x
image
beko777
ხათუნა ჟორდანია: - არასოდეს მიფიქრია ვინმეს რამენაირ დასჯაზეც კი...
imageხათუნა ჟორდანია საკუთარ "ფეისბუქის" კედელზე ახალ განცხადებას აქვეყნებს, იმის შემდეგ, რაც საინფორმაციო სააგენტოებმა და საინფორმაციო ინტერნეტ-გამოცემებმა მისი წინა განცხადება "ნაციონალების ქუჩაშივე ჩაქოლვის " შესახებ ინტენსიურ რეჟიმში, ოპერატიულად აიტაცა, გაავრცელა და რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. აი, რას აცხადებს ხათუნა ჟორდანია თავის მეორე წერილში


" - ვინც მე მიცნობს (და, ამჯერად, ეს არ გულისხმობს “ცნობილ ადამიანობას“), ალბათ, მართლაც გაუკვირდებოდა, რომ განრისხებულმა, ბევრი რამ ისეთი დავწერე, რომელთა ამოთქმაც არააფექტურ მდგომარეობაში ნამდვილად გამიჭირდებოდა. მაგრამ სიტყვას უკან ვეღარ დაიბრუნებ: - რაც დავწერე, დავწერე, და მორჩა! ამის გამო, ლამის კოლექტიური ტერორისკენ მოწოდებაც კი დამაბრალეს! მერწმუნეთ, არასოდეს მიფიქრია არათუ კოლექტიურ ტერორზე, არამედ - ვინმეს რამენაირ დასჯაზეც კი, თუ ის ახალგაზრდების მორალურ და ფიზიკურ დეგრადაციას არ შეუწყობს ხელს!
ჩემი რეაქცია, დიდწილად, სუბიექტურმა მიზეზებმა განაპირობა, და ეს გასაკვირად არ უნდა დარჩენოდათ მათ, რომელთაც იციან, რომ ობიექტური მოსაზრება საერთოდ არ არსებობს, რადგან ადამიანი უკვე სუბიექტია!


თანაც, მე საკუთარი თავი კი არ დამიცავს, არამედ გამოვესარჩლე მეგობრის ვაჟს, რომლის მსგავსი ახალგაზრდა ბევრი არ დადის ჩვენს ქალაქში. გამოვესარჩლე იმიტომ, რომ შეურაცხყვეს.
გარდა იმისა, რომ რაც მას უთხრეს, თითქმის ყოველივე სიცრუე იყო, არავის აქვს უფლება, პასუხი მოსთხოვოს ვინმეს სხვის ნაცვლად, ცილი დასწამოს და გააბიაბრუოს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც მის პოლიტიკურ მოსაზრებას არ ეთანხმება.
მეორეც, მგონია, რომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ხმამაღალი ფიქრების გამოქვეყნება ინდივიდუალური არჩევანის საკითხია.
ვიცი, ამან გამოიწვია ურთიერთდაპირისპირება ჩემი მოსაზრების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის.


ყველას გასაგონად ვაცხადებ: ჩემს მეგობრებთან ურთიერთობაში არავის დახმარება არ მჭირდება; მტრებს აზრს ვეღარ შევუცვლი; სეირის მოყვარულებს კი, ვურჩევ, სხვა საქმით დაკავდნენ: თვალსასეიროს რა გამოლევს ჩვენს ქალაქში!
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ვინც მე მიცნობს, ვერავინ დაიჯერებს, რომ შემეძლო, ვინმე, როგორც უნდა ვეწინააღმდეგებოდე მას, ლინჩის წესით დასასჯელად გამემეტებინა. ძვირფასო ოპონენტებო! ძვირფასო მეგობრებო და თანამოაზრენო! ქართველი საზოგადოების ძვირფასო წევრებო! პატივი ეცით ერთმანეთის აზრსა და ღირსებას; ნუ იცრუებთ კამათისას და ცილს ტყუილუბრალოდ ნურავის დასწამებთ - სინამდვილეში, ხვალიდან სწორედ ასე მოქცევას ვნატრობ!"



image

0
201
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0