მოვლენები კონკია მათზე ვერც კი იოცნებებდა: ათი ყველაზე ძვირფასი ფეხსაცმელი მსოფლიოში 2020, 8 მაისი, 13:26 როგორც ჩანს, ფეხსაცმლის კერვის ოსტატებმა კონკიას ბედის ცვლილება ბროლის ფეხსაცმელების დახმარებით თავიდან ვერ ამოიგდეს და გადაწყვიტეს კიდევ ერთხელ გაემეორებინათ ეს ტრიუკი მომაჯადოებელი ფეხსაცმლის შედევრების შექმნით. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ განსაკუთრებული და ამავე დროს ძვირადღირებული ფეხსაცმელების რეიტინგი კარგა ხანია არ განახლებულა, ამიტომ მოდით, ფრთხილად ჩამოვფერთხოთ მათ მტვერი და დავტკბეთ დიზაინერების და იუველირების ოსტატობით შექმნილი გასაოცარი მოდელებით.
მაშ ასე, თქვენს წინაშეა ათი ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმელი მსოფლიოში. 10. «Eternal Diamond» ფასი: $216 000 ელეგანტური სანდლები შექმნილია ბრიტანელი იუველირის კრისტოფერ მაიკლ შელისის მიერ სუფთა ოქროსაგან. ის უფრო მეტად სამკაულია, ვიდრე ფეხსაცმელი, რომელიც მოოჭვილია 2000 -ზე მეტი ბრილიანტით. ოსტატმა ჩანაფიქრის და დიზაინის განხორციელებას 3 წელი მოანდომა. საიუველირო სახლი თავის შედევრზე იძლევა ათასწლოვან გარანტიას. ასე რომ, კიდევ არაერთი თაობა დატკბება ამ მშვენიერების ხილვით. 9. «Diamond Princess Constellation» ფასი: $331 450 იუველირმა კრისტოფერ მაიკლ შელისმა გადაწყვიტა მიღწეულით არ დაკმაყოფილებულიყო და და წინა მოდელის შემდეგ საზოგადოებას წარუდგინა კიდევ ერთი საოცრება: დიზაინერის სულისჩამდგმელი გახლდათ სიმღერა «Diamonds on the Soles of Her Shoes», ხოლო ფეხსაცმლის ღირებულება 115 000 დოლარით მეტია წინაზე. 8. «Diamond Dream» ფასი: $500 000 ფეხსაცმლის დიზაინერმა სტიუარტ ვაისმანმა საიუველირო კომპანია Kwiat - სთან ერთად შექმნა მორიგი ფუფუნების ფეხსაცმელი "ბრილიანტის სასწაული". ექსკლუზიური სანდლები მორთულია 1420 ბრილიანტის თვლით, ხოლო მოდელის თასმები პლატინისგანაა გაკეთებული. მსახიობმა ანიკა ნონი როუზმა 2007 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე ამ ფეხსაცმელებით გაიარა წითელ ხალიჩაზე. 7. «Retro Rose» ფასი: $1 000 000 სტიუარტ ვაისმანი-უბრალო დიზაინერი არ გეგონოთ. როგორც ჩანს, ოსტატი დიდ სისუსტეს იჩენს ქალის ძვირფასი ფეხსაცმლის შექმნის მიმართ. ამჯერად მან წარმოგვიდგინა რეტრო სტილის მოდელი. ფეხსაცმლის ღირებულებას ამართლებს ვარდის ფორმის მორთულობა ბრილიანტებით, რომლის საერთო წონა 100 კარატს აღწევს. ვაიცმანის მეორე შედევრი პირველზე ორჯერ ძვირი ღირს. 6. . «Marilyn Monroe» ფასი : $1 000 000 შემდეგ ქმნილებას ვაისმანმა მერილინ მონროს პატივსაცემად დაარქვა სახელი და არცთუ ტყუილუბრალოდ: ფეხსაცმელს ამშვენებს საყურეები, რომელიც ოდესღაც მერილინს ეკუთვნოდა. გარდა ამისა, სანდლები მოოჭვილია Swarovski-ს კრისტალებით. ფეხსაცმლის ჩაცმის ბედნიერება წილად ხვდა მსახიობ რეჯინა კინგს ''ოსკარის'' 2005 წლის ცერემონიალზე. ამ მოვლენის შემდეგ თვლები საყურეებში მათი ასლით შეცვალეს, თუმცა ფეხსაცმლის ფასი ამით ოდნავადაც არ დაცემულა. ის მილიონი დოლარი ღირს. 5. «Platinum Guild» ფასი: $1 090 000 ისევე როგორც ბევრი წინა მოდელი, ეს ფეხსაცმელიც სტიუარტ ვაისმანმა შექმნა და ისიც მოხვდა ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმელების ათეულში. თასმა იხსნება და მისი გამოყენება შესაძლებელია ყელსაბამად ან სამაჯურად. 2002 წელს ეს ფეხსაცმელი ლაურა ჰენინგს ეცვა. აღსანიშნავია, რომ მსახიობს ყელზე ეკეთა ყელსაბამი, რომელიც ფეხსაცმელზე 27-ჯერ ძვირი ღირდა. 4. «Ruby Slippers» ფასი: $1 600 000 ფეხსაცმლის ეს მოდელი მოოჭვილია 642 უიშვიათესი ძოწის თვლით, რომელთა საერთო წონა 123, 3 კარატია. დიზაინერს მის შესაქმნელად შთააგონა ფილმ-ზღაპარმა " ჯადოქარი ოზის ქვეყნიდან". 3. «Cinderella Slippers» ფასი : $2 000 000 კონკიას ფეხსაცმელი 11-სანტიმეტრიანი ქუსლით 565 ბრილიანტის თვლითაა მოოჭვილი. მათ შორისა უზარმაზარი ბრილიანტი ამარეტო (5 კარატი), რომელიც მილიონი დოლარი ღირს. 2004 წელს ელისონ კრაუსს ხვდა წილად პატივი ამ უძვირფასესი ფეხსამოსით გაესეირნებინა წითელ ხალიჩაზე. 2. «Tanzanite» ფასი: $2 000 000 მორიგი შედევრის დამუშავებასა და ხორცშესხმაში ვაისმანს დაეხმარა ცნობილი იუველირი ედ ლევიანი. ბრილიანტები, ვერცხლისფერი ტყავი და ცისფერი აფრიკული ტანზანიტი განსაზღვრავენ ფეხსაცმლის ფასს- $2 000 000. 1."Rita Hayworth" ფასი: $3 000 000 რეიტინგის პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, ვაისმანის ფეხსაცმელი აღმოჩნდა. 3 მილიონ დოლარად ღირებული ფეხსაცმლის შექმნაზე დიზაინერს შთააგონა ჰოლივუდის 40-იანი წლების მსახიობმა რიტა ჰეივორტმა. შოკოლადისფერი სატინის სანდლები მორთულია ძოწის საყურეებით, ბრილიანტებითა და საფირონებით. იმის თქმაც არაა საჭირო, რომ საყურეები ოდესღაც რიტას ეკუთვნოდა. საზოგადოებამ ეს ფეხსაცმელი კეტლინ იორკის ფეხებზე იხილა 2006 წლის "ოსკარის" ცერემონიალზე. ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმელი რიტა ჰეივორტის ქალიშვილის საკუთრებაა. p.s. და ბოლოს, ფეხსაცმელი, რომელსაც კონკურენტი არა ჰყავს: 2018 წლის აგვისტოში დუბაის შვიდვარსკვლავიან სასტუმრო Burj Al Arab-ში გაიმართა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმლის პრეზენტაცია. Passion Diamond Shoes სტილის მაღალქუსლიანი ნავის ტიპის სანდლები მოწვეულ 50 რჩეულ სტუმარს წარუდგინეს. დიზაინის ავტორი გახლდათ ბრენდები Jada Dubai და Passion Jewellers, რომელთაც მსოფლიოს უძვირესი ფეხსაცმლის შექმნაზე 9 თვე დასჭირდათ. სანდლები შესრულებულია ოქროსფერი ძვირფასი ტყავისაგან და მორთულია 200-მდე ბრილიანტით, რომელთაგან თითოეულის წონა 15 კარატია. ფეხსაცმელი 17 მილიონი (!) დოლარი ღირს. 430 6-ს მოსწონს
|