x
image
აჩიკუნა
მამა ვიტალი (სიდორენკო)
image


imageimage





















მამა ვიტალი (სიდორენკო) კრასნოდარის მხარეში დაიბადა 1928 წელს. როცა მისი დედა, ალექსანდრა (შემდგომში - მონაზონი ანდრონიკა), ორსულად იყო მასზე, უფალს ევედრებოდა: „ღმერთო, ისეთი შვილი მომეცი, შენც სათნო გეყოს და ხალხსაცო“. ერთხელ ძილში ორი მზე უხილავს და ხმაც გაუგია: „ერთი მზე შენს წიაღშიაო“. დაიბადა ყრმა. გადმოგვცემენ, ნათლობისას ყრმა ემბაზში ფეხზე იდგა და იღიმებოდაო, ხორცის ჭამა სულ პატარას აღუკრძალავს, ხოლო ოთხშაბათ-პარასკევს რძესაც არ აკარებდა პირს. მეშვიდე კლასში ყოფილა. ნეკრასოვის „რკინიგზის“ წაკითხვა უთხოვიათ, მას კი ასე წაუკითხავს: „სამყაროს მართავს მეფე დაუნდობელი. ეს მეფე სტალინიაო“. მის რელიგიურ „დანაშაულს“ პოლიტიკურიც მიემატა და სკოლიდან გარიცხეს.



16 წლის ვიტალიმ საბჭოთა პასპორტი დახია, რადგან მხოლოდ ზეცის მოქალაქეობა სურდა. მოძღვრის კურთხევით ტაგანროგში გადავიდა. იქ გარს შემოიკრიბა მორწმუნენი, რომლებიც მერე მისი სულიერი შვილები გახდნენ. ხშირად იჭერდნენ, სცემდნენ, შეურაცხყოფნენ. ამ შეჭირვებაში ტუბერკულოზი დამართნია. საავადმყოფოში ღამღამობით წამოდგებოდა თურმე და მძიმე ავადმყოფებისთვის ლოცულობდა, მის გვერდით რომ იწვნენ.




ხრუშჩოვის პერიოდი იდგა. მამებმა ვიტალი ბერად აღკვეცეს და აფხაზეთის მთებში გაუშვეს. აქ მან ისეთ სიმდაბლეს მიაღწია, ყველაფრისთვის უღირსად მიიჩნევდა თავს, ამიტომ საჭმელს, სასმელს, საწოლს, სამოსს ყველაზე უბრალოსა და შეურაცხს ეტანებოდა.



დიდი იყო ძმათა მიმართ მისი სიყვარულიც. ერთხელ ერთ ძმას, ძალზე მოშორებით რომ ცხოვრობდა, პურის გამოცხობა უთხოვია. მამა ვიტალის პური გამოუცხვია, მაგრამ ფეხსაცმელი ვერ უპოვია - ძმებს ჩაეცვათ და სოფელში წასულიყვნენ საქმეზე. ფეხები ნავთით დაუზელია და რამდენიმე კილომეტრი ქვიანი და თოვლიანი გზა ფეხით გაუვლია. მაგრამ ძმას უუკადრისებია მისი მიტანილი პური. მამა ვიტალი ხმაამოუღებლად დაბრუნებულა უკან.
დადგა 1969 წელი. მთებში უკვე სახიფათო იყო დარჩენა - მილიციამ რამდენჯერმე დაარბია იქაურობა. ბერებმა აკურთხეს მამა ვიტალი და ისიც თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, სადაც იმხანად მიტროპოლიტი ზინობი მაჟუგა მოღვაწეობდა (მეუფე ზინობის აღკვეცილია ბერად უწმიდესი და უნეტარესი, პატრიარქი ილია II). 1976 წელს მღვლად აკურთხეს. თუმცა არ უნდოდა, მაგრამ მეუფე ზინობის კურთხევით მოიხსნა ჯაჭვები, რომელსაც ჩვიდმეტი წელი ფარულად ატარებდა და მოძღვრობის ჯვარი აღიღო. ძალზე ჰყვარებია მამა ვიტალის ქართული ღვთისმსახურება, გალობა, დიდად აფასებდა თურმე ქართველ წმინდანებს. დიდი სინოდიკი ჰქონია და ყოველ წირვას ქართველების მოხსენიებით იწყებდა, რუსებს კი ამის მერეღა მოიხსენიებდა ხოლმე.



სოხუმში ომი დაიწყო ... საქართველოდან წასვლის კურთხევისთვის რომ მივიდოდნენ მასთან, უარს ეუბნებოდა:„ არ არის ეს ღვთის ნება! თქვენს ადგილას უნდა იდგეთ და ღმერთი თვითონ მოვა თქვენთან“. ამბობენ, რომ ახლაც გამოსცხადებია სულიერ შვილებს და საქართველოს დატოვება აუკრძალავს. მთელი ქვეყნიდან მოდიოდნენ მასთან ნუგეშის მისაღებად. მასთან შესვლისას „ღირს არსს“ ილოცებდი და მოძღვარს კურთხევას სთხოვდი, ის კი პასუხად მუხლს მოიდრეკდა შენს წინაშე, ხელზე გეამბორებოდა და აქეთ გთხოვდა კურთხევას (სულ ერთი იყო, კაცი იყავი თუ ქალი). ძალზე მკაცრი იყო მათ მიმართ, ვინც სასულიერო პირებს განიკითხავდა: როცა მღვდელი მსახურებას აღავლენს, ის ცეცხლის ალს ჰგავს. საკუთარი თავის დანახვა რომ შეეძლოს, ამხელა პატივისა თავადვე შეეშინდებოდა; იმ ადგილს უნდა ეამბოროთ, სადაც მღვდელი იდგა მსახურებისას, რადგან მადლით არისო განწმენდილი, იტყოდა ხოლმე.



სულიერ შვილებს დაუბარა, მუდამ უწმინდესის გვერდით მდგარიყვნენ. 1992 წლის 1 დეკემბერს კი მისი მართალი სული წარდგა უფლის წინაშე და მისთვის გამზადებული ადგილი დაიმკვიდრა. მიცვალებულს წესი უწმინდესმა და უნეტარესმა, პატრიარქმა ილია II-მ აუგო. როცა მამა ვიტალისთვის მიტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ ხელში, ყველამ დაინახა, როგორ გაშალა ხელი გარდაცვლილმა, ფურცლის ჩადების შემდეგ კი ისევ მომუჭა . ერთი ნუგეშის სიტყვა დაუტოვებია: „მოდით ჩემს საფლავთან, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებითო“, - ამიტომაც არის, რომ ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში, საკურთხევლის წინ, მის საფლავზე არასოდეს წყდება მლოცველთა დენა.



მოგონებები მამა ვიტალიზე :
სქემიღუმენია სერაფიმა: „გარდაცვალების წინა დღეს უეცრად მან ხელით მანიშნა, რომ ფანჯარაზე ფარდები გადამეხსნა. მე ვკითხე: „ვის ხედავთ?“ იგი მდუმარედ მიყურებდა, შემდეგ თავის ხელს ემთხვია და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატზე მიმითითა. ხატი მივაწოდე და მან ყველა დაგვლოცა. შემდეგ ვკითხე: „დედა ღვთისმშობელი მობრძანდა?“ მან თავი დამიქნია და ატირდა.



მამა ვიტალი 1992 წლის 1 დეკემბერს 18 საათსა და 45 წუთზე გარდაიცვალა.
მობრძანდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რათა გამომშვიდობებოდა საყვარელ ადამიანს. მან თქვა: „თქვენ არ იცით, ვინ დავკარგეთ“. უწმიდესმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უვლიდა მამა ვიტალის და მიუთითა ოთახზე, სადაც ცხოვრობდა, ლოცულობდა და გარდაიცვალა უდიდესი ბერი, თან დასძინა: „მოდით, თაყვანი ვცეთ ამ ადგილს“.



მღვდელი პავლე კოსაჩი: „პატრიარქმა შენდობის ლოცვა წაიკითხა და მე გადმომცა იგი, რათა მამა ვიტალისთვის ხელში ჩამედო. ამ დროს მისი ხელის დიდი თითი გაიხსნა, მე ლოცვის ფურცელი მის ხელისგულზე დავდე - და ხელი თვითონ შეიკრა. იმდენად თავზარდაცემული ვიყავი, რომ მოულოდნელობისაგან წამოვიყვირე: „თვითონ გამომართვა!“ მოგვიანებით მივიღე ეს ფაქტი ჩვეულებრივად - ეს ადამიანი ხომ არაამქვეყნიური იყო“. უწმიდესმა პატრიარქმა თანხმობის ნიშნად უსიტყვოდ დაიქნია თავი და მსახურება განაგრძო .



უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით მამა ვიტალი დაკრძალულია წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის საკურთხევლის პირდაპირ, ტაძრის ეზოში. საფლავზე ჩაუქობლად ანთია კანდელი, არ ქრება სანთლები და ყოველთვის არის ყვავილები.





„შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის! რა ცოტას ელის ჩვენგან უფალი! ამაშია ჩვენი სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ სიყვარულის ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!“ - სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო) .

3
168
6-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
168
  
2014, 6 ივლისი, 21:53
დამბურძგლა მთელ ტანში...ძალიან კარგი სტატიაა.აუცილებლად უნდა მივიდე,სულ ვამბობ და ვერ გავაკეთე! შეგვწეიოს მისი მადლი
2014, 6 ივლისი, 15:48
როგორ მამშვიდებს და მავსებს მის საფლავზე ყოფნა. მისი ლოცვა და მადლი ეწეოდეს სრულიად საქართველოს.

http://intermedia.ge/სტატია/47265-შეიყვარეთ-სიყვარული-სასურველია-ყველამ-გაითვალისწინოს/2/
0 1 3