მოვლენები დუბაიში იყიდება ფეხსაცმელი, რომელიც 17 მილიონი დოლარი ღირს 2018, 29 სექტემბერი, 9:38 ორიოდე დღის წინ დუბაიში მოეწყო ჩვენება ფეხსაცმლისა, რომლის ღირებულებამ მოხსნა დღემდე არსებული ყველა რეკორდი ამ სფეროში - «Passion Diamond"- მისი ფასი 17 მილიონი დოლარია. ლაკირებული ოქროსფერი ტყავის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ხელითაა შეკერილი და მორთულია 236 ბრილიანტის თვლით, მის ცხვირზე კი 15-კარატიანი წმინდა წყლის ბრილიანტი ციმციმებს.
ფეხსაცმელი წარმოადგინა დიზაინერულმა ფირმამ Jada Dubai. ერთი შეხედეთ ამ საოცრებას. მასთან შედარებით კონკიას ბროლის ქოშები უბრალო ჯღანებად მოგეჩვენებათ. დიზაინერული ფეხსაცმლის კოლექცია, რომელიც საიუველირო კომპანია Passion Jewellers-თან ერთად შეიქმნა, წარმოდგენილი იქნა შვიდვარსკვლავიან სასტუმროში Burj Al Arab. კოლექციის პრეზენტაციაზე მხოლოდ რჩეული საზოგადოება იყო მიწვეული. სწორედ მათ ერგოთ პატივი, ახლოდან ენახათ ეს გასაოცარი ფეხსაცმელი, რომლის დამზადებას 9 თვე დასჭირდა. კომპანია Passion Jewelers-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ დუბაი მილიარდელების და მილიონერების ქალაქია და სწორედ აქაა პოტენციური ბაზარი ასეთი მდიდრული ფეხსამოსისათვის. ფეხსაცმლის დიზაინერმა, კომპანია Jada Dubai-ის თანადამაარსებელმა მარია მაჯარიმ ჟურნალისტებს განუცხადა: ''ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა სრულიად უნიკალური ნივთი. Jada Dubai აწარმოებს მხოლოდ ისეთ ფეხსაცმელებს, რომლებიც ბრილიანტის და სხვა ძვირფასი თვლებითაა გაწყობილი. ჩვენი მეორე კოლექციის გამოშვებისას გადავწყვიტეთ შეგვექმნა ნამდვილად უნიკალური ფეხსაცმელი, რომლის დამუშავებაში გამოყენებული იქნებოდა ძალიან იშვიათი წმინდა წყლის ბრილიანტები. ფეხსაცმლის შიგა მხარეს ამოტვიფრული ორივე კომპანიის ლოგოტიპიც კი ოქროთია შესრულებული''. ჩვენებაზე წარმოდგენილი პროტოტიპი შეესაბამება ევროპულ 36 ზომას, მაგრამ მოდელის დამზადება შესაძლებელია შემკვეთისთვის სასურველი ზომით მხოლოდ იმ "ბორჯიესათვის", რომელიც გარისკავს და მასში 17 მილიონ დოლარს გადაიხდის. «Passion Diamond Shoes » უკვე მეორე კოლექციაა დიზაინერული კომპანიისა Jada Dubai. პირველი კოლექცია, სახელად "სამეფო"საიუველირო კომპანია Passion Jewelers -თან ერთად "ჯადა დუბაიმ" ორიოდე წლის წინ წარმოადგინა. პირველ კოლექციაში წარმოდგენილი ეს ფეხსაცმელი 283 ათასი დოლარი ღირს და მორთულია თეთრი ბრილიანტებით და საფირებით. წითელი "პრინცესას ფეხსაცმელი" ინკრუსტრირებულია ძოწებით და ბრილიანტებით. ფეხსაცმელი, რომლის შექმნა დიზაინერებს შთააგონა " პრინცესა ჯადას იდუმალმა თავგადასავალმა", ვენეციელი ოსტატის მიერაა შეკერილი. სანდლები " გრეის კელი", რომლის თასმები მორთულია ძვირფასი ქვებით, სულ რაღაც 53 ათასი დოლარი ღირს. 48 ათას დოლარად ღირებული ფეხსაცმელი " კლეოპატრა", რომელიც მორთულია 4 თეთრი და 28 შავი ბრილიანტით 19 კარატი ოქროთი, ხოლო ლანჩა პლატინისგანაა დამზადებული. და ბოლოს, სანდლები, რომლის შექმნისკენ დიზაინერებს უბიძგა ნაპოლეონის და ჟოზეფინას სიყვარულის ამბავმა. ფეხსაცმელი მორთულია ოქროთი და პლატინით, ძოწის რვა და ზურმუხტის 6 თვლით. მისი ფასი 4700 დოლარია. პ.ს. სტატიის დასასრულს არ შემიძლია ჩემი აზრი არ გამოვთქვა მასში წარმოდგენილ სიახლესთან დაკავშირებით: როგორ გგონიათ, არ გაიყიდება ეს ფეხსაცმელი? - ვიცი, რომ მშვენივრადაც გაიყიდება და მილიარდელები ფულს არ დაიშურებენ მასში მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმანეთს შეეჯიბრონ და სხვებს დაუმტკიცონ თავიანთი უპირატესობა. დიახ, მისი შეძენა მათთვის მხოლოდ პრესტიჟის საქმეა და სულაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ფეხზე 20-კარატიანი ბრილიანტით მორთული 17-მილიონიანი ფეხსაცმელი გეცმევა თუ ჩვეულებრივი ტყავით შეკერილი და იაფფასიანი ცირკონის თვლით გაწყობილი მისი ასლი. იმ დროს, როცა მსოფლიოში უამრავი ბავშვი შიმშილით იხოცება და ბევრს ელემენტარული სასმელი წყალიც კი სანატრელი აქვს, მხოლოდ თავის მოსაწონებლად ფეხსაცმელში ამდენი ფულის გადახდა "მარაზმად" მიმაჩნია. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და სამწუხაროდ, ძლიერნი ამა ქვეყნისანი ამას ვერასოდეს გაიგებენ. 643 4-ს მოსწონს
|