საქართველოს პრეზიდენტს
ბატონ გიორგი მარგველაშვილს
ბატონო გიორგი,
თქვენ უკვე პრეზიდენტი ბრძანდებით, ამ თანამდებობაზე არჩევით თქვენ იკისრეთ ვალდებულებებიც და შეიძინეთ უფლებებიც, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მიმიდნარეობს თქვენი ადმინისტრაციის ფორმირება, ჩვენ, საზოგადოებას არ გაგვაჩნია იმდენი ფუფუნება, რომ ველოდოთ კადრების გადაადგილებას, ჩვენ გთხოვთ და მოვითხოვთ დროულ რეაგირებას ქვეყნის ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებთან მიმართებით, როგორიც გახლავთ უახლოესი თვეების წინ სოფელ დვანსა და სოფელ დიცში დაწყებული რუსული აგრესული ოკუპაციიც შედეგად დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების გაუარესებული ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობა.
ბატონო პრეზიდენტო, გაცნობებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ააიპ “საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრი'' ტელეკამერებისა და ბილბორდ-ბანერების ფრიალის გარეშე იმყოფებოდა ზემოაღნიშნული სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრის გამართვის მიზნით, სადაც ადგილობრივთა მიერ დასახელებულ იქნა მრავალი პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო გამგებლობას განკუთვნილია და შეუძლებელია მისი სხვაგვარად მოგვარება.
სოფელ დვანის მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაშია, ოკუპირებულ იქნა სოფლის მოსახლეობის 1/2-ზე მეტი ოჯახის საკუთრებაში არსებული 250-300-მდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენდა ამ ადამიანების ერთადერთ საარსებო წყაროს. სოფელ დვანში არ გახლავთ შეყვანილი ბუნებრივი აირი რის გამოც ეს ადამიანები ცივ ზამთარს ხვდება გათბობის გარეშე, რადგან აღარ არსებობს ტყის მასივებიდან ხის გამოტანის შესაძლებლობა ვინაიდან ეს ტერიტორიებიც მოქცეულ იქნა ოკუპირებულ ზონაში. გაცნობებთ, რომ დვანის მოსახლეობას, ისე როგორც სხვა სოფლის მკვიდრთ აწუხებთ დასაქმების პრობლემა, რაც კიდევ აუარესებს ოჯახების მძიმე მდგომარეობას, ისინი ზამთარს ხვდებიან შემოსავლების, გათბობის და საკვების გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით და მოთხოვნით, რომ დროულად იზრუნოთ ამ ორი სოფლის მოსახლეობისათვის და მთავრობასთან ერთად ყველა ღონე იხმაროთ ამ ადამიანების გადასარჩენად.
ჩვენი ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მთავრობას გაუწიოს სათანადო დახმარება მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირებასა და მისი აღმოფხვრისათვის გასატარებელ ღონისძიებებში მოხალისედ ჩართვასთან დაკავშირებით. თითოეული ჩვენი წევრი სიამოვნებით გახდება ამ საქმის განხორციელებაში მოხალისე და საკუთარ წვლილს შეიტანს თანამემამულეთა გადასარჩენად.
გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და იზრუნოთ თქვენი ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლად.
პატივისცემით,
ირაკლი ღლონტი
ააიპ “საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრის''
თავმჯდომარე.