესაც ხანის მსახურები ქალიშვილს საჩუქრებით ეწვივნენ და განუცხადეს, რომ დიდებულ ხანს სურდა მისი ცოლად შერთვა, გოგონამ სასტიკი უარი განუცხადა მათ და მთებში გაიქცა დასამალად, თან იმედი ჰქონდა, რომ აქ მაინც შეხვდებოდა თავისი ოცნების ჭაბუკს. მალე მან შენიშნა, რომ თითიდან ბეჭედი გაქრა.


სახლში დაბრუნებულ ქალიშვილს უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა: ხანის მსახურებმა მას ხელ-ფეხი შეუკრეს და წაიყვანეს სასახლეში. აქ ხანმა მოინდომა ძალით დაუფლებოდა ქალიშვილს, მაგრამ საძულველი ხანის ცოლობას მან სიკვდილი არჩია და სარკმელიდან უძირო უფსკრულში გადავარდა. ამ დროს რაღაც უცნობი ძალის გავლენით დაინგრა ბებერი ხანის სასახლე და ყველა მხრიდან წყლის ნაკადმა დაიწყო დენა. წყალმა დაფარა ხანის ყოფილი სასახლე და მათან ერთად მთელი ქალაქი. ნაკადი მანამ არ შეჩერებულა, სანამ მთელი ხეობა წყლით არ ამოივსო. ასე წარმოიშვა ისიკ-ყულის ტბა.


image



წყლის ქვეშ დამარხული საიდუმლოება



1218 წელს ამ ადგილას მონგოლთა 25-ათასიანი ლაშქარი დაბანაკდა. ახლომდებარე ქრისტიანული მონასტრის ბერებმა და მონაზვნებმა მონგოლების თავდასხმის შიშით მთელი სიმდიდრე: ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი თვლები 200 აქლემს აჰკიდეს და ტბის სანაპიროს გავლით განძის გადასამალად გაეშურნენ, მაგრამ მონგოლებმა შეიტყვეს ლტოლვილების გაქცევის შესახებ და ალყაში მოიქციეს ისინი. ბერებმა დაიწყეს ძებნა, თუ სად შეიძლებოდა განძის დამალვა. მათ განძის ერთი ნაწილი გამოქვაბულში დამალეს, ხოლო დანარჩენი იძულებული გახდნენ ტბაში ჩაეშვათ. ასე აღმოჩნდა განძეული ტბის ფსკერზე.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ ტიანშანის მთებში გამოჩნდა მართლმადიდებელი ბერი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ხელთ ჰქონდა განძის ადგილსამყოფელის დამადასტურებელი რუკა. ბერი ამბობდა, რომ განძი მის წინაპრებს ეკუთვნოდათ-ნესტორიანელ-ქრისტიანებს, რომლებმაც სასწაულით გადაირჩინეს თავის მონგოლების დევნისაგან. მალე ამ ბერს უამრავი მიმბაძველი გამოუჩნდა სხვადასხვა რუკებით ხელში და ისიკ -ყულის ტბის მიდამოები განძის მაძიებლებით აივსო. ცნობილია, რომ ერთ-ერთმა მათგანმა ოქროს ჩაქუჩიც კი იპოვა, მაგრამ მალე საბჭოთა ხელისუფლებამ მათ აუკრძალა ძებნა და ეს ტერიტორია დახურულ ზონად გამოაცხადა.


XX საუკუნის 50-იან წლებში ისევ წამოიჭრა საკითხი გამოქვაბულში დამალული საგანძურის შესახებ. ძებნით ამჯერად სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდა, კერძოდ განძის ძიება გენერალ ალიევს დაავალეს, მაგრამ ამჯერადაც ვერაფერი ვერ იპოვეს. ისიკ-ყულის ტბა დღემდე მკაცრად ინახავს დამალული განძის საიდუმლოს.


image


ჩაძირული ცივილიზაცია


ცნიბილი რუსი მხატვრის ილია გლაზუნოვის ტილოზე "რუსული ქალაქი კიტეჯი" გამოსახულია ისიკ-ყულის ტბის ფსკერზე ჩაძირული ქალაქი. სურათის სიუჟეტი აღებულია ცნობილი მოგზაურის პრჟევალსკის მოსაზრებიდან, რომლის მიხედვითაც ტბის ფსკერზე ოდესღაც რუსული ქალაქი კიტეჯი მდებარეობდა. ქალაქი უცნობი კატასტროფის გამო ჩაიძირა ტბის ფსკერზე. მართლაც კარგ ამინდში ტბის წყალი იმდენად სუფთაა და კამკამა, რომ მის ფსკერზე იოლად შეამჩნევთ შენობების და კედლების მონახაზებს. თუმცა კიტეჯი ერთადერთი ქალაქი როდია, რომელიც ტბაში იქნა ჩაძირული. არქეოლოგებმა 10-მდე სხვადასხვა ქალაქის და მონასტრის ნანგრევები იპოვეს, რომლებიც ტბის ფსკერზეა მოქცეული. ასე, მაგალითად აქ მდებარეობს სკიფების უძველესი დედაქალაქი-ჩიგუ. აქვე ნაპოვნია ძველი ყორღანების ნანგრევები, რომლებშიც სკიფებს ასაფლავებდნენ, ასევე მშვენივრად შენახული სკიფების პერიოდის ოქროსა და ვერცხლის არტეფაქტები. მაინც რატომ ჩაიძირა ეს უძველესი ქალაქები ისიკ-ყულის ფსკერზე? - სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ტბის უნიკალურ ჰიდროლოგიურ რეჟიმთან: ტექტონიკური პროცესების გამო ტბაში წყლის დონე ხან იკლებს, ხანაც იმატებს, ტბორავს რა მიმდებარე ტერიტორიებს. როცა წყალი უკან იხევდა ტბაში, ადამიანები ისევ აშენებდნენ მის ნაპირას ქალაქებს, რომლებიც კვლავ და კვლავ იძირებოდა წყალში.


image



ჩინგიზ - ხანის საფლავი


არსებობს ვერსია, რომელის თანახმადაც ჩინგიზ-ხანის შვილებმა 1227 წელს მხოლოდ იმიტირება მოახდინეს მამის დაკრძალვისა ქალაქ ორდოსში, ხოლო სინამდვილეში მისი ნეშტი უამრავ სიმდიდრესთან ერთად საიდუმლოდ დამარხეს უცნობ ადგილზე. სად აღარ ეძებდნენ არქეოლოგები და განძისმაძიებლები ამ საფლავს: მონგოლეთში, ჩინეთში, რუსეთში, ყაზახეთში, მაგრამ მოხუცი ყირგიზები დარწმუნებულნი არიან, რომ დიდი ხანის საფლავი ისიკ-ყულის ტბის ფსკერზე მდებარეობს. ჩინგიზის შვილმა ჩაღატაიმ მამის ნეშტი მოათავსა კუბოში, რომელიც წყალგაუმტარი ხისგან იყო დამზადებული, აქვე ჩადო მან მამის კუთვნილი განძეული. ყველაფერი ეს გადატანილ იქნა საიდუმლო გამოქვაბულში, შემდეგ კი ჩაშვებული იქნა წყალქვეშ. ამ საიდუმლო პროცედურის შემსრულებელი ყველა ადამიანი ჩაღატაიმ სიკვდილით დასაჯა, რომ რომელიმე მათგანს საფლავის ადგილსამყოფელი არ წამოცდენოდა.



ისიკ - ყულის ურჩხულები


XX საუკუნის 30-იან წლებში იხტიოლოგებმა ისიკ-ყულის ტბაში თევზის რამოდენიმე სახეობა გაუშვეს, რომელთაგან დიდი ნაწილი დაიღუპა. მხოლოდ მცირე სახეობა გადარჩა, მათ შორის სევანის ტბის კალმახი. თუ რა მოხდა შემდეგ, ეს ყველასათვის გამოცანად რჩება: თევზმა მუტაცია განიცადა და გადაიქცა უზარმაზარ ბასრკბილება მონსტრად. თვითმხილველების თქმით, მათი სიგრძე ორ მეტრსაც კი აღწევს.

1972 წელს, როცა ისიკ-ყულის ტბაზე გაიმართა სამხედრო აკვალანგისტების ვარჯიშები, ტბაში შემჩნეულ იქნა ადამიანისმაგვარი სამმეტრიანი არსებები, რომლებიც ყინულივით ცივ წყალში ცხოვრობდნენ. ამფიბიებს სავარაუდოდ ძალიან დაბალი სხეულის ტემპერატურა ჰქონდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მთის ტბის ცივ წყალში არსებობას ვერ შეძლებდნენ.

მოკლედ რომ ვთქვათ, მონაცემები ამ არსებების შესახებ მალე აღმოჩნდა გრიფის ქვეშ "სრულიად საიდუმლოდ".


image

ისიკ-ყული– განსაკუთრებული ტბაა, რომელსაც საუკუნების მანძილზე ადგილობრივები მოჯადოებულად თვლიდნენ. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ XX საუკუნის დასაწყისამდე მასში არც არავინ ბანაობდა და არც თევზაობდა. ეს უცნაური ტბა უამრავი გამოცანის მატარებელია, რომელსაც იმედია, მომავალში მაინც გაშიფრავენ მეცნიერები.

0
800
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
800
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0