x
image
მანჩო 777
ოსვენციმი - ფაშისტური სისასტიკის მუზეუმი
ოსვენციმი (გერმ. Konzentrationslager Auschwitz) — ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკების ქსელია პოლონეთის ტერიტორიაზე. ეს დაწესებულება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთის დაპყრობის შემდეგ აშენდა. ეს იყო გერმანელების მიერ აგებული ყველაზე დიდი საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც შედგებოდა რამოდენიმე ბანაკისგან.
ოსვენციმი 60-იოდე კილომეტრით არის დაშორებული ქალაქ კრაკოვიდან. ბანაკი თავდაპირველად პოლიტიკური პატიმრებისთვის იყო გათვლილი, თუმცა შემდგომ საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია გაფართოვდა. აქ გერმანელების მიერ დაპყრობილი ტერიტორიებიდან მოჰყავდათ ებრაელები, ბოშები, სამხედრო ტყვეები.
1939 წელს, მას შემდეგ, რაც ოსვენციმი გერმანელმა ჯარისკაცებმა დაიკავეს მათ ქალაქს აუშვიცი დაარქვეს. 1940 წელს ჰაინრიხ ჰიმლერის უშუალო ბრძანებით დაიწყო საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობა. ამავე წლის ივნისში აქ მიიყვანეს პირველი პოლონელი პოლიტპატიმრები.
ბანაკი 1945 წლამდე მოქმედებდა, ამ პერიოდის განმავლობაში აქ უამრავი ადამიანი დახოცეს. 1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა ჯარების მიერ მოხდა ოსვენციმის გათავისუფლება, ეს დღე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ ითვლება. ოსვენციმი მსოფლიოში ერთადერთი საკონცენტრაციო ბანაკია, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობადაა აღიარებული.
1947 წელს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გაიხსნა მუზეუმი.


image



თუ დედამიწაზე არსებობს ჯოჯოხეთი, ეს ჯოჯოხეთი ოსვენციმშია. ეს ადგილი ყველა ადამიანმა უნდა მოინახულოს, რომ გავიგოთ, ვინ ვართ ჩვენ, საიდან მოვდივართ და რა შეუძლია ადამიანის სისასტიკესა და ბოროტებას. ყოველივე ეს საჭიროა იმისათვის, რომ ის, რაც ამ შენობის კედლებში ხდებოდა, აღარასოდეს განმეორდეს.


image


მოდით, მცირე ექსკურსი მოვაწყოთ ამ საზარელ მუზეუმში.



მუზეუმი ორი ნაწილისაგან შედგება: აუშვიცი1 და აუშვიცი2. ბანაკები ერთმანეთისაგან 3 კილომეტრითაა დაშორებული.

აუშვიცი 1-ის შესასვლელთან მოჩანს ცნობილი წარწერა «Arbeit macht frei», რაც ნიშნავს "შრომა გვჩუქნის თავისუფლებას".

ამ საშინელ მუზეუმში უამრავი ერთსართულიანი შენობაა, აქვეა გაზის კამერების ნანგრევები და კილომეტრებზე გადაჭიმული ეკლებიანი მავთულხლართები.


image


ბანაკის გახსნის პირველი ორი წლის განმავლობაში ტყვეების რიცხვი 16 000-ს შეადენდა, ხოლო 1942 წლისათვის 20 000-ს მიაღწია.


image


შენობების შიგნით საშინელ სურათს ვაწყდებით: ეს კრემატორიუმის ღუმელებია, სადაც ყოველდღიურად ათასობით პატიმარს ფერფლად აქცევდნენ.


image


მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ექსპონატი ეს პორტატული სახრჩობელაა.


image


ბანაკში მყოფი პატიმრები კლასებად იყვნენ დაყოფილი: პოლიტიკურ პატიმრებს ტანსაცმელზე წითელი სამკუთხედი ჰქონდათ ნიშნად, სისხლის სამართლის დამნაშავეებს-მწვანე, ანტისაზოგადოებრივ პირებს-შავი, იეღოველებს-იისფერი, ჰომოსექსუალებს-ვარდისფერი.


image


აი ამ კედელთან ხოცავდნენ პატიმრებს, სროლისაგან ნახევრად დანგრეული კედელი აღდგენილი იქნა ომის დამთავრების შემდეგ.


image


აუშვიცი2 - მას მეორენაიარდ ბირკენაუ ერქვა, რკინიგზის შესასვლელით იწყება. სწორედ მატარებლით მოჰყავდათ აქ პატიმრები.


image


ბირკენაუში ამ ერთსართულიან ბარაკებში ათი ათასობით ებრაელი, პოლონელი და ბოშა იყო დატყვევებული. ამ ბანაკის მსხვერპლთა რიცხვი მილიონს აღწევდა.


image


მთელი ოკუპირებული ტერიტორიიდან აქ ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მოჰყავდათ რკინიგზის საშუალებით.


image


პატიმრებს ღამე ნარებზე ეძინათ, რომელიც სექტორებად იყო დაყოფილი. თითოეულ ნარზე 4 ადამიანს ეძინა. ტუალეტში ღამღამობით პატიმრებს არ უშვებდნენ.


image


სულ აუშვიცი2-ში ოთხი გაზის კამერა და ორი კრემატორიუმი იყო, სადაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანს გუდავდნენ და შემდეგ წვავდნენ.


image


ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ნაცისტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტების სერია, სადაც ლაბორატორიის ვირთხის როლში ძირითადად ევროპაში მცხოვრები ებრაელები აღმოჩნდნენ, ასევე ბოშები და უნარშეზღუდული არაებრაელი გერმანელებიც. ცდები, როგორც წესი, სიკვდილით, სერიოზული ზიანით ან სამუდამო უნარშეზღუდულობით სრულდებოდა.


image


ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე გამოაშკარავდა, თუ რა საშინელ ექპერიმენტებს ატარებდნენ ფაშისტები ადამიანებზე, თვლიდნენ რა, რომ ცხოველებზე ცდების ჩატარება მათი უფლებების შელახვას გამოიწვევდა-გერმანიაში ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარება აკრძალული იყო. როგორც ჩანს, ადამიანებზე, განსაკუთრებით კი ებრაელებზე წინ ისინი ცხოველებს აყენებდნენ.


მოდით გავიხსენოთ რამოდენიმე ამ საშინელი ექსპერიმენტებიდან:


ექსპერიმენტი ტყუპებზე


საკონცენტრაციო ბანაკებში აქტიურად სწავლობდნენ იდენტურ ტყუპებს, რათა მათი მსგავსებები და განსხვავებები დაწვრილებით გამოეაშკარავებინათ, ასევე გაეგოთ, შესაძლებელი იყო თუ არა ტყუპების ჩასახვის ხელოვნურად გამოწვევა და ამ გზით არიული რასის სწრაფად გაფართოება. ამ ექსპერიმენტების ლიდერი და მეთვალყურე იყო იოზეფ მენგელე, რომელიც სისასტიკის გამო ცნობილი გახდა, როგორც „სიკვდილის ანგელოზი”.


image


1943-44 წლებში ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მან დაახლოებით 1500 წყვილი გამოიკვლია და მათგან მხოლოდ ასიოდე გადარჩა ცოცხალი.

ოსვენციმში მენგელემ ასაკისა და სქესის მიხედვით დაჯგუფებულ ტყუპებზე დაიწყო გენეტიკასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი ექსპერიმენტების ჩატარება, დაწყებული თვალში წამლის შეშხაპუნებიდან იმის გასარკვევად, შესაძლებელი იყო თუ არა გარსის ფერის შეცვლა, დამთავრებული ტყუპების ერთმანეთზე მიკერებით, რათა ხელოვნურად მიეღო ერთი ორგანიზმი (სიამის ტყუპები). მათ, ვისაც ექსპერიმენტში სარგებელი აღარ ჰქონდათ, მენგელე პირდაპირ გულში უკეთებდა ქლოროფორმის დოზას.



ექსპერიმენტი თავის დაზიანებაზე


1942 წელს ოსვენციმში დაიწყეს საიდუმლო ექსპერიმენტები, რომელიც ნაცისტური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერის, დოქტორ ვიჩმანის მეთვალყურეობით ტარდებოდა. ექსპერიმენტის დროს 11-12 წლის ბიჭი მაგრად დააბეს სკამზე, რათა არ ემოძრავა. მის ზემოთ იყო მექანიკური ჩაქუჩი, რომელიც რამდენიმე წამში ერთხელ ცდის ობიექტის თავზე ეშვებოდა და მსუბუქ დარტყმას აყენებდა. ვიჩმანი მშვიდად ადევნებდა თვალს მის ნელ, შეუბრალებელ და დაუსრულებელ წვალებას, ბიჭმა კი ვერ გაუძლო წამების ამ მეთოდს და საბოლოოდ ჭკუიდან შეიშალა.



ექსპერიმენტი ხელოვნურ განაყოფიერებაზე


ჰაინრიხ ჰიმლერმა თავად უბრძანა გერმანელ ექიმებს, სხვადასხვა მეთოდებით მოეხდინათ ბანაკის მაცხოვრებელ ქალთა ხელოვნური განაყოფიერება. კარლ კლაუბერგმა ოსვენციმში 300 ქალზე ჩაატარა ექსპერიმენტი, განაყოფიერებისას აბამდა და ამცირებდა მათ. ეუბნებოდა, რომ იყენებდა ცხოველის სპერმას, რათა მათსა და ადამიანს შორის შუალედური არსება შეექმნა და ისინი მალე მუცლით მონსტრის მატარებლები გახდებოდნენ. თუმცა რეალურად სპერმას ებრაელი ტუსაღებისგან მოიპოვებდნენ ხოლმე. განაყოფიერება ტარდებოდა სიფრთხილის გარეშე და იწვევდა ქალური გენიტალიების დაზიანებასა და ინფექციებს.



ექსპერიმენტი ზღვის წყალზე


1944 წლის ივლისიდან სექტემბრამდე ოსვენციმის და დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკებში ნაცისტები შეისწავლიდნენ სხვადასხვა მეთოდებს, რომელთა მეშვეობითაც, მათი აზრით, მარილიანი წყალი სასმელად ვარგისი გახდებოდა. ჰანს ეპინგერის მეთვალყურეობის ქვეშ დაახლოებით 90 ბოშა საკვების გარეშე დატოვეს, სასმელად კი მხოლოდ ზღვის წყალს აძლევდნენ. ამან ცხადია, მათ ორგანიზმს სერიოზული ზიანი მიაყენა. სხეული იმდენად გამოეფიტათ, რომ მალე ახლადმოწმენდილი იატაკის ლოკვა დაიწყეს, რათა სასმელად ვარგისი წყლის წვეთები ამ გზით მაინც მიეღოთ.



ექსპერიმენტი შხამზე


image


ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ფაშისტები სხვადასხვა სახის საწამლავების ეფექტურობას ცდიდნენ. ბანაკში დატყვევებულ ადამიანებს ყოველდღიურ საკვებ ულუფაში ჩუმად ურევდნენ შხამს, ისე რომ მათ ამაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. პატიმრები მალევე იღუპებოდნენ ან მოწამვლის გამო, ან ნაცისტი ჯალათების ხელით, რათა შემდეგ ექიმებს გვამი გაეკვეთათ და ორგანიზმი დაეთვალიერებინათ. ზოგჯერ კი ექსპერიმენტის ობიექტებს მომწამლავ ტყვიებს ესროდნენ, რაც მათ ტანჯვას და ხშირად სიკვდილს იწვევდა.



ექსპერიმენტი ნაადრევ ორსულობაზე


თუკი ორსულობის პერიოდის ხანგრძლივობის შემცირება შესაძლებელი გახდებოდა, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა არიული რასის სწრაფი და ეფექტური ზრდისთვის. ნაადრევი ორსულობის გამომწვევი მეთოდები იყო ხელოვნური ჩარევა და საშვილოსნოდან ნაყოფის ამოყვანა ან ხსნარის შეშვება მშობიარობის მომენტის დადგომისთვის. ამ პროცედურების შემდეგ ქალები მძიმედ ავადმყოფობდნენ და უმეტესი მათგანი მალე იღუპებოდა.



ექსპერიმენტი სტერილიზაციაზე


1933 წლის 14 ივლისს გერმანიაში შემოიღეს კანონი, რომელიც მიმართული იყო გენეტიკური დაავადებების მქონე შთამომავლობის გაჩენის შეჩერებისკენ. ამ კანონის შედეგად ნაცისტებს მწვანე შუქი აენთოთ „არასასურველი” ადამიანების სტერილიზაციისთვის. კონკრეტულად კი ამ ადამიანთა რიცხვში შედიოდნენ გონებასუსტები, შიზოფრენიით დაავადებულნი, ალკოჰოლისკენ მიდრეკილები, გიჟები, ბრმები, ყრუები და ფიზიკური სიმახინჯის მქონეები. ასეთებს გენეტიკურად დეფექტურებს უწოდებდნენ და მათი შემცირების ხარჯზე არიული რასის გაზრდა იგეგმებოდა. კანონის მიღებიდან ორ წელიწადში სტერილიზაცია გაუკეთეს მოსახლეობის 1%-ს, რომელთა ასაკი 17-დან 24 წლამდე იყო, 4 წელიწადში კი მათმა რიცხვმა 300 000 სული შეადგინა. 1941 წლის მარტიდან 1945 წლის იანვრამდე ამ ტიპის ექსპერიმენტებს ოსვენციმში, რავენსბრიუკსა და სხვა ბანაკებში ხელმძღვანელობდა ექიმი კარლ კლაუბერგი. მისი მიზანი იყო სტერილიზაციის ისეთი მეთოდის შექმნა, რომლის მეშვეობითაც მინიმალურ დროში და უმცირესი ძალისხმევით მილიონობით ადამიანს ჩამოართმევდნენ შთამომავლობის დატოვების უნარს. ექსპერიმენტებში გამოიყენებოდა იქს-სხივები, ქირურგიული ჩარევა და სხვადასხვა წამლები. ეს მეთოდები ათასობით ადამიანზე გამოსცადეს. იოდისა და ვერცხლის ნიტრატიანი ხსნარის ვენაში ინექციას ნაცისტებისთვის სასარგებლო შედეგები მოჰქონდა, თუმცა მძიმე გვერდითი ეფექტებიც გააჩნდა, როგორიც იყო ვაგინალური სისხლდენა, ძლიერი ტკივილები მუცლის არეში და საშვილოსნოს ყელის კიბო. ამის გამო სტერილიზაციის საუკეთესო გზად რადიაცია აღიარეს. გარკვეული დოზით დასხივებები ორგანიზმს უსპობდა კვერცხუჯრედის ან სპერმის წარმოქმნის უნარს. ამასთან, ეს ხდებოდა პაციენტთა მოტყუების გზით – ისინი შეჰყავდათ სპეციალურ ოთახში და კითხვარების შევსებას სთხოვდნენ, რასაც 2-3 წუთი სჭირდებოდა. ამ დროს ირთვებოდა რადიაციის აპარატი და ოთახიდან გასული ადამიანი უკვე უშვილო იყო. თუმცა დოზის გადამეტების გამო ბევრ მათგანს რადიაციული დამწვრობა ემართებოდა.


image


ბოდიშს გიხდით იმისათვის, რომ საკმაოდ მძიმე პოსტი გამომივიდა, მაგრამ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის მუზეუმი მკაცრი გაფრთხილებაა ჩვენთვის, რომ არ დაგვავიწყდეს ომის საშინელება და გვახსოვდეს, თუ რა სასტიკი და დაუნდობელი შეიძლება იყოს ადამიანი.

18
1218
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1218
  
2021, 3 აგვისტო, 2:24
უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის! ეს არის ყველაზე შემზარავი და საშინელი სურათი ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე საშინელებათა ჟანრი რაც მიყურებია ფილმებშიც. წარმოდგენაც მზარავს ის რომ ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდა! სულ ვიძიებსი ამის სრულ და ამ9მწურავ 8ნფორმაციას და, დიდი მადლობა, მე ის ვიპოვე. მე თქვენი სტატიის საშუალებით რომელიც პოლონეთში ვარ და ვგეგმავ იქ შესვლას. მე დამეხმარები ძალიქნ. დიდი მადლობა(((
2014, 22 ივლისი, 0:31
მანჩო აღფრთოვანებული ვარ, მეგონა რაღაც ვიცოდი ამ საკითხზე, მაგრამ წაკითხვის დაწყებიდანვე მივხვდი, რომ მე უზომოდ ცოტა ვიცოდი,,,,, ერთი მხრივ უდიდესი სიამოვნება მივიღე ასეთი ძლიერი სტატიის წაკითხვის გამო, მეორე მხრივ კი საშIნლად დავუთრგუნე, რა ვართ ადამიანები,, როგორი ცივები და უგულოები,,,,ახლა ამ სიტყვებს ვწერ და დავმწუხრდი, და იცი რაზე?! იმაზე, რომ გავა ორი წუთი და აღარ მემახსოვრება ეს ამბავი, და შეიძლება კიდევ ბევრი დრო გავიდეს და არ გამახსენდეს,,,,საშინელებაა ზოგჯერ ადამიანობა :((( თუმცა უკვე აღარ ვიცი რას ვუწოდოთ ადამიანობა?!
2014, 20 ივლისი, 22:04
მეც მაგ აზრზე ვარ...უნდა იცოდე, რას ნიშნავს ომი, იმისათვის, რათა დააფასო მშვიდობა
2014, 20 ივლისი, 22:00
მეც რამოდენიმე დოკ.ფილმი მაქვს ნანახი და სტატია მაქვს წაკითხული ოსვენციმის შესახებ, მინდოდა აქაც ყოფილიყო სტატია ამიტომ გთხოვე ვიცოდი კარგად გააკეთებდი, ვფიქრობ ბევრად სასარგებლოა ვიცოდეთ რა მოაქვს ომს და სიძულვილს,რაც შეეხება ბომონდს და მსგავსი ამბები საერთოდ არანაირ ინტერესს ჩემში არ იწვევს
2014, 20 ივლისი, 21:49
მეც ინტერესში ჩავვარდი.... ინფორმაციის ძებნაში იმდენი ახალი რამ შევიტყვე და წავიკითხე, რაც არ ვიცოდი. ასე რომ ჩემ,თვისაც სასარგებლო იყო თქვენი თხოვნის შესრულება:) ყველა ბომონდზე ხომ არ ადწერს, სერიოზული თემებიც საჭიროა ხანდახან.
2014, 20 ივლისი, 21:44
პირიქით მადლობა თხოვნა რომ შემისრულე :)
2014, 20 ივლისი, 21:39
კიდევ ერთხელ მადლობა:)
2014, 20 ივლისი, 21:37
გააგრძელეთ საინტერესო სტატიების წერა, მე თქვენი სტატიების აქტიური მკითხველი ვარ
2014, 20 ივლისი, 21:32
მადლობა, ჩემო კარგო, გაიხარეთ.... ვეცადე ძალიან შემზარავი ამბებისაგან თავი შემეკავებინა.
2014, 20 ივლისი, 21:28
ეს არის საუკეთესო სტატია რაც აქ მე წამიკითხავს, მადლობა და რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა უნდა წაიკითხოს, რა თქმა უნდა ყველაფრის დაწერას ოსვენციმის შესახებ ვერ მოახერხებდი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ საუკეთესო და ძალიან საინტერესო სტატიაა, პრინციპში მე დარწმუნებული ვიყავი სანამ გამოაქვეყნებდი მანამდეც
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10