მოვლენები ბიკინი-ისტორია წარსულიდან დღევანდელობამდე 2014, 5 ივლისი, 23:42 ბიკინი-ქალის ღია საცურაო კოსტიუმია, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება- ესაა ბიუსტჰალტერი და ტრუსი. მოდით, თვალი გადავავლოთ მისი შექმნის ისტორიას. 1946 წლის 5 ივნისს ფრანგმა ავტოინჟინერმა (დიახ, ინჟინერმა და არა დიზაინერმა) ლუი რირმა (Louis Reard) საზოგადოებას წარუდგინა პირველი მინი საცურაო კოსტიუმი, რომელსაც ბიკინი ეწოდა. ეს დღე ბიკინის დაბადების დღედ ითვლება. ამ დღეს მანეკენი მიშლენ ბერნარდენი პოდიუმზე გამოვიდა სხეულზე შემოხვეული ორი პატარა ქსოვილის ნაჭრით. კოსტიუმი წესიერი საზოგადოებისათვის სილის გაწვნად ჩათვალეს და მაშინვე მონათლეს სახელით "ბიკინი"- ეს იყო წყნარ ოკანეში მდებარე ატოლის კუნძულის სახელი, რომელზეც ჩვენებამდე ოთხი დღით ადრე აშშ-მა საცდელი ბირთვული აფეთქება მოაწყო. როგორც ჩანს, ახალი მოდის საცურაო კოსტიუმს საზოგადოებაში ისეთივე ეფექტი მოჰყვა, როგორიც ბირთვული ბომბის აფეთქებას. თუმცა ისტორია გვიამბობს, რომ ჯერ კიდევ 1600 წლის წინათ ძველი რომის ისტორიაში იყო ქალთა კატეგორია, რომელიც ზუსტად ისეთივე ტანსაცმელს ატარებდა, როგორიც ახლადშექმნილი საცურაო კოსტიუმი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მე-20 საუკუნის შუახანებში საზოგადოება ასეთი ტანსაცმლისთავის ჯერ კიდევ არ იყო მზად. პოდიუმზე წარდგენისთანავე ბიკინი სასწრაფოდ აიკრძალა მრავალ კურორტზე. ასე გრძელდებოდა 1950-იანი წლების ბოლომდე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "და ღმერთმა შექმნა ქალი" ლეგენდარული ბრიჯიდ ბარდოს მონაწილეობით, უკვე ბიკინის წინააღმდეგ აღმართული ყველა ბარიერი დაიმსხვრა. ევროპის პირველი სექს-სიმბოლო ფილმში სწორედ ამ თამამ საცურაო კოსტიუმში იყო გადაღებული. ფილმის ეკრანზე გამოსვლისთანავე ბიკინი გახდა მოდური საცურაო კოსტიუმი და ის გაბატონდა ყველაზე ცნობილ იტალიურ და ფრანგულ კურორტებზე. სამკერვალო ფაბრიკები სამ ცვლად მუშაობდნენ და მაინც ვერ ასწრებდნენ მისი შეძენის ყველა მსურველის დაკმაყოფილებას. 1970-იან წლებში პოპულარობა მოიპოვა ორი ლენტისაგან შექმნილმა ბიკინმა, 80-იან წლებში მოდური უკვე ბრაზილიური ტანგა გახდა, ხოლო 90-იან წლებში უპირატესობას სპორტული სტილის საცურაო კოსტიუმებს ანიჭებდნენ. დღეს საცურაო კოსტიუმი-ბიკინი განუყოფელია პლაჟის მოდისაგან. ის განუწყვეტლივ იცვლება მოდის ცვალებადობასთან ერთად. ბიკინმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი გართობის სამყაროშიც.მას ხშირად იცვამენ სცენაზე კაბარეს და ვარიეტეს მსახიობები, მუზიკ-ჰოლისა და ცირკის არტისტები და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ცნობილი ვარსკვლავები ამბობენ უარს სცენაზე ბიკინით გამოსვლაზე. ბიკინი არის ოფიციალური ფორმა პლაჟის ფრენბურთის, ბოდიბილდინგის და სპორტული ცეკვებისაც კი. 75 11-ს მოსწონს
|