ტკბილეული შოკოლადის მასტიკა საძერწავად - ტორტის მორთვის მარტივი და გემრიელი ხერხი 2014, 23 ივნისი, 16:27
რამდენჯერ გიყიდიათ (ან გაგიკეთებიათ) ტორტი მშვენიერი 3D ფიგურებით, რომლებიც, როგორც წესი ტორტის გაჭრის შემდეგ სანაგვე ყუთში ხვდებიან. მოკლედ, ასეთი ფიგურები უმეტეს შემთხვევაში უგემური, მხოლოდ შაქარზე დამზადებულია. არ ვგულისხმობ ნამდვილ მარციპანს, რომლის შოვნაც საქართველოში თითქმის შეუძლებელია, სახლის პირობებში დამზადება კი - ძალიან შრომატევადი.
ამჯერად გთავაზობთ შაქრის მასტიკის შემცვლელი საუკეთესო საშუალების - შოკოლადის მასტიკის ძალიან მარტივ რეცეპტს. შედეგად თქვენ მიიღებთ შესანიშნავ, გემრიელ საძერწავ მასალას, რომლისგან გაკეთებულ ფიგურებს სიამოვნებით მიირთმევს ყველა, ვისაც შოკოლადი უყვარს. შოკოლადის მასტიკის მოსამზადებლად მხოლოდ ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ: შოკოლადი და თაფლი. ბევრ რეცეპტში თაფლის მაგივრად გამოიყენება სიმინდის სიროფი, რაც შედარებით ძნელად საშოვნელია. შეგვიძლია გამოვიყენოთ შავი, რძიანი ან თეთრი შოკოლადი. ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პლასტილინის სხვადასხვაფრად შეღებვა გვსურს. მომზადების წესი 200 გ. შოკოლადი ჩავყაროთ რკინის ქვაბში და გავალღოთ წყლის აბაზანაზე (არავითარ შემთხვევაში არ გაალღოთ შოკოლადი პირდაპირ ცეცხლზე, რადგან ამ შემთხვევაში არათანაბარი სიმხურვალის გამო შეიძლება მიიწვას ან აიჭრას). დავამატოთ 90 გ. თაფლი (უმჯობესია ღია ფერის). ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მასა მორევისას თავისუფლად უნდა სცილდებოდეს ქვაბის კედლებს. თუ შოკოლადი დაბალი ხარისხისაა ამ დროს ცხიმის წვეთები გამოიყოფა. ცხიმი აუცილებლად უნდა გადავღვაროთ (არ ვეცადოთ მის შერევას შოკოლადის მასაში). გადმოვდგათ აბაზანიდან და კიდევ რამდენჯერმე კარგად ამოვურიოთ. გადავიტანოთ ცელოფნის ზედაპირზე ან საკონდიტრო ფურცელზე. ამის შემდეგ შეგვიძლია დავამატოთ სასურველი ფერის საკონდიტრო საღებავი. უმჯობესია ვიხმაროთ ჟელატინიანი თხევადი საღებავი. საღებავი ფხვნილის გამოყენების შემთხვევაში კი იგი წინასწარ გახსენით რამდენიმე წვეთ წყალში. ერიდეთ შაქრის მარცვლების შემცველ საღებავს, რაც ძალიან ხშირად გვხვდება. თუ მასტიკის გამოყენება მაშინვე გვინდა, დავიწყოთ ხელით ზელვა. შევამჩნევთ, რომ რაც უფრო გრილდება შოკოლადი, მით მეტად მაგრდება და იღებს საძერწავ კონსისტენციას. როცა სასურველი სიმყარის გახდება, შეგვიძლია მისგან გამოვძერწოთ ნებისმიერი ფორმის ფიგურები: ყვავილები, ცხოველები, მულტფილმის გმირები და ა.შ. შესანახად მასტიკა შევახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში. ამგვარად მისი გაჩერება შეიძლება 3 კვირა. გამოყენების დროს გამოვიღოთ და ხელით დავამუშავოთ. სხეულის ტემპერატურაზე შოკოლადი ადვილად რბილდება და მორჩილი ხდება. ვზილოთ ხელში და სათანადო კონსისტენციის მიღების შემდეგ დავიწყოთ ძერწვა. შოკოლადის მასტიკაზე მუშაობისას მნიშვნელოვანია გარემო ტემპერატურის რეგულირებაც. შეეცადეთ სიგრილეში იმუშაოთ, რადგან ამგვარი მასა ადვილად ლღვება და ფორმას კარგავს. 1901 6-ს მოსწონს
|