სხვა ხოვრინის მიტოვებული საავადმყოფო - ყველაზე დაწყევლილი და საშიში ადგილი რუსეთში 2014, 17 ოქტომბერი, 9:11 მოსკოვის გარეუბანში მდებარე ხოვრინის მიტოვებულმა საავადმყოფომ თავისი არსებობის არცთუ ისე დიდი ხნის მანძილზე უამრავი ალტერნატიული ზედმეტსახელი მიიღო: ХЗБ, ხოვრინის აუშენებელი, Umbrella, ნემესტორი და მრავალი სხვა. დღესდღეობით ამ ადგილს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ყველაზე უწმინდური და ბნელი ადგილი რუსეთში, რადგან მისი არსებობის მანძილზე Umbrella იყო უამრავი სექტის, კრიმინალების და ბოროტმოქმედების თავშესაფარი, ხოლო აქ გაუჩინარებული და გარდაცვლილი ადამიანების ზუსტი რაოდენობა არავინ იცის.
ხოვრინის საავადმყოფოს ისტორია ამ, დღეისათვის ნახევრადდანგრეული საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო 1980 წელს. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ეს უზარმაზარი საავადმყოფო ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამედიცინო ცენტრი და მისი ღირსშესანიშნაობა იქნებოდა, მაგრამ 1300 კაცზე გათვლილი უზარმაზარი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა 1985 წელს რატომღაც შეჩერდა. დადიოდა ხმები, რომ საავადმყოფოს მშენებლობის ადგილზე ძველად იყო სასაფლაო და ეკლესია, რომელიც კომუნისტებმა დაანგრიეს, სწორედ მის ადგილზე იქნა დაწყებული მშენებლობა და ამიტომ იქცა ეს ადგილი დაწყევლილად, მაგრამ სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარადაა: კორპუსები ააშენეს დამშრალ ნაჭაობარზე, თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ჭაობი არასრულად იყო დამშრალი, რის გამოც შენობის სარდაფებში ნამდვილი ტბები წარმოიქმნა, ხოლო თავად კორპუსებმა მიწაში იწყო ნელ-ნელა ჩაძირვა, ამიტომ არქიტექტორები მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს და მშენებლობა შეწყვიტეს, რადგან შესაძლებელი იყო ის მთლიანად დანგრეულიყო. "ნემოსტორი" ХЗБ-ის შენობაში 80-იანი წლების დასასრულს და 90-იანების დასაწყისში შენობა აღმოჩნდა სატანისტური დაჯგუფების "ნემოსტორის" ხელში. სექტა ძირითადად ნარკომანების, ალკოჰოლიკებისა და ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანებისაგან შედგებოდა. რა თქმა უნდა, სექტის წევრებს შორის ნორმალური, მაგრამ ფანატიკურად განწყობილი ახალგაზრდებიც იყვნენ. ისარგებელს რა იმით, რომ რომ ეს ადგილი უკაცრიელი და წყნარი იყო, მათ შენობის სარდაფში მოაწყვეს საკურთხეველი შავი მესების ჩასატარებლად და მსხვერპლშეწირვისათვის. სექტის ბევრი წევრი საერთოდ აქ ცხოვრობდა. თავდაპირველად სატანისტური ჯგუფის "ნემოსტორის" წევრებს შენობაში მიჰყავდათ უპატრონო ძაღლები და კატები და საკურთხეველზე კლავდნენ მათ, სწირავდნენ რა თავიანთ ბატონს მსხვერპლად. რადგან მათ საქციელზე ყურს არავინ იბერტყავდა, სექტანტები გათამამდნენ და მალე უსახლკარო მაწანწალებზე და მიტოვებული შენობის თვალის შესავლებად მოსულ უსაქმურებზე გადავიდნენ. როდესაც მიტოვებული საავადმყოფოს შემოგარენში დაკარგული ადამიანების რიცხვმა რამოდენიმე ათეულს გადააჭარბა და მილიციაში გამწარებული და შეშინებული ადამიანების უამრავი სიგნალი შევიდა, მხოლოდ მაშინ გამოიფხიკეს ყურები სამართალდამცავებმა: ОМОН-მა ალყა შემოარტყა შენობას, თვითნაკეთი ჩირაღდნებითა და შავი სანთლებით განათებულ სარდაფში შეიჭრნენ და უამრავი სექტანტი აიყვანეს, ბევრმა გაქცევა მოასწრო, ბევრი კი უკვალოდ დაიკარგა. არსებობს ორი ვერსია აქ განვითარებული მოვლენების შესახებ:ერთი ვერსიის თანახმად, სატანისტები ОМОН-ის წევრებმა სარდაფში შერეკეს და დახვრიტეს, ხოლო მათი გვამები აქ არსებულ ტბაში ჩაყარეს. მეორე ვერსიით, ისინი შერეკეს შენობის ქვეშ არსებულ გვირაბში, რომელიც ორ შენობას აკავშირებდა, წყალი მიუშვეს და ცოცხლად დამარხეს. დადიოდა ხმები, რომ ადამიანი, რომელმაც ОМОН-ელებს გვირაბის გზა უჩვენა, მეორეც დღეს უკვალოდ გაქრა. ამ ამბიდან რამოდენიმე ხნის განმავლობაში საავადმყოფოს შენობა ცარიელი იყო და აღარც უკვალოდ გამქრალი ადამიანების შესახებ შესულა სიგნალები, თუმცა მალე შენობა ახალმა სატანისტურმა დაჯგუფებამ, სახელად "შავი ჯვარი" დაიკავა. მათ აქ რამოდენიმე თვე დაჰყვეს და შემდეგ უკვალოდ გაქრნენ, თუ რა დაემართათ დაჯგუფების წევრებს - დღემდე უცნობია. მიუხედავად მათი თანამოაზრეების ტრაგიკული ბედისა, სატანისტები დღესაც იკრიბებიან შენობაში მზის ჩასვლის შემდეგ და ატარებენ თავიანთ რიტუალებს. ამბობენ, რომ მათ ახალი საკურთხეველი მოაწყვეს - მე-5 სართულზე ერთ-ერთი კორპუსისა და რომ იქ შესვლა მხოლოდ კედლის გაწევითაა შესაძლებელი. დარბაზს არც ფანჯარა აქვს და არც კარი. მიუხედავად ბევრი ცდისა, სამართალდამცავებმა ამ ოთახის აღმოჩენა ვერ შეძლეს. ამბობენ, რომ ხოვრინკას ჰყავს თავისი სული, მას "ნემოსტორის სულს" უწოდებენ. შენობის პირველ სართულზე არის დარბაზი, სადაც კედლები ავსებულია სატანისტური წარწერებით, ნახატებით, სიმბოლოებით, ტექსტებით...გადმოცემით, ნემოსტორის სული ამ დარბაზში ცხოვრობს, მაგრამ მისი ხილვა მხოლოდ ერთეულებს ძალუძთ. Umbrella - ძალიან საშიში და სახიფათო ობიექტი რაც შეეხება უამრავი თვითმკვლელობის ფაქტს, განხორციელებულს ხოვრინის მიტოვებული საავადმყოფოს ტერიტორიაზე- ეს უკვე ცალკე თემაა. ერთ - ერთი ასეთი შემთხვევა 8 წლის წინ მოხდა, როცა ХЗБ-ის შენობაში თავი მოიკლა 16 წლის ალექსეი კრაიუშკინმა ცალმხრივი სიყვარულის გამო. ის მერვე სართულიდან ლიფტის შახტაში გადახტა. ალექსეის მეგობრებმა მეორე სართულზე მთელი მემორიალი მოუწყვეს : კედლები დაფარულია გამოსამშვიდობებელი სიტყვებით, ლექსებით და ავტოგრაფებით:"კრაი, ჩვენ შენ არასოდეს დაგივიწყებთ". ნახევრად დანგრეული შენობა მორყეული ბეტონის კონსტრუქციებითა და ღია ლიფტის შახტებით დიდ საშიშროებას წარმოადგენს აქ შემომსვლელებისათვის. მაგალითად, 2011 წელს შენობას ორი ცნობისმოყვარე ყმაწვილი ესტუმრა, მათ აინტერესებდათ, სინამდვილეს შეეფერებოდა თუ არა ლეგენდები, რაც ამ შენობაზე დადიოდა. ერთ-ერთ მათგანს, 18 წლის ბიჭს, ფეხი დაუცდა და მე შვიდე სართულიდან გადმოვარდა. ის ადგილზევე დაიღუპა... და ეს მხოლოდ ორი შემთხვევაა მაგალითისათვის მოყვანილი. თუ რამდენი იყო ასეთი სუიციდის თუ უბედური შემთხვევები, ზუსტი ციფრი არავინ იცის. მისტიკა, დაკავშირებული ხოვრინის მიტოვებულ საავადმყოფოსთან არის უამრავი თვითმხილველი, რომლებიც ყვებიან დაბინდებისთანავე აქ მოსიარულე აჩრდილისა და უცნაური ხმების შესახებ, ამასთან ყველა თვითმხილველის ნაამბობში აჩრდილს კონუსის ფორმა აქვს. ხოვრინოს ცარიელი, 11-სართულიანი კორპუსები მისტიკისა და კოშმარების ეპიცენტრი გახდა არამარტო მოსკოვისათვის - შენობა მსოფლიოს ყველაზე საშიში ადგილების რეიტინგში შევიდა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: უკვე თითქმის 25 წელია ეს საავადმყოფო კი არ კურნავს ხალხს, არამედ ასახიჩრებს და კლავს. მისტიკას აძლიერებს შენობის შემზარავი იერსახე: თუ კომპლექსს ზემოდან შევხედავთ, შენობების განლაგება ზუსტად შეესაბამება ბიოლოგიური საფრთხის საერთაშორისო ნიშანს Biohazard. მისტიკურ ანალოგიაზე საუბარი წამოვიდა მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა გახმაურებული ფილმი მილა იოვოვიჩის მონაწილეობით " ბოროტების სავანე". ფილმის სიუჟეტი ასეთია: საიდუმლო კორპორაცია Umbrella აშენებს მიწისქვეშა მედცენტრს, სადაც ფარულად გამოჰყავთ ახალი საშიში ვირუსი. საბოლოოდ მთელი მედპერსონალი ზომბებად იქცევა და ისინი იპყრობენ მთელ პლანეტას. საგულისხმოა, რომ ფილმში გადაღებულ მედცენტს ზუსტად ხოვრინის სააავადმყოფოს ფორმა აქვს და ზუსტად იმეორებს ნიშანს Biohazard. ამბობენ, რომ ფილმის შემქმნელებს იდეისაკენ სწორედ ამ საშიშმა ადგილმა უბიძგა. ფაქტია, რომ "ბოროტების სათავე" საკულტო საშინელებათა ფილმი გახდა, ხოლო შენობამ ფილმის გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო მიიზიდა სატანისტები, ექსტრემალები, გაუწონასწორებელი ფსიქიკის ადამიანები და თავგადასავლების მოყვარულები. ბევრი მათგანი შენობიდან ცოცხალი აღარ გამოსულა. აი თუნდაც ასეთი ტიპიური შემთხვევა: გოგონა მეგობარმა ბიჭმა წაიყვანა, რათა ღამით ეს იდუმალი ადგილი დაეთვალიერებინათ. მათ მხიარულად აირბინეს მე -11 სართულამდე, აქ ყმაწვილმა მოინდომა ლიფტის შახტაში გადაეხედათ. უცებ ვიღაცამ მათ ხელი ჰკრა ზურგში და ორი ახალგაზრდის სიცოცხლეც ასე ტრაგიკულად დასრულდა. ან კიდევ ასეთი ლეგენდა, რომელიც ამ შენობას უკავშირდება: ორმა გოგონამ გადაწყვიტა შენობის დათვალიერება, როცა ისინი შიგნით შევიდნენ, ბავშვის ტირილი მოესმათ, რომელიც მათ საშველად უხმობდა. გოგონებმა ხმას მისდიეს და მე-8 სართულზე აღმოჩნდნენ. აქ მათ დაინახეს პატარა ბავშვი, რომელიც გოგონებისაგან ზურგშექცეული იჯდა და ტიროდა, როცა მათ პატარასთან მიირბინეს და ის სახით გოგონებისაკენ შემობრუნდა, მათ ისეთი საშინელი რამ დაინახეს, რომ ერთი მათგანი ჭკუიდან შეიშალა, მეორე კი თავის საშველად გამოქცეული, ლიფტის შახტაში ჩავარდა და დაიღუპა. კიდევ ერთი შემთხვევა: ახალგაზრდა ჟურნალისტმა ვლადიმერ ბოიარსკიმ გადაწყვიტა ამ ყბადაღებულ შენობაზე სიუჟეტი გაეკეთებინა და ფოტოპარატით ხელში ესტუმრა მას. როცა ის სურათებს იღებდა, ვიღაც მიეპარა და თავში გადაჭრილი რკინის მილი ჩაარტყა, ჟურნალისტი ადგილზე დაიღუპა.. არსებობს კიდევ ერთი ლეგენდა, რომ დაწყევლილ შენობაში ცხოვრობს რაფი - იდუმალი არსება, რომლის შესახებ უამრავ მითს ყვებიან. ამ მითების მიხედვით, ის Umbrella-ს ღმერთია, მისი მცველი და ბატონ-პატრონი. ის მუდამ აქ იმყოფება, თუმცა თვითმხილველი თითქმის არავინაა. იყო შემთხვევები, როცა რაფს გადაურჩენია შენობის ხაფანგში მოქცეული ან უბედურებაში ჩავარდნილი ადამიანები, მაგრამ მაშინათვე გამქრალა ხოლმე. ადგილობრივმა მოსახლეობამ და მეზობლად მდებარე კორპუსების მცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს ქალაქის ხელისუფლებას თხოვნით - დაანგრიონ ეს დაწყევლილი შენობა, მაგრამ უკვე წლებია მოსკოვის მთავრობა არანაირ რეაგირებას არ ახდენს უამრავ განცხადებასა და შესულ სიგნალებზე აქ მომხდარი უბედური შემთხვევების და საიდუმლოებით მოცული ადამიანების გაუჩინარების ფაქტებზე. დაწყევლილი Umbrella-ს კორპუსები ნელ-ნელა ჩადის მიწაში, ინგრევა ბეტონის კონსტრუქციები, შენობა კი ათასი ჯურის სატანისტის, ნარკომანების, მაწანწალების და ბოროტმოქმედების თავშესაფრადაა ქცეული. 536 9-ს მოსწონს 1-ს არა
|