საზოგადოება ბევრი ფული, ძალიან ბევრი ფული! 2014, 27 ივნისი, 2:16 (2002 წელი) - როცა ამ სტატიის კითხვას დაიწყებთ, ნუ დაელოდებით იმას, რომ მასში ბადრი პატარკაციშვილის მილიონებსა და საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ვისაუბრებთ, რადგან დღეს ბავშვმაც კი იცის, რომ ეს ადამიანი არავითარ ინვესტიციას (შემდგომში მოგების მიზნით რაიმეში ფულის დაბანდება, - ავტ.) არ ახორციელებს, უბრალოდ, ხალხს ჩუქნის ფულს, ძალიან ბევრ, დიდ ფულს, ჩუქნის მას, ვისაც ის ისედაც ძალიან ბევრი აქვს. * * * ათ წელიწადზე მეტია საქართველოში ქაოსია გამეფებული, ათ წელიწადზე მეტია ადამაინები ჯუნგლების კანონით ცხოვრობენ, ათ წელიწადზე მეტია საქართველოში ყველაფერი იყიდება, ყველაფერი სექსიდან დაწყებული, საქართველოს ღირსებით დამთავრებული, აკი სინამდვილეს მღეროდნენ წლების წინათ „ქუჩის ბიჭები”: ყველაფერი იყიდება, თავის ფასი აქვს… (და შემდეგ, როგორც ტექსტშია), მაგრამ ყველას კი არ უმართლებს და ყველა კი ვერ გახდება (მიუხედავად დიდი შრომისა) იღბლის ვარსკვლავის მფლობელი, ქერის ორმოს თაგუნია და ოქროს სხეულის სისხლის ეშვებდამალული ვამპირი. * * * ხალხში ამბობენ, თითქოს ბადრი პატარკაციშვილს ეთქვას: - რაც ბიძინა ივანაშვილს ფული აქვს, იმდენი მე, ერთ საკრედიტო ბარათზე მაქვს ბანკშიო! ბიძინა ივანაშვილი – წარსულში ღარიბი გლეხის ოჯახში გაზრდილი, ზრდილობიანი სოფლელი ბიჭი, აწმყოში კი, ასევე დიდი ფულის პატრონი, სხვათაშორის თავისი კუთხის და სოფლის დიდი მოამაგე, უჯამაგირო მოჯამაგირე და ჩუმი დელფინი, რომელიც დასახრჩობად განწირულს, ნაპირზე უხმაუროდ მიასრიალებს. ასე ამბობს ხალხი!!! ხალხი იმასაც ამბობს, რომ ბადრი პატარკაციშვილი საქართველოს მომავალი პრეზიდენტი იქნებაო! მაგრამ აბა სააკაშვილი? ჟვანია? ბურჯანაძე? ნათელაშვილი და სხვა მრავალნი?! ხალხი იძახის პატარკაციშვილი იქნებაო პრეზიდენტი… ვინ იცის, ორი წელი პატარა საქართველოს შიდა ისტორიისთვის ხომ არც ისე ცოტა დროა. * * * ბადრი პატარკაციშვილმა ურეკი იყიდაო, ბადრი პატარკაციშვილმა ცირკი იყიდაო, რიტუალების სასახლეო, ზოოპარკიო, ბადრი პატარკაციშვილმა მომღერლები იყიდა და თავის ნებაზე გამოიყენებს წინასაარჩევნოდო, ბადრი პატარკაციშვილმა ტელევიზია იყიდაო, გაზეთებიო, ჟურნალებიო… და მაინც ძალიან ბევრი, ბევრი ფული აქვსო! ამასწინათ, რედაქციაში თათბირის დროს ცხვირი დამაცემინა, - ბადრი პატარკაციშვილმა გვიყიდოსო! მომაძახეს, - ამინ-თქო! და ყველას გაგვეცინა, თუმცა რატომ იცინოდა ყველა სიმწრის სიცილით, მაინც ვერ მივხვდი!!! ერთმა თქვა – მოდი ვთხოვოთ და ჩვენც გვიყიდის ბადრი პატარკაციშვილი და ჩვენც ვიქნებით ლამაზები, ფერადები, მსუქნები და ბევრი-ბევრიი… მოდი, ვთხოვოთ ბატონ ბადრის, რომ სულ მის მომღერლებზე დავწერთ, სულ მათ ფოტოებს დავბეჭდავთ, სულ მათ ვუკმევთ გუნდრუკს, რა მნიშვნელობა აქვს ეკუთვნით თუ არ ეკუთვნით ეს ქება-დიდება, ფულს ხო მოგვცემს და რა უშავს მერეო? ოთახის კუთხეში ტელევიზორი იყო ჩართული, მელ გიბსონის „მამაცი გულის” ბოლო მონაკვეთი გადიოდა ეთერში, უილიამ უოლესს სთავაზობდნენ – სთქვი და ითხოვე პატიება, ითხოვე მოწყალება და გარანტიას გაძლევთ ნელი სიკვდილით აღარ მოკვდებიო, უილიამ უოლესმა ბოლო ძალა მოიკრიბა, თავი ასწია და ხმამაღლა იღრიალა – თავისუფლება!!! * * * საქართველოს მოსახლეობის 90% აღარავისი არ სჯერა, ღმერთის გარდა, მათ იმედი აღარ აქვთ, იმედი საკუთარი მომავლის არსებობისა, რადგან საქართველოს მოსახლეობის 90% ფული არ აქვს, ფული რომლითაც ყველაფერი შეგიძლია იყიდო (მათ შორის იმედიც), რადგან, ყველაფერი იყიდება თავის ფასი აქვს! საქართველოს მოსახლების 90% თანახმაა შეჩვეული ჭირი ერჩიოს შეუჩვეველ ლხინს! საქართველოს ხალხი თანახმაა გაყვეს აწმყოს დინებას, რომლის ბოლოც არც ფარავნის ტბაში ჩადინებაა და არც ბაზალეთის, მისი ბოლო უფსკრულია, მაგრამ არსებობს რაღაც მესამე, რაღაც სხვა, არა რწმენა და არა იმედი, არამედ მათზე უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი, მაგრამ დღეს უსახელო, რაღაც მესამე, რის გულისთვისაც ხალხი თანახმაა დამდაბლდეს დღეს, რათა ამაღლდეს ხვალ, ეს რაღაც მესამე კი აქვე, ახლოსაა, მხოლოდ ხელით შეხება სჭირდება, მხოლოდ აღება და გამოყენება, მაგრამ ძალაგამოცლილ და დაღლილ ხალხს, ეს არ ხელეწიფება, საჭირო არის სულ სხვა თაობა და მოძრაობა, რომელიც სახელს დაარქმევს ამ მესამეს, არა რწმენას და რა იმედს, არამედ მათზე ათასჯერ უფრო ღირებულს, საჭირო არის თაობა, რომელიც იტყვის – ამ სიცოცხლეში ცხოვრება ჩვენც გვინდა, მხოლოდ ისე, როგორც შეეფერება ამ სიცოცხლეში, დროებით, სტუმრად მოსულ დგმურს, ანუ ჩვენ!!! ახალი თაობა და მოძრაობა… მოდის! რევოლუცია მოდის!!! ბესო ჩუბინიძე 2002 წელი 105 2-ს მოსწონს
|