ირაკლი ღლონტის რეკომენდაცია პრემიერ მინისტრს.
გამარჯობა ბატონო პრემიერ მინისტრო,
ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონის, ტოტალური უმუშევრობისა და გაუარესებული საინვესტიციო პირობების გათვალისწინებით, როცა ადამიანებს დიდი ხნის წინ დაკარგული აქვთ იმედი და ახლა უკვე უმეტესი მათგანი საბოლოოდ დარწმუნდა ოცნებებიც აღსრულების ილუზორულობაში, მიზანშეწონილად მიმაჩნია ხელისუფლებამ შეცვალოს გეზი და გახდეს ქმედუნარიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ კრიზისის ისეთ ხარისხობრივ მაჩვენებელს, რომელსაც მომავალი ხელისუფლებაც (პირადად მე დიდ იმედებს ვამყარებ) კი ვეღარ გაუმკლავდება.
ბატონო პრემიერ მინისტრო, გადავწყვიტე რჩევა მოგცეთ. მე მჯერა, რომ შტატებგაბერილი მთავრობის კანცელარიაში ერთი-ორი შტატგარეშე თანამშრომელი მაინც გიზით, რომელიც მონიტორინგს აწარმოებს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მიმართვებთან დაკავშირებით, იქნებ უყურადღებოდ არ დატოვოთ ჩემი რჩევა, რომელიც მხოლოდ საერთო ინტერესიდან გამომდინარე მოგაწოდეთ .
მე ყოველთვის აქტიურად ვადევნებ თვალს პრესას, სადაც ექსპერტები ავრცელებენ ხოლმე საკუთარ მოსაზრებებს, თქვენც დააკვირდით, თუ როგორ შეიცვალა მათი პოზიტიური დამოკიდებულება თქვენი და თქვენი გუნდის მიმართ, იგი დღითიდღე ნეგატიურ ხასიათს იძენს და ეს მაძლევს საფუძველს ვივარაუდო, რომ ხელიდან გეცლებათ ინტელექტუალთა მხარდაჭერა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან ცუდია.
ძლიერი თუ არა მზარდი ეკონომიკის გარეშე მაინც, რომ წარმოუდგენელია თვითმყოფადობა და ერის საკუთარ ქვეყანაში დამაგრება ალბათ ამაშიც არ შემეკამათებით და რჩევას ბოლომდე წაიკითხავთ.
მე მიმაჩნია, რომ დაუყონებლივ უნდა შეიქმნას მთავრობისგან დამოუკიდებელი საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უნდა დაკომპლექტდეს ყველაზე წარმატებული მეწარმეების, ეკონომისტების, ფინანსისტების, იურისტების შემადგენლობით, სადაც მხოლოდ თავისუფლება გასხვისებული, თქვენთან შოვინისტურად დაახლოებული ხელის კაცები არ იქნებიან და საჭიროების შემთხვევაში მოურიდებლად შესძლებენ თქვენი ხელისუფლების სამართლიან ოპონირებას. საკონსულტაციო საბჭო უნდა იყოს თავისუფალი ქმედითი ! მას არ სჭირდება საბიუჯეტო სახსრები, ხელფასები და პრემიები, ჯიპები და ძვირადღირებული მობილური ტელეფონები, რადგან პირადად მე მეგულება წარმატება ნანახი ადამიანები, რომლებიც სიამოვნებით გახდებიან “საქართველოს მრჩევლები’’ და იმუშავებენ სარეკომენდაციო ხასიათის რჩევების შესაქმნელად, მაგრამ თქვენც უნდა მოუსმინოთ მათ, უნდა შექმნათ პირობა, რომ არც ერთი საბჭოს წევრი არ იქნება თქვენგან “ათვალისწუნებული’’ თუ იგი თქვენი მთავრობის ე.წ. “ეკონომიკური გუნდის’’ პოლიტიკას გაუწევს ოპონირებას და ალტერნატიულ გზას შესთავაზებს.
მომიტევეთ პირდაპირობა, მაგრამ თქვენ გვერდით ვერ ვხედავ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების შექმნის უნარის მქონე კადრებს, სამწუხაროდ გრძელდება წინა ხელისუფლების დროინდელი მახინჯი პოლიტიკა იაფფასიანი პოპულიზმისა და დილეტანტური პროექტების (სსიპ-იზაცია, არაფრის მომცემი საბიუჯეტო სუბსიდიები, 20 000 მლნ. ლარის 5000-ლარიანი საჩუქრების სახით გაფლანგვა და სხვა) ტირაჟირებასთან მიმართებით. ქვეყანაში შექმნილია უამრავი ფონდი, ფუნქციონირებს სამრეწველო პალატა, ამასთან ერთად, საქმიანობას ეწევა 20-მდე კერძო (სხვადასხვა ქვეყნის) სავაჭრო-სამრეწველი პალატა, ფუნქციონირებს სამთავრობო სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც დებულებების დონეზე “ორიენტირებულია’’ ექსპორტის ხელშეწყობაზე, ინვესტორების მოძიებაზე და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეკონომიკა კრიზისულ ფარგლებს ვერ გასცდა, ქვეყანაში სადაც 1 წლის წინ დაფუძნდა 6 მილიარდიანი თანაინვესტირების ფონდი წესით ელემენტარული “ძვრები’’ მაინც უნდა განხორციელებულიყო, თავის დროზე 30 მილიარდიანი აშშ-ის გარანტის (არა ნაღდი ფული) წყალობით ერთ-ერთმა ღარიბმა ქვეყანამ - ისრაელმა ქვეყანა აღმშენებლობამდე მიიყვანა, ნუთუ 6 მილიარდით საქართველოს მასშტაბის ქვეყნის ფეხზე წამყენება შეუძლებელი გახდა?! იქნებ ახლაც დამეთანხმოთ, რომ ესეც კადრების ბრალია.
ბატონო პრემიერო, ზემოაღნიშნული საბჭოს გვერდის ავლით არ უნდა მოხდეს არც ერთი იმ საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტამდე მიტანა, რომელიც შინაარსიდან გამომდინარე ირიბი თუ პირდაპირი ზეგავლენის განმხორციელებელი იქნება ეკონომიკაზე, ბიზნესზე, საინვესტიციო გარემოზე, საგადასახადო ადმინისტრირებაზე და ასე შემდეგ.
ბატონო პრემიერ მინისტრო, დროა გახდეთ თავმდაბალი და მოუსმინოთ ექსერტებს, რჩევების მოცემის უნარის მქონე ხალხს, მეწარმეებს, რომლებმაც, მიუხედავად წინა ხელისუფლების პირობებში ნაკლებად სამართლიანი, ნაკლებად სამართლებრივი, ხშირად უსამართლო დამოკიდებულების მიუხედავად შესძლეს თავის დამკვიდრება და საქმის პატიოსნად კეთება, მათ არ უღალატიათ საკუთარი პრინციპებისათვის და ისინი დღეს ჩვენთან ერთად ცხოვრობენ ამ ქვეყანაში.
ბატონო პრემიერ მინისტრო, იმეგობრეთ ინტელექტუალებთან.
პატივისცემით,
ირაკლი ღლონტი
პოლიტიკური გაერთიანება “რეფორმატორები’’
თავმჯდომარე
18.08.2014 წელი.