x
2014 წ. თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნები ერაყის კრიზისის კონტექსტში

2014 წ. 10 აგვისტოს თურქეთში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა რ.თ. ერდოღანმა.

საგარეო ფაქტორი
რადგან წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების ძირითადი აქცენტი ამომრჩევლების ხმების მოზიდვაზეა მიმართული, თურქეთის საგარეო პოლიტიკური საქმიანობა გარკვეულწილად მეორეხარისხოვან სეგმენტად რჩება, რაც გასაკვირი არაა. ამ მომენტში კი ერაყში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც გამოწვეულია ტერორისტული ორგანიზაცია „ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფოს“ გააქტიურებით. ამ ორგანიზაციის საბოლოო მიზანია ძალადობრივი გზით სირიაში და ერაყში არსებული საერო რეჟიმის დამხობა და ისლამური ხალიფატის ჩამოყალიბება (რომლის დაარსება უკვე გამოცხადდა ა.წ. 29 ივნისს სირიისა და ერაყის რამოდენიმე პროვინციის დაკავების შემეგ. პირველი ხალიფა კი გახდა - აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი).

საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებისთანავე, რომელშიც დიდი ალბათობით გაიმარჯვებს რ.თ. ერდოღანი, თურქეთი გააქტიურდება ერაყის მიმართულებით, რათა არ დაუშვას ქურთების მიერ სადაო ტერიტორიების საბოლოო დაკავება.

ერაყის ეთნო-რელიგიური ჯგუფები
სადამ ჰუსეინის ავტორიტარული რეჟიმის დამხობის შემდეგ, ერაყის მოსახლეობის რელიგიურ და ეთნიკურ განსხვავებებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ძალიან აქტიურად იყენებენ სხვა სახელმწიფოები.

დღეისათვის ერაყი ფაქტობრივად 3 ნაწილადაა დაშლილი - შიიტურ, სუნიტურ და ქურთულ ერთეულებად, რომლებსაც, რბილად რომ ვთქვათ, ერთმანეთისადმი კეთილი განწყობა არ გააჩნიათ. ამ ურთიერთობას „ერთიანი ერაყის“ პირობებში აქვს თავისი ისტორიური წინაპირობა.

- შიიტები, ერაყის სხვადასხვა რეჟიმების ქვეშ (ნაკლებად მონარქიის პერიოდში, „ბაასი“-ს მმართველების დროს კი მათ მიმართ არაერთხელ განხორციელდა რეპრესია) მუდამ იყვნენ დაჩაგრულ მდგომარეობაში
- ქურთებს, ერაყის სუნიტური ხელისუფლება თავიდანვე N1 მტრად მიიჩნევდა, რომლებსაც შეეძლოთ ქვეყნის ერთიანობის დაშლა

შიიტებში, რომლებიც შეადგენენ ერაყის მოსახლების 60-70%-ს, ძალიან დიდია ირანის პოლიტიკური გავლენა და ძლიერია მისი სადაზვერვო აგენტურა. ამის ხარჯზე ირანი აპირებს გახდეს ყველაზე გავლენიანი ძალა ერაყის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც აშშ-მ გაიყვანა ერაყიდან თავისი ჯარი. ერაყში შიიტებს გააჩნიათ გასამხედროებული ორგანიზაციები:
- „მაჰდის არმია“, რომლის ხელმძღვანელია რადიკალური შიიტი ლიდერი - მუკტადა ას-სადრი. მებრძოლთა ოფიციალური რაოდენობაა 50’000; არაოფიციალური მონაცემებით - 500’000.

- ორგანიზაცია „ბადრ“ (ერაყის უმაღლესი ისლამური საბჭოს სამხედრო ფრთა), მოიხსენიება როგორც პოლიტიკური პარტია. გენერალური მდივანი - ხადი ალ-ამირი. მას გააჩნია საკმაოდ მჭიდრო კავშირები ირანის სამხედრო წრეებთან, მათ შორის „მეგობრული“ ურთიერთობა გენერალ კასემ სულეიმანთან (ირანის რევოლუციური გვარდიის „ალ კუდსი“-ს მეთაური).

რეგიონის ქვეყნების ინტერესები ერაყში
* სუნიტებზე იმედებს ამყარებენ თურქეთი და საუდის არაბეთი, რომლებიც ასევე აპირებენ ერაყში გავლენის გავრცელებას (თურქეთი) და შენარჩუნებას (საუდის არაბეთი).

* ერაყელ ქურთებს რეალურად აქვთ საკუთარი სახელმწიფო, შესაბამისი სტრუქტურებით, ჯარით („პეშმერგა“) და სადაზვერვო სამსახურებით („პარასტინი“, დაარსდა 1968 წ.; სადაზვერვო სააგენტო „ასაიიში“, დაარსდა 1993 წ.).

„ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფოს“ დიდი წარმატებების მიხედვით (მათ დაიკავეს ერაყის ტერიტორიის 20%) შეიძლება დაასკვნა, რომ:
- ბაღდადი ვერ აკონტროლებს სიტუაცის სუნიტურ პროვინციებში
- ერაყის რეგულარული არმია მზად არ არის გაუწიოს წინააღმდეგობა
ბოევიკებს
- ქურთები არ აპირებენ ბაღდადის იმედზე ყოფნას და ქურთული
ავტონომიის დაცვას და სადაო ტერიტორიების დაკავებას განაგრძობენ

"პეშმერგას" მებრძოლებმა ისარგებლეს შექმნილი მომენტით და მსხვილი სანავთობო ცენტრი კირკუკი დაიკავეს. თავისი ქმედებები მათ იმით ახსნეს, რომ ბაღდადს არ შესწევდა ქალაქის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის უნარი. აღსანიშნავია, რომ კირკუკი ჩრდილოეთ ერაყის ნავთობის მრეწველობის ცენტრია.

* ერაყის ჩრდილოეთში ასევე სახლობს უფრო მცირერიცხოვანი ეთნოსი – თურქმენები (გადაუმოწმებელი სხვადასხვა ინფორმაციით მათი რაოდენობა შეადგენს 500’000 – 3 მლნ. ადამიანს). თურქმენულ-თურქულ ეთნიკურ სიახლოვეს აქტიურად იყენებს თურქეთი, რომლებისთვისაც თურქმენები წარმოადგენენ დასაყრდენს ჩრდილოეთ ერაყში.

ერდოღანის დიდი სურვილის მიუხედავად მიიღოს აქტიური მონაწილეობა ერაყის კრიზისის მოგვარებაში (რა თქმა უნდა აქ იგულისხმება პირველ რიგში თურქეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე), ხელისუფლებისათვის, წინასაარჩევნო პერიოდში რაიმე სახით ერაყის კრიზისში უშუალო მონაწილეობა წამგებიანი იქნება, რადგან წარუმატებლობის შემთხვევაში ეს გამოიწვევს ქვეყნის შიგნით ოპოზიციის გააქტიურებას და მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას.

რა სახით შეიძლება თურქეთი ჩაერიოს ერაყის კრიზისში?
1) შეიყვანოს რეგულარული არმიის ნაწილები და დაიკავოს სადაო ტერიტორიები
2) ჩაატაროს მცირე, მაგრამ ეფექტური სპეცოპერაციები ისლამისტი ბოევიკების წინააღმდეგ, რათა თავი დააფიქსიროს როგორც რეგიონული ძალა, რომელიც ებრძვის ისლამურ ექსტრემიზმს (თურქეთს სურს თავისი თავის რეაბილიტაცია, რადგან სირიის კრიზისში მისი უხეში ჩარევა ე.წ. ზომიერი ისლამისტების მხარეს მისი სახელი მსოფლიოში გარკვეულწილად შეილახა)
3) გაუწიოს მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა ერაყელ თურქმენებს - უშიშროების სამსახურის “MIT”-ის საგარეო დაზვერვის ეგიდით გაუწიოს მათ კურირება (დააფინანსოს და შეიარაღოს ადგილობრივი თურქმენები)
4) მოუწოდოს დასავლეთს უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ერაყის კრიზისის დარეგულირებაში
5) მიაღწიოს გარკვეულ შეთანხმებას შიიტურ ირანთან, რათა მოხდეს კოორდინირებული მოქმედება ისლამისტი ბოევიკების წინააღმდეგ
6) მიაღწიოს შეთანხმებას საუდის არაბეთთან, რომელიც აფინანსებს და აიარაღებს ისლამისტურ ორგანიზაციას „ერაყისა და შამის ისლამურ სახელმწიფოს“.

საქმე ისაა, რომ ერ-რიადი, სუნიტი ბოევიკების გააქტიურებით ცდილობს ხელი შეუშალოს ბაღდადს მოიპოვოს და მსოფლიო ბაზარზე გაიტანოს დიდი რაოდენობის ნავთობ-პროდუქტები, რაც გამოიწვევს ფასების ვარდნას და საუდიტების შემოსავლის შემცირებას (მსოფლიოში ნავთობის მარაგის კუთხით ერაყს 4-ე ადგილი უკავია). ზოგი მონაცემის მიხედვით ერაყს სავსებით შეუძლია გაუსწროს საუდის არაბეთს ნავთობის მოპოვებაში, მისი ნავთობის მარაგი კი ერ-რიადისას აღემატება.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთმა და ერაყის ქურთისტანის ავტონომიამ 2013 წლის ნოემბერში ნავთობისა და გაზის სფეროში შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმადაც ჩრდილოეთ ერაყიდან ნავთობი თურქეთის გავლით, ევროპის ქვეყნებს უნდა მიეწოდოს, სავარაუდოდ ანკარა სამოქმედოდ 4-5-6 პუნქტებს აირჩევს.

სამხრეთ კავკასია
მას შემდეგ, რაც 2003 წ. თურქეთში ხელისუფლებაში მოვიდნენ ე.წ. ზომიერი ისლამისტები რ.თ. ერდოღანის ხელმძღვანელობით - ანკარას საშინაო და საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ცხადი გახდა ანკარას მზარდი გეოპოლიტიკური ამბიციებისადმი ლტოლვა. თურქეთი უფრო აქტიურად შეუდგა საგარეო პოლიტიკური პროგრამის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს მისი რეგიონული პოზიციების განმტკიცებას. სამხრეთ კავკასიის მიმართულებით თურქეთი აწყდება რუსეთისა და ირანის წინააღმდეგობას. მიუხედავად რეგიონული სახელმწიფოების მძლავრი კონკურენციისა, სიტუაციას ამძიმებს (და ამავე დროს აბალანსებს) მსოფლიო წამყვანი ქვეყნების ინტერესები ამ რეგიონისადმი.

- აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის მჭიდრო თანამშრომლობა თურქეთთან და დასავლეთთან გამოწვეულია პირველ რიგში ბაქოს რეგიონული მეტოქის - სომხეთის რესპუბლიკის აქტიური სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობით რუსეთთან და ირანთან.

- საქართველო
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური არასტაბილურობა იყო ერთ-ერთი იმ მიზეზთა შორის, რამაც ფაქტიურად თბილისი „ამოაგდო“ კავკასიური პოლტიკიდან. ამ ვითარებაში თურქეთმა მიიღო გადაწყვეტილება გაეტარებინა ალტერნატიული (ბაქო და თბილისისათვის მისაღები) გეოპოლიტიკური კურსი, სადაც საქართველომ დაიკავა მნიშვნელოვანი როლი, რომლის მეშვეობითაც ის უკავშირდება თავის სტრატეგიულ მოკავშირეს სამხრეთ კავკასიაში - აზერბაიჯანს.

ამავე დროს, ბაქოსა და თბილისის პოზიცია გამომდინარეობს რუსეთის იმპერიული პოლიტიკის ფაქტორიდან, რადგან ორივე ქვეყანაში მას მიიჩნევენ ტერიტორიული უსაფრთხოების პოტენციურ საფრთხედ.

თურქეთის ხელმძღვანელობის იდეოლოგიურ-პოლიტიკური შეხედულების ტრანსფორმაცია (ქემალიზმიდან ისლამზე ორიენტირებული ნეოოსმანიზმის დოქტრინამდე) მოხდა მას შემდეგ, რაც ცენტრალურ აზიაში პანთურქისტული იდეების გავრცელებამ (ქემალისტების პერიოდში) კრახი განიცადა. ანკარა იძულებული გახდა, თავისი გეოპოლიტიკური ამბიციების და პრეტენზიების იდეოლოგიური საფუძველის შესაქმნელად და გასამყარებლად შეემუშავებინა ახალი კონცეფცია - რ.თ. ერდოღანის მთავრობა აქცენტირებას აკეთებს თურქეთში ისლამური კომპონენტის გაძლიერებაზე, საგარეო პოლიტიკაში კი - რეგიონში ზომიერი ისლამისტების მხარდაჭერაზე („ძმები მუსლიმები“).

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ, თურქეთი, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყანა და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი, დასავლეთის მიერ განიხილება ირანის სახელმწიფოებრიობის შიიტურ-თეოქრატიული მოდელის ალტერნატივად, რადგან ირანი მტრულადაა განწყობილი დასავლური ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობების მიმართ.

ახლო აღმოსავლეთში რადიკალური ისლამის ზრდის ფონზე თურქეთი გააგრძელებს ე.წ. ზომიერი ისლამისტების მხარდაჭერას, რადგან რეგიონში შენარჩუნდეს ძალთა ბალანსი და არ მოხდეს ვაჰაბიზმის იდეოლოგიის უკონტროლო გავრცელება, მითუმეტეს მეზობელ ქვეყნებში.


ვასილი პაპავა

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:aryamehr
aryamehr
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0