საზოგადოება ... და კიდევ ერთხელ - "ვარსკვლავების" ეპოქა 2014, 11 ივლისი, 23:20 რაც დრო გადის, მით მეტად ვრწმუნდები ჩემს მიერ გაკეთებული ყველა საქმის საჭიროებასა და სიკეთეში. ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ისე მივეჩვიე საყვედურების თქმას და მათზე ურეაქციოდ ყოფნას, რომ ხანდახან სურვილი მიჩნდება საკუთარ თავს, თავადვე ვუთხრა – რა მაგარი ყოფილხარ-თქო! მიუხედავად იმისა, რომ ამაში ფულს არავინ გადამიხდის, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ხმა მხოლოდ (!) დღეს დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. თორემ, ვიცი გავა წლები, დრო თავის ადგილს მიგვიჩენს ყველას და ისტორია გასცემს პასუხს შეკითხვაზე – ვინ ვარ მე?! რა მინდოდა, რა მინდა ახლა და რა მენდომება მომავალში!
* * * ჟურნალი „ვარსკვლავები” ქართული შოუ-ბიზნესის ერთადერთი (!) ჭეშმარიტი მემატიანე რომაა, ამას ისტორია ამბობს, იმ ადამიანებთან ერთად, ვისთან ერთადაც იწერებოდა ეს ისტორია. ამასწინათ, ძველ, ძალიან ძველ „ვარსკვლავებს” ვათვალიერებდი, აგერ რას ამბობს ჯგუფი „სახე” 1997 წელს – გვჯერა, რომ მომავალში ეს გაზეთი (მაშინ „ვარსკვლავები” გაზეთად იწოდებოდა) იამაყებს თავისი გაკეთებული საქმეებით და ჩვენც ყოველთვის მადლობას გადავუხდით მას, ჯგუფ „სახის” გვერდში დგომისათვის, ჩვენ გვიხარია, რომ ვართ ერთმანეთის მასალა. აგერ 2002 წლის „ვარსკვლავები”, აი, რას ამბობენ „ქუჩის ბიჭები” – სიმართლე ერთია, თუ დღეს ჩვენ პოპულარულები ვართ, ამაში ყველაზე დიდი დამსახურება ჟურნალ „ვარსკვლავებს” მიუძღვის! აგერ, 1999 წლის ნომერი, რას ამბობს ჯგუფ „ვაკის პარკის” სოლისტი ზაზა ხუციშვილი – ამ გაზეთის არსებობა უკვე სტიმულია ჩვენთვის, ჩემს ჯგუფს უკვე ორჯერ შეახვედრა თავისი მკითხველი „ვარსკვლავებმა” და მე ბესო ჩუბინიძის მადლობელი ვარ! აქვე 1998 წლის ნომერიც, რას ამბობს სტეფანე ჩვენზე – მოხარული ვარ და მადლობელი თქვენი, რადგან საშუალება მომეცით ფართო საზოგადოების წინაშე წარვმდგარიყავი და ყველას თქვენი საშუალებით ვულოცავ სიყვარულის დღეს! ასე და ასე, ასობით ასეთი წერილი და ციტატები ჩვენი ყურის გასაგონად, ასობით სხვადასხვა მომღერლისაგან, ასობით საღად მოაზროვნე ადამიანისგან, მათგან ვისაც სჭირდებოდა მაშინ „ვარსკვლავები”, როცა ყველაზე რთული იყო მათი პოპულარობა და პირველი ნაბიჯები, როცა არსებობდა ბევრი სინდისი და ცოტა ფული, მაგრამ როცა დღეს არსებობს დიდი ფული, იქ უკვე აღარ არსებობს სინდისი და სხვა მსგავს სიტყვათა მარაგი, დღეს უკვე აღარაა მოთხოვნილება იბრძოლო ისტორიის ფურცლებზე მოსახვედრად, რამეთუ, შენ იქ უკვე ხარ! როგორ, ამას დღეს (!) მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. ახლა ის დროა, იგივე ფირფიტა, მეორე მხრიდან ატრიალო და სხვას უკმიო გუნდრუკი, ესეც დროებით, რამეთუ მალე ისევ გამოჩნდება ის სხვა! * * * ამასწინათ ერთ-ერთ ფესტივალზე მიმიწვიეს ქალაქ რუსთავში, რომლის დამთავრების შემდეგაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ინტერვიუს დროს მკითხა – რას ფიქრობთ თქვენი ქალაქის მუსიკალურ ფესტივალზე, თქვენი შვილი, პატარა ბაჩო რომ არ არის გამარჯვებულთა სიაშიო? გამეღიმა და – მიხარია-თქო! სრული სერიოზულობით მივუგე, აშკარად დაბნეულმა ჟურნალისტმა კი… – რა გიხარიათ? – ის, რომ იგი, ტყუილთზეიმში მონაწილეობასაც კი არ ღებულობს! – თქვენს შვილს საქართველოს ყველა ქალაქში ტაშს უკრავენ, ყველგან უყვართ და გული არ გწყდებათ, რომ საკუთარი თანაქალაქელები არ აფასებენ მას? – მერე ვინ გითხრათ, რომ ეს ჩემი თანაქალაქელების აზრია? – (დუმილი) ხო, მართლაც!!! * * * ადრეული ზაფხულის, გვიანი საღამო იყო. გრძელი სატელეფონო ზარის ხმა გაისმა ჩემს კაბინეტში. მე მკითხულობდნენ – ბაჩოს მამა ბრძანდებით, შვილო? გამეღიმა და მესიამოვნა – დიახ, გისმენთ ქალბატონო! – მინდა ძალიან მოგეფეროთ მე და ჩემი ელენე, ძალიან გვიყვარხართ და ბაჩო ჩამიკოცნეთ, როგორც თქვენ იმ დღეს ჩემი ელენიკო გაახარეთ, ღმერთმა ისე გაგახაროთ. ჭიათურიდან ვრეკავ შვილო, ჩემი შვილიშვილი მარეკინებს, 10 წლის ელენე და მეუბნება ბებო უთხარი, რომ კიდევ ჩამოვიდეს ბაჩო ჩვენთანო! ძალიან უყვარს თქვენი შვილი… ღიმილი მთელი დღე არ მოშორებია ჩემს სახეს, დილიდან კარგ ხასიათზე ვიყავი და სამუშაო განწყობაც გაასკეცებული მქონდა, მერეღა გამახსენდა, რომ ისევ თბილისში ვიყავი, ისევ საქართველოში, ისევ იმ ქვეყანაში, სადაც ხალხის აზრს ნაკლებად და იშვიათად თუ ვინმე აფასებს და უგდებს ყურეს! ამოვიოხრე და კვლავ მოვტყდი! * * * ჩემთვის ვფიქრობდი, ქართული შოუ-ბიზნესის არსებობის მანძილზე რამდენ ვინმესთან მქონია ურთიერთობა, სხვათაშორის რამდენ ვინმეს შემოუთავაზებია მენეჯერობა, პროდიუსერობა, პიარისტობა, დღეს რომ პირველთა სიაში არიან – იყავი ჩვენთვისო!!! უარი მითქვამს და დღესაც კი, ყველას უარს ვეუბნები და ეს, ამასწინათ მომხდარმა ერთმა ფაქტმა გამახსენა: – ახალი ჯგუფის წევრები შემეხმიანენ და არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ მთხოვეს, ჩვენი პროდიუსერი რომ იყოთ, შეგიძლიათო? გამეღიმა და მივხვდი, რომ ჩემი ღიმილი ვერ აღიქვეს ბიჭებმა, რომ ავუხსენი გაიგეს, – დღეს არსებული (!) ყველა ჯგუფის და ბევრი სოლო მომღერლის მენეჯერ–პროდიუსერ–პიარისტი შეიძლებოდა მრქმეოდა სახელად, მაგრამ ყოველთვის ჩუმად ყოფნა მერჩივნა ამ მხრივ, უამისოდაც შეგვიძლია შევქმნათ და გავავარსკვლავოთ ხალხი (მე შენ გეტყვი მაგალითების სიმცირეს ვუჩივი), ისედაც შეგვიძლია ყველას დახმარება, ტყუილად რატომ დავირქვათ სახელები, რომელიც ისე გაუფასურდა, რომ შეურაცხყოფადაც კი აღიქვამენ, მითუმეტეს დღეს, როცა ნამდვილად არ არის ჩვენი დრო, დღეს „ლამაზი ბიჭების” დროა, „მამას”, „გიჟოს”, „პატარას”, „გაიხარე”, „ფართის”, „დავეცის” „გენაცალე” და ათასი სხვა სისულელის, დღეს მათი დროა, დღეს ესაა „ცვეტში”, ასე რომ… ჩვენ „პას”…))))) * * * კიდევ ერთხელ და ალბათ არა უკანასკნელად, მინდა გავიმეორო, რამდენადაც ხშირად არ უნდა მომიწიოს სხვისი საყვედურებისა და „კრიტიკის”, ორაზროვანი და სამგანზომილებიანი, გადაკრული, თუმცა გაუმართავი წინადადებების მოსმენა, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები რაც დრო გადის, ჩემს მიერ გაკეთებული ყველა საქმის საჭიროებასა და სიკეთეში… ბესო ჩუბინიძე 74 1-ს მოსწონს
|