კატარის საამიროს როლი სირიის სამოქალაქო კონფლიქტში
ვასილი პაპავა
2013 წ. ივნისში კატარის ახალი ამირა გახდა - 33 წლის ტამიმ ბინ ჰამად ბინა ხალიფა ალ-თანი. ტახტზე მან მამამისი შეცვალა - ამირა ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი (მეფობდა 1995-2013 წწ.).
ახლო აღმოსავლეთში, სადაც ძალაუფლების გადაბარება ხშირად იძულებითი წესით ხდება (ძირითადად ეს ახასიათებს რეგიონის არა მონარქიუსტულ სახელმწიფოებს, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც), კატარის ამირას ტახტიდან გადოდგომა რამოდენიმე მიზეზმა გამოიწვია. პირველი, საგარეო პოლიტიკური ფაქტორი - მილიარდობით დოლარი დაიხარჯა ბაშარის რეჟიმის დასამხობად, შედეგად კი რუსეთმა და ირანმა გააორმაგა სირიის რეჟიმის სამხედრო მხარდაჭერა, რამაც გამოიწვია კატარის მიზნების ფიასკო. მეორე, შიდა
პოლიტიკური ფაქტორი - საგარეო პოლიტიკური წარუმატებლობის ფონზე გაჩნდა კითხვები თავად ამირა ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის რეჟიმის ლეგიტიმურობაზე (ცნობისთვის, 1995 წ. ტახტის მემკვიდრემ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანიმ მოახდინა გადატრიალება და ძალაუფლებას ჩამოაშორა თავისი მამა - ხალიფა ბინ ჰამად ალ-თანი, ამირა 1972-1995 წწ.).
ახალმა ამირამ გამოთქვა სურვილი სირიასთან აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით ჯერ არ გადადგმულა (ისევ გრძელდება ბოევიკების მხარდაჭერა).
სირიის კრიზისი, რომელიც 2011 წლიდან მიმდინარეობს, უკვე გასცდა რეგიონალურ ფარგლებს და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების აქტიური დავის და ვაჭრობის საგანი გახდა.
სირიაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ როგორც რეგიონული მოთამაშეები - თურქეთი, საუდის არაბეთი, კატარის საამირო, იორდანია, ერაყი და ირანი, ასევე რუსეთი და დასავლეთი.
– კატარის საამირო. ამ ფონზე თვალსაჩინოა ახლო აღმოსავლეთის ჯუჯა სახელმწიფოს (11 586 კვ. კმ, მოსახლეობა დაახლ. 2 მლნ.) – კატარის საამიროს განსაკუთრებული როლი სირიის კონფლიქტში.
და რა ინტერესები ამოძრავებს კატარის საამიროს ახლო აღმოსავლეთში?
– სურვილი გახდეს ლიდერი არაბულ სამყაროში, რაც
დამყარებულია – დიდ ფინანსურ შესაძლებლობებებზე (ტერიტორიული და მოსახლეობის სიმცირის გამო უზარმაზარი შემოსავლები გაზი/ნავთობისაგან იხარჯება დოხას ჰეგემონისტური გეგმების განსახორციელებლად)
– ვაჰაბიზმის რადიკალურ იდეოლოგიაზე
– "ძმები მუსლიმების" მხარდაჭერა
– "ალ–ჯაზირას" გამოყენებით კატარი ცდილობს გაატაროს თავისი ინტერესები.
გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური ამბიციების განხორციელებისათვის, კატარმა, საუდის არაბეთთან ერთად გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს ბაშარ ასადის ოპოზიციას - შეიაარაღოს და დააფინანსოს რადიკალური დაჯგუფებები, რათა თავიდან მოიშორონ მათთვის მიუღებელი რეჟიმი, რომლის მთავარ მოკავშირეს - შიიტურ ირანს, განიხილავენ როგორც მათ მთავარ რეგიონულ მეტოქედ.
ბაშარის რეჟიმის დამხობით და სასურველი ხელისუფლების მოყვანით, კატარი ცდილობდა გასულიყო ევროკავშირის გაზის შიდა ბაზარზე და გამხდარიყო ევროკავშირისათვის საწვავის სტრატეგიული მიმწოდებელი. გაზის მილების გაყვანა იგეგმებოდა შემდეგი მიმართულებით: კატარი - საუდის არაბეთი - იორდანია - სირია - თურქეთი - ევროკავშირი. თუმცა, ირანისა და რუსეთის დიდი ძალისხმევის შედეგად ბაშარის რეჟიმმა გაუძლო მრავალათასიანი შეიარაღებული ბოევიკების შემოტევას და ბოლო პერიოდში გაიმყარა პოზიციები ქვეყნის შიგნით.
– რუსეთის ფედერაცია.
სირიაში გადაიკვეთება რუსეთის და აშშ–ს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესები (საბჭოთა კავშირმა 1971 წ. მიაღწია შეთანხმებას ჰაფეზ ასადთან პორტ ტარტუსში ხმელთაშუა ზღვის სამხედრო–საზღვაო ფლოტის 5–ე ესკადრა განელაგებინათ).
ცნობისთვის, ჯერ კიდევ 2010 წელს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ მალავდა სამომავლო გეგმებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსების სამხედრო ბაზები (სამხედრო–საზღვაო ძალების ბაზირების პუნქტები) განლაგებულიყვნენ არა მარტო ტარტუსში, არამედ ასევე კუნძულ სოკოტრაზე (იემენი) და ტრიპოლის პორტში (ლიბია). თუმცა, არაბულმა გაზაფხულმა, რამაც გამოიწვია ძირეული ცვლილებები რეგიონის პოლიტიკურ ვითარებაში, ეჭვის ქვეშ დააყენა კრემლის ეს გეგმები.
ლიბიის კონფლიქტის დროს, რუსეთმა, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვეტოსგან თავი შეიკავა, რამაც გამოიწვია მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობა და მრავალწლიანი მოკავშირის დაკარგვა ჩრდილო აფრიკაში (ლიბია რუსეთისათვის ამ რეგიონში იყო ძირითადად
იარაღის გასაღების ბაზარი). სირიის შემთხვევაში კი რუსეთი კბილებით იცავს ბაშარ ასადს, რაც პირდაპირ ჯდება მის გეოსტრატეგიულ ინტერესებში.
იმ შემთხვევაში თუ აშშ–მა და მისმა არაბულმა მოკავშირეებმა (სუნიტური მონარქიები) შეძლეს ირან-სირიის და რუსეთ–სირიის ალიანსის განადგურება – ისინი ამით მიაღწევენ ირანის და რუსეთის გავლენის დასუსტებას, ასევე ისინი (იგულისხმება პირველ რიგში - აშშ) გახდებიან დომინანტური ძალა ახლო აღმოსავლეთში, რაც გაზრდის აშშ–ს გავლენას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
აშშ–ს პოზიცია პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებში ამ მეტად მნიშვნელოვან რეგიონში გაძლიერდება (რუსეთის, ირანის და შედარებით ნაკლებად თურქეთის ინტერესების ხარჯზე).
ბაშარის რეჟიმის დამხობით რუსეთი კარგავდა ერთადერთ მრავალწლიან საიმედო მოკავშირეს არაბულ სამყაროში, ასევე:
- სამხედრო პლაცდარმს რეგიონში (სამხედრო დანიშნულების ტარტუსის პორტი)
- იარაღის გასაღების ბაზარს
- და რაც ყველაზე საყურადღებოა: კატარის გაზის მეგაპროექტის განხორციელების შემთხვევაში, „გაზპრომი“-ს პოზიციები მსოფლიო ენერგო ბაზარზე საგრძნობლად შესუსტდებოდა.
რეგიონულ დონეზე ქვეყნების ინტერესთა განლაგება შემდეგია:
– თურქეთი. სირიაში სამთავრობო ძალებსა და შეიარაღებული ოპოზიციის დაპირისპირების დაწყებისთანავე თურქეთმა სირიელი „ძმებ მუსლიმები“-ს მხარე დაიჭირა (მათი აქტიური დაფინანსება და შეიარაღება დაიწყო მხოლოდ 2012 წლიდან), რადგან ანკარა თავიდანვე ცდილობდა სირიის მთავრობაში მოეყვანა „ძმები მუსლიმები“. ამისათვის ის ახალისებდა ბაშარის ოპოზიციის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკური რეფორმების მოთხოვნების განხორციელებას, თუმცა დაპირისპირება მალე გადაიზარდა სისხლიან შეტაკებებში და ანკარამაც შეცვალა თავისი მიდგომა (დამასკოსთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა, სირიის ნაციონალური საბჭოს მხარდაჭერა და ა.შ.). ერდოღანი ღიად მოუწოდებდა საერთაშორისო საზოგადოებას ბაშარის რეჟიმის დამხობისაკენ. თუმცა, თურქეთის მცდელობამ კრახი განიცადა - ერდოღანმა ბოლომდე ვერ შეაფასა რუსეთის და ირანის მზაობა ბოლომდე დაიცვან ბაშარის რეჟიმი. ამას დაემატა ანკარას საგარეო პოლიტიკური მარცხიც - ეგვიპტეში „ძმები მუსლიმები“-ს რეჟიმის დამხობა.
ერდოღანი, როგორც ჩანს, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გადავიდა თავდაცვის პოზიციაში, რათა თავიდანვე აეცილებინა სირიის კონფლიქტის უარყოფითი გავლენა თურქეთზე. ანკარას მთავარი ამოცანა დღეს მდგომარეობს იმაში, რომ არ მოხდეს სირიის დაშლა და ქურთული ავტონომიური რაიონების შექმნა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მის ტერიტორიულ მთლიანობას.
უახლოეს მომავალში, თურქეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს სირიის სუნიტური ოპოზიციის ფინანსურ, დიპლომატიურ და სამხედრო მხარდაჭერას.
– საუდის არაბეთი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარე სირიის ოპოზიციის დაფინანსებასა და შეიარაღების თვალსაზრისით. ძირითადი აქცენტი კეთდება ვაჰაბიტური დაჯგუფებებზე.
საუდის არაბეთის სირიის კონფლიქტში ჩარევის უმთავრესი მოტივაცია 3 ნაწილისაგან შედგება:
1) საუდის არაბეთს სურს თავი წარმოაჩინოს, როგორც მთელი რეგიონის არაბი-სუნიტების მფარველი
2) საუდიტები თავიანთ თავს გავლენიან რეგიონულ ისლამურ ძალად მიიჩნევენ
3) საუდიტები ასევე აქტიურად მუშაობენ, რათა დაასუსტონ შიიტური
ირანი და კონტროლის ქვეშ ყავდეთ „ძმები მუსლიმები“.
საუდის არაბეთი ყოველთვის შეშფოთებით აკვირდებოდა შიიტური ირანის რეგიონული გავლენის ზრდას ჯერ კიდევ ფეჰლევიანთა შაჰის დინასტიის მმართველობის დროიდან (ბოლო წლებში კი განსაკუთრებით). შეგახსენებთ, რომ 2001 წ. ავღანეთში თალიბების და 2003 წ. ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმების დამხობამ გამოიწვია შიიტური ირანის გავლენის გაფართოება, რადგან თალიბებისა და ბაასისტების რეჟიმები ატარებდნენ ანტი-ირანულ პოლიტიკას. მათ მმართველობის პერიოდში კი ადგილობრივი შიიტების პროტესტი უკიდურესი სისასტიკით იხშობოდა, აღნიშნულ ქვეყნებში მათ არ გააჩნდათ არანაირი პოლიტიკური გავლენა, თეირანი კი ვერ უწევდა რეგიონის შიიტურ თემებს სათანადო ფინანსურ თუ სამხედრო დახმარებას. საუდიტების დაძაბულობამ კი იმატა მის მერე, რაც დაანონსდა დასავლეთის პოზიცია ირანისათვის სანქციების მოხსნის შესახებ.
ერ-რიადის უარყოფითი დამოკიდებულება „ძმები მუსლიმების“ მიმართ განპირობებულია იმით, რომ უკანასკნელის იდეოლოგიურ-პოლიტიკურ შეხედულება აგებულია რელიგიასა და პოლიტიკის შერწყმაზე, რაც თავის მხრივ იწვევს საუდიტების უკმაყოფილებას, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ მოახდინონ მონოპოლიზირება ამ მიმდინარეობაზე. ცნობისთვის, საუდის არაბეთმა დააფინანსა და მიესალმა ეგვიპტის სამხედრო გადატრიალებას (2013 წ. ივლისი), რომელმაც ხელისუფლებას ჩამოაშორა „ძმები მუსლიმები“. იგივე პოლიტიკა ახასიათებს საუდიტებს სირიის „ძმები მუსლიმების“ მიმართ - ძირითადი ფინანსური დახმარება და შეიარაღება მოდის ვაჰაბიტურ დაჯგუფებებზე.
საუდის არაბეთი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს მცდელობებს დაასუსტოს ასადის რეჟიმი, „ძმები მუსლიმები“ და ირანი.
– იორდანიის ჰაშემიტური სამეფო. ამანი დიდი ხნის მანძილზე განიცდიდა ძლიერ ზეწოლას ჩრდილოელი მეზობლისაგან. მაგალითისთვის, 1970 წ. სექტემბერში, როცა იროდანიაში მოხდა პალესტინელთა ამბოხი, რომელიც იყო მიმართული მმართველი სამეფო დინასტიის დამხობისაკენ, დამასკომ ამბოხებულთა დასახმარებლად გააგზავნა სატანკო დივიზიები, თუმცა მონარქიამ დასავლელი მეგობრების დახმარებით გაანეიტრალა საფრთხე და ქვეყნიდან გააძევა ათასობით პალესტინელი.
სირიის კრიზისის მიმართ კი იორდანიის პოლიტიკაში გამოიკვეთა ანტი–ასადური (რაც გასაკვირი არაა თუ გავითვალისწინებთ ახლო წარსულს) და ამავდროულად პრო–ისლამისტური ვექტორი (თვით იორდანიაში ქვეყნის დაზვერვის სამსახური "მუჰაბარატ ალ–ამმა" მკაცრ კონტროლს უწევს ისლამისტთა ჯგუფების ნებისმიერ აქტიურობას, რომელიც მიმართულია ჰაშიმიტების მონარქისტული რეჟიმის წინააღმდეგ).
– ეგვიპტე მუხამედ მურსის პრეზიდენტობის პერიოდში (2012 წ. ივნისი - 2013 წ. ივლისი) პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა სირიის ოპოზიციურ მოძრაობას. 2013 წ. ივნისში მუჰამედ მურსიმ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და თავის მომხრეებს მოუწოდა ჯიჰადისაკენ ბაშარის რეჟიმის წინააღმდეგ. თუმცა ეგვიპტის სამხედროებმა, რომლებიც არიან ქვეყნის ერთიანობის და სტაბილურობის გარანტი მიიჩნიეს, რომ პრეზიდენტ მ. მურსის ამგვარი რეგიონული ავანტიურა გამოიწვევდა დიდ დაპირისპირებას ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა შიიტური ირანი და რუსეთი, გადაწყვიტეს ბოლო მოეღოთ „ძმები მუსლიმების“ ერთწლიან მმართველობას. სამხედრო გადატრიალების მეთაურმა გენერალ აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ მალევე აღადგინა სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა.
– ერაყი. როდესაც აშშ–მა დაამხო სადამ ჰუსეინის რეჟიმი, ხელისუფლებაში მოვიდნენ შიიტები (2004 წლიდან ერაყის პრემიერ–მინისტრის პოსტზე იმყოფებიან შიიტები – აიადი ალაუი (2004–2005 წწ.), იბრაგიმ ალ–ჯააფარი (2005–2006 წწ.), ნური ალ–მალიკი (2006–2014)), რომლებიც ერაყის დაარსებიდან (1921 წ.) იმყოფებოდნენ დამცირებულ მდგომარეობაში. სუნიტურ უმცირესობას მხარდაჭერას უცხადებენ ნავთობ–მონარქიები. მას შემდეგ, რაც აშკარად გამოიკვეთა სირიის სამთავრობო ძალების უპირატესობა და ისლამისტური ოპოზიციის უსუსურობა დაამხონ ბაშარ ასადი, ერაყში ბოლო თვეების მანძილზე გრძელდება უწყვეტი ტერორისტული აქტები შიიტების წინააღმდეგ. სავარაუდოდ, ამგვარი მეთოდებით ნავთობ–მონარქიები ცდილობენ გამოიწვიონ ერაყში სამთავრობო კრიზისი და ოპოზიციის გააქტიურებით გადააყენონ ნური ალ–მალიკის მთავრობა, როლემსაც ოპონენტები უწოდებენ "თეირანის კაცს" (ერაყში შიიტები შეადგენენ 65%).
– ირანის ისლამური რესპიბლიკა. ალავიტების რეჟიმის შენარჩუნება თეირანისათვის წარმოადგენს სტრატეგიულ ამოცანას.
გენერალი კასემ სულეიმანი (ისლამური რევოლუციის გვარდიის სარდალი) აღნიშნავს, რომ სირია წარმოადგენს პლაცდარმს ისრაელისა და აშშ-ს ინტერესების წინააღმდეგ, ასევე სუნიტური ნავთობ-მონარქიების მზარდი გეოპოლიტიკური გავლენის შესაჩერებლად. თავის მხრივ, სუნიტური მონარქიები ეწინააღმდეგებიან ე.წ. „შიიტური ნახევარმთვარის“ ღერძის ჩამოყალიბებას, რაც პირდაპირ ურტყამს მათ ინტერესებს. დოხა და ერ-რიადი მიიჩნევს, რომ ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობით ირანის გავლენა შესუსტდება ასევე ლიბანშიც, სადაც შიიტური სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია „ჰეზბოლა“ პოლიტიკურ პროცესებში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს (ლიბანის მოსახლეობის 27 % შიიტია).
ირანი ეხმარება დამასკოს გაუძლოს საერთაშორისო სანქციებს - თეირანმა არაერთხელ გამოუყო სირიის ხელისუფლებას მრავალმილიონიანი კრედიტები; ასევე გააგზავნა ასობით სამხედრო და დაზვერვის სამსახურის მრჩეველი, რათა დაეხმარონ სირიის უშიშროების სამსახურებებს ჩაახშონ ოპოზიციის შეიარაღებული წინააღმდეგობა; მიაშველა ლიბანის „ჰეზბოლა“, რომელმაც თავი გამოიჩინა მთელ რიგ ბრძოლებში ისლამისტი ბოევიკების წინააღმდეგ. კრიტიკული მომენტის მოახლოების შემთხვევაში, ირანი მზადაა გააგზავნოს სირიაში რევოლუციური გვარდიის 30 000-მდე მებრძოლი და ათასობით შიიტი მოხალისე.
აღსანიშნავია, რომ, იმ შემთვევაში, თუ დასავლეთმა მაინც გადაწყვიტა ბაშარის რეჟიმის ძალისმიერი გზით დამხობა (იგულისხმება ნატო-ს ან აშშ-ს ჯარების გამოყენებით), ირანის პოზიცია გახდება უფრო რადიკალური და უკომპრომისო - თეირანი გააძლიერებს ბაშარის რეჟიმის მხარდაჭერას მორიგი მრავალათასიანი მოხალისეების გაგზავნით, ფინანსური და სამხედრო-ტექნიკური აღჭურვილობის მიწოდებით. კონფლიქტი კი გადაიზრდება უფრო სასტიკ და სისხლიან დაპირისპირებაში, რაც აუცილებლად აისახება რეგიონული ქვეყნების სტაბილურობაზეც... ერაყის ბოლო დროინდელი მაგალითი ზუსტად ამაზე მიუთითებს...