x
image
beko777
Mediator image
ვის მივბაძოთ? - ვის ფესვებზე გაიზრდება მომავალი თაობა?!
imageბავშვობაში მასწავლიდნენ, მიბაძე უფროსებს, მათსავით შრომისმოყვარე იყავი, მათსავით მოიქეცი, მათსავით ზრდილობიანი და პასუხისმგებლობის მქონეო, მასწავლიდნენ და ვსწავლობდი, თანაც, რაც ყველაზე მთავარია, ამის მაგალითს თავად მაძლევდნენ და მეც, რაღა დამრჩენოდა, იმის გარდა, მათგან ყველა კარგი თვისება გადმომეღო, მიმებაძა და მეც ისეთი გამოვსულიყავი, როგორებიც უფროსები იყვნენ.
გავიდა დრო და მეც უფროსი გავხდი, არა თანამდებობრივად, არამედ ასაკით, უფროსი იმაზე, ვინც დღეს იმ ასაკშია, მეც რომ ვიყავი ადრეულ, ყმაწვილობის წლებში, ანუ მაშინ როცა ვიღაცას ვბაძავდი, მინდოდა მათგან საუკეთესო თვისებები გადმომეღო და მეც იდეალური ადამიანი დავმდგარიყავი. დრო გავიდა და ყმაწვილ თაობას თავისი მიბაძვის ობიექტები გამოუჩნდნენ, არა ხუჯაძე, არა წურწუმია და არა მეფარიძე, არა! მეჩვენება, რომ ამ ახალგაზრდებს საერთოდ არა ყავთ მისაბაძი ობიექტები, ის, ვინც მათ უნდა ასწავლიდეს, ეთერში იგინება, ის ვინც მათ მაგალითს უნდა აძლევდეს, უზრდელობს, ის ვინც მათ უნდა ასწავლიდეს, ფლიდობს და მათაც უჭირთ მიბაძონ ვინმეს, ან საერთოდ მონახონ მიბაძვის ობიექტი, რომლისგანაც კარგს გადმოიღებენ, გაისისხლხორცებენ და გაითავისებენ, იმიტომ, რომ დრო გავა და როცა ისინიც გაიზრდებიან, უბრალოდ ახსოვდეთ მაინც, რომ ავტობუსში მოხუცს თუ ადგილს დაუთმობ – ეს გრეხი არაა!!!


* * *
imageამასწინათ, ქუჩაში სამი გოგონა მიდიოდა, ექსტრავაგანტული თმის ვარცხნილობითა და ჩაცმის მანერით აშკარად გამოირჩეოდნენ, ერთ ყურში სამ-სამი საყურე ალბათ მოდად ითვლება, ან მე ვარ ძალიან გოიმი (…:))) და ჩამოვრჩი ამ მოდას, ბინძური ტანისამოსითა და დაუვარცხნელი თმით არ მიუპყრიათ მათ ჩემი ყურადღება, არამედ ხმამაღალი საუბრით, ტონით, რითაც ისინი ერთმანეთს მიმართავდნენ, რითაც ერთმანეთში კონტაქტობდნენ და აზრებს ცვლიდნენ.
9 მაისი იყო, მოხუცი მანდილოსანი გაკვირვებით შესცქეროდა გოგონების თითქმის მოშიშვლებულ მკერდთან ახლოს, ტანსაცმლის ნაგლეჯზე დაკიდულ გმირობის ორდერს და ალბათ, თვალებს არ უჯერებდა, მისი მოპოვების გულისთვის ხომ, ერთ დროს, ხალხი სიკვდილზეც კი სიამაყით მიდიოდა. ქალბატონმა ხმამაღლა მოსაუბრეთ შენიშვნა მისცა და მოულოდნელად, გვერდულად დაკიდული გმირობის ორდერი შეუსწორა.
– ეე, ბაბო გასწი ეგ ხელები!!! მოხუცს ალბათ მიწა გასკდომოდა ის ერჩივნა, ვიდრე შვილთაშვილის ტოლა გოგონასგან ეს სიტყვები მოესმინა. გავოგნდი, მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ სამივე გოგონა ჩემთან ერთად იჯდა ფილარმონიის წინამდებარე პატარა ბარში, როგორ და რა ფასად მოვახერხე ეს ყველაფერი, მოდი ფურცლის მიღმა დავტოვოთ და მოვუსმინოთ თაობას, რომელიც თავს ქვეყნის მომავლად თვლის.


imageმაშ, ასე ნია (16 წლის), სალი (15 წლის) და ნატა (16 წლის), საბურთალოელები, დედ-მამა სამივეს ყავს, სამივე ფორმალურად სწავლობს სკოლაში, მათი მიზანი თავისუფლებაა…(!)
- თუ შეგიძლიათ, რომელიმემ მითხრათ რა დღეა დღეს 9 მაისი?
- (სიცილით) პარასკევია, რა დღე უნდა იყოს…
- ეგ რა მედალი გიკიდია გულზე, თუ იცი?
- ესა? მშრალ ხიდზე ვიყიდე 7 ლარად, ამისთანა კიდე მაქვს, სადაქალოში სხვანაირებიცა გვაქვს, დღეს იმიტო გავიკეთე, რომ ტელევიზორში ვნახე დილით, ბებრებს რომ ეკიდათ და მეც გავიკეთე.
- იმ მოხუცს რომ აწყენინეთ, თუ მიხვდით?
- ვისა, იმ ბებერს?! „და პაშლა ანა კჩორტუ”!!! რა ვაწყენინე, ეტყობა დაბადებიდან ეგეთი უჟმურია, ბაბოჩემს მაგონებს…
- ოდესმე თუ დაფიქრებულხართ რომელიმე, თქვენ რომ დაბერდებით და ასე მოგექცნენ რას იფიქრებთ?
- ვაიმე, მე და ბებერი?! დავპუტავ, ვინმემ ხმა რომ ამოიღოს საერთოდ ჩემზე…
- ასე რატომ გაცვიათ, პანკები ხართ?
- არა, ლადო ბურდულის ფანები ვართ.
- მერე ლადომ გასწავლათ ასე იარეთო?
- არა, ის ამბობს, რომ თავისუფლება არის ყველაფერიო.
- უზრდელობასა და თავისუფლებას შორის ზღვარი რომაა ეს არ უთქვამს?
- ზღვარი საერთოდ არა გვაქვს, ჩვენ გვიყვარს ჯგუფი „ზღვარი”
- კი, მაგრამ არც ჯგუფი „ზღვარი” იქცევა თქვენსავით, ბოლომდე რატომ არ ბაძავთ მათ?
- არავის არ ვბაძავთ, ოზი ოზბორნის გარდა…
- საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაზე რას ფიქრობთ?
- ვფიქრობთ კი არა, ვკაიფობთ, იმ დღეს ვიღაცა პოლიტიკოსს რო ვაზა ჩაარტყეს თავში, კრუტოი რამე იყო, მაგრა ვიკაიფეთ რა…
- საქართველოს რამდენი მეფე იცით?
- (სიცილი) მეფე არა დედოფალი...
- თუნდაც…
- თუ გინდა ის გვკითხე, რამდენი ალბომი აქვს ოზის და გეტყვით, დაჟე სახელებსაც ჩამოგითვლით...
- ვინა ხართ თქვენ?
- თავისუფალი საქართველოს თავისუფალი შვილები!!!


* * *
მოსაღამოვდა, ვაკის პარკში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა ყვავილები მიიტანეს უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, ტელეარხებმა ომზე ფილმები დაატრიალეს, პრეზიდენტმა მილოცვა გაუკეთა ვეტერანებს. მომავალ დღეს ქართული ჯარის სიძლიერის დემონსტრირება გააკეთეს, სწორედ იმ შენობის ქვეშ, სადაც აფხაზეთიდან გამოყრილი, წაგებული ომის შემდეგ გამოდევნილი ხალხი ჩასახლდა, სასტუმრო „ივერიასთან”. პოლიტიკოსები კი, 2 ნოემბრის არჩევნებისთვის ემზადებიან (რომელიც ან ჩატარდება, ან არა), ემზადებიან იმისთვის, რომ საქართველოს ახალგაზრდობა აყვავებულ მომავალში აცხოვრონ, ემზადებიან იმისთვის, რომ ღირსება დაუბრუნონ ქვეყანას, ისე როგორც ეს გააკეთეს ქართველმა ფეხბურთელებმა და ქართველმა რაგბისტებმა… ვინმეს გჯერათ ამის? კარგია!!!



ბესო ჩუბინიძე (2003 წელი)


image

2
119
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
119
  
2014, 8 ივლისი, 11:51
სკოლაშიც ფორმალურად დადიან და მშობლებიც ფორმალურად ჰყავთ... თავისუფლებას სწორი გაგება უნდა, სწორ გაგებას აზროვნება, აზროვნების ჩამოყალიბებას, ვინმე მოაზროვნის გვერდზე ყოფნა ... საყურე და სამკაული მისაღებია, მაგრამ დასვრილი ტანისამოსი და ღირსეული ადამიანის ჯილდო და ორდენი არაფრის შემქმნელ ადამიანზე შეურაცხმყოფელია... უფრო შეურაცხმყოფელი კი ისაა, რომ ხალხს თავისი "ღირსების" გაყიდვა უწევთ პურის ფულის საშოვნელად...
2014, 2 ივლისი, 23:56
---------------
0 1 2