საზოგადოება ზვიად გამსახურდიას ოჯახური ტრაგედია, - ცოტნე დედამის ადანაშაულებს! მანანა - შვილს სასამართლოში უჩივის 2014, 10 ოქტომბერი, 22:13 "გამსახურდიას ოჯახი აღარ არსებობს ამაში ბრალი ჩემს ბიოლოგიურ დედას, მანანა არჩვაძეს მიუძღვის"
ეს, რომ რიგითი ქართული ოჯახის ტრაგიკული ისტორია იყოს, ადამიანი შეიძლება არც კი გაჩერებულიყო ამის წასაკითხად, მაგრამ როცა საქმე საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას ოჯახს ეხება, შეუძლებელია აღელვების გარეშე წაიკითხო ზვიადის შუათანა შვილის, ცოტნე გამსახურდიას წერილი-აღსარება და ბრალდება საკუთარი დედის მიმართ, რომელსაც ის "ბიოლოგიურ დედას" უწოდებს. თავიდანვე ტრაგიკული ისტორია ოჯახისა, დღეს ასეთ დასასრულს ჰპოვებს - დედა შვილს სასამართლოში უჩივის, შვილი კი, მის ქმედებებს სახალხოდ ასაჯაროებს. უცვლელად გთავაზობთ ცოტნე გამსახურდიას წერილს " - 21 წლის ასაკიდან მარტო ვცხოვრობ. მივეჩვიე, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა მქონდეს და მარტო ვარ ამქვეყნად, თუმც ძალიან მძიმე იყო ოდესღაც ჩემთვის ამის გაცნობიერება. ჩვენ სულ სხვა სტერეოტიპებსა და შეხედულებებზე ვიზრდებით, წარმოდგენაც კი არ შემეძლო ცხოვრების მშობლების, მეგობრების, ნათესავების თუ საყვარელი ადამიანების გარეშე. როდესაც ეს გავაცნობიერე, თავის მოკვლა მინდოდა... ადრე ბროდსკის ლექსი მაქვს ნათარგმნი, რომელიც ამ სიტყვებით მთავრდება: Но пока мне рот не забили глиной, Раздаваться из него будет лишь благодарность... ვცდილობდი ყოველთვის, ბოროტება გულში არ ჩამედო და არ მეცხოვრა სიძულვილით, თუნდაც პრაგმატული მოსაზრებით, რადგან ასეთ ყოფას ცხოვრებასაც ვერ დაუძახებ... შუბი ხალთაში არ იმალებაო და დღეს იძულებული ვარ ამ უსიამოვნო თემაზე პირველად და უკანასკნელად ხმამაღლა ვილაპარაკო, რათა საზოგადოებას ადეკვატური წარმოდგენა ჰქონდეს იმაზე, რაც ჩემს გარშემო ხდება და გამსახურდიების ოჯახის სახელს უკავშირდება. კაცმა რომ თქვას, ზვიად, უფრო სწორედ კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახი აღარ არსებობს. განსაკუთრებული როლი ამაში სწორედ ჩემს ბიოლოგიურ დედას, მანანა არჩვაძეს ეკუთვნის. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ მან ყველაფერი გააკეთა საკუთარი შეუგნებლობით, უგნურებით, პატივმოყვარეობითა და სიჯიუტით, - ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად - ჩვენი ოჯახის ასანადგურებლად. პირადად მე ჯერ კიდევ პატიმრობის თითქმის დასაწყისშივე ავუკრძალე მას ჩემი სახელის ხსენება რიგ მიზეზთა გამო. მათ შორის, მან ცოცხალმკვდარი მოშიმშილე შეგნებულად ფსიქიურად დაავადებულად გამომაცხადა, რადგან გავბედე და მას საყვედური ვუთხარი, რითაც საშუალება მისცა სად-ის ჯალათებს ჩემს წინააღმდეგ საშინელი მეთოდები გამოეყენებინათ - აქაოდა, ხომ ამბობდით გიჟიაო და რეალურ ქმედებებზე გადავიდნენ. ასევე, 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც მოსკოვში იქაური სპეცსამსახურების დაკრულზე ცეკვაზე უარი ვთქვი და იქ აღარ დამედგომებოდა, მას დახმარება ვთხოვე. საპასუხოდ - რამოდენიმე წლის ასაკის შვილიშვილების (ჩემი შვილების) წყევლა-კრულვა მივიღე... ასეთი ეპიზოდი, ვინ მოსთვლის რამდენი იყო... დაახლოებით 10 წლის ასაკიდან სიცრუის, ბოროტების, სისასტიკის და სიძულვილის გარდა თითქმის არაფერი მინახავს მისგან... მახსოვს, როდესაც საქართველოში ჩამოვედი 21 წლის ასაკში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მან ყველაფერი გააკეთა, რათა ხელი შეეშალა ჩემთვის აქ გასაჩერებლად: ჩემი კონკურენტიაო, აცხადებდა სწორედ მისი დამსახურებაა ისიც, რომ ჩემი უმცროსი ძმა, გიორგი, შევარდნაძის პოლიციაში, უფრო სწორედ, მღებრიშვილის ომონში აღმოჩნდა. 18 წლის ბიჭი, რომელიც მან სიყვარულის გულისთვის ქუჩაში გააგდო, რითაც ოსტატურად ისარგებლა გარსშემოხვეულმა თარგამაძე-ალავიძის აგენტურამ... როდესაც ციხიდან გამოვედი და ცოტა ხანში შევეხმიანე საკუთარი ტანსაცმლის და ნივთების წამოსაღებად, მან პოლიციაში დარეკა და ციხიდან ორიოდე კვირის გამოსულ კაცს ამ საკითხზე განმარტებების მიცემა მომიწია... მან ფაქტობრივად გამძარცვა და დავრჩი ერთი ხელი ტანსაცმლის ამარა... დღეს მანანა არჩვაძე უკვე მერამდენედ სასამართლოში მიჩივის, ყველანაირი ხერხით ცდილობს მამაჩემის დანატოვარი თუ ჩემს მიერ შეძენილი ქონების მითვისებას და ამავე დროს, აქტიურად საუბრობს "ოჯახის სახელით". გიორგი გამსახურდიას მან უკვე გადააფორმებინა საკუთარ სახელზე მისი წილი "კოლხურ კოშკში". მაბრალებს ყოველნაირ სიყალბესა და სიბინძურეს, შეაქვს განცხადებები პოლიციაში, სასამართლოში და ასე შემდეგ. გარდა ამისა, აქვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მის მიერ ოჯახისათვის სახელმწიფოსგან მიღებული სოლიდური თანხებიდან არცერთი თეთრი არ მიმიღია და არც მქონია ამის სურვილი! მკურნალობის ხარჯებსაც საკუთარი სახსრებით ვაფინანსებ, გარდა ინტერფერონის პროგრამისა, სადაც ჯანდაცვის სამინისტრო რეალურად დამეხმარა. ძალიან გამიგრძელდა და ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ამ ყველაფრის დაწერა... თუმც ეს მხოლოდ მცირე ნაწილია რეალობისა. ვიცი, ვიღაცას ეწყინება, ვიღაცას - პირიქით. ჩემი მიზანი კი ამჟამად მხოლოდ ერთია: ადეკვატური წარმოდგენა ჰქონდეს საზოგადოებას და ამ ადამიანის ქმედებები თუ სიტყვები არ ასოცირდებოდეს ჩვენს ოჯახთან. დიახ, გამსახურდიების ოჯახი აღარ არსებობს! ამაში ალბათ ჩემი წვლილიც არის: სამწუხაროდ, ოციოდე წლის ბიჭს არ მეყო ცოდნა, ძალა და გამოცდილება, თუ საერთოდ შემეძლო პროცესების სხვანაირად წარმართვა... საბედნიეროდ, დღეს შემიძლია ამ ყველაფერთან გამკლავება, თუმც ეს ყველაფერი არცთუ ადვილი იყო თუნდაც წელიწადნახევრის წინ, როცა კარის გაღების ძალაც კი არ მქონდა..." 2323 4-ს მოსწონს 1-ს არა
|