საზოგადოება ქართული შური 2014, 21 ივნისი, 3:33 იტყვით ალბათ: - ცხენბურთი გამიგია, წყალბურთი გამიგია, ფეხბურთიც გამიგია, მაგრამ ეს მოტობურთი რა ჯანდაბაა, მაინც ვერ გავიგეო!!!
ასეა, ქართული პური გაგვიგია, ქართული ღვინოც გაგვიგია, ქართული სამოსიც გაგვიგია და ბოლო-ბოლო ქართული პოლიტიკაც კი! რა, დავიჯერო ქართული შურის შესახებ არაფერი გსმენიათ? ვერ დამაჯერებთ. აბა, თითოეულმა თქვენგანმა საკუთარ გულში ჩაიხედოს და დაფიქრდეს, გაიხსენოს სულ-სულ ბოლოს როდის ვისი რა შეშურდა! აა, ახლახანს, ორი წუთის წინ ხომ? აი, ესაა ქართული შური, ფენომენი, რომელსაც მთელს მსოფლიოში ბადალი არა ყავს. * * * იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? არც არაფერი, იყო ერთი პატარა ქვეყნის, ერთი პატარა ქალაქი! ქალაქი იყო თავის მტვრით, ჭუჭყით და ტალახით, მაგრამ ამ ქალაქში ბევრი ხალხი ცხოვრობდა. მათ შორის იყო, ერთი ახალგაზრდა ყმაწვილი, ბუკოლე ერქვა, უდედმამო ბიჭი იყო, ალალი, ცოტათი გულუბრყვილო და თითქოს ცოტათი სულელიც კი, მაგრამ სინამდვილეში ბუკოლე ასეთი არ ყოფილა: ღამ-ღამობით სხვას რომ ეძინა ის წიგნებს კითხულობდა ხოლმე, ლექსებსაც წერდა. ბუკოლე ქართველი იყო და როგორც ქართულ ქალაქში მცხოვრებ ქართველს შეეფერება, გულში ძალიან უყვარდა თავისი გარშემომყოფნი. ერთხელ, ქალაქს დევები დაეპატრონენ და წყალი გადაკეტეს, იხუთებოდა და კვდებოდა ქალაქი, რა არ შესთავაზეს ქალაქის თავებმა დევებს - ფული, მზეთუნახავები, მაგრამ იმათ არაფრის გაგონება არ უნდოდათ, მხოლოდ ერთს ითხოვდნენ – რაც თქვენი ქალაქის თავზე ღრუბელი შეგროვდება ოდესმე, სულ ჩვენი უნდა იყოსო! ქალაქის თავებმა იფიქრეს, იფიქრეს და დაუთმეს, თუმცა არც კი იცოდნენ რაში უნდა გამოსდგომოდათ მათ ქალაქის თავზე შეკრებილი ღრუბლები, ხოდა დაუთმეს. მხოლოდ ბუკოლე იყო წინააღმდეგი, მთავარ მოედანზე გამოვიდა და ყვიროდა – ხალხო, არ დავუთმოთ, ღრუბლები ჩვენ უფრო დაგვჭირდება, დევები მალე დაიხოცებიან, ჩვენ ღრუბლები დაგვჭირდებაო! არ დაუჯერეს ბუკოლეს, დასცინოდნენ – სულელია, წყალი გამოუშვან დევებმა და ღრუბლებს ვინღა ჩივისო! გარიგება შედგა, დევებმა ღრუბლები ქალაქის წყალზე გაცვალეს. გამოხდა ხანი და ამ ქალაქში წვიმა აღარ მოსულა, ისედაც ჭუჭყიანი და ბინძური ქუჩები უფრო გაუბედურდა, მერე კი, წყალიც გაფუჭდა და ყველას ბუკოლეს სიტყვები გაახსენდა – ღრუბელი უფრო გვჭირდება დღეს, ვიდრე სუფთა წყალიო! მაგრამ უკვე გვიან იყო. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა. * * * საქართველოში ქართული შური გასაკვირადაა მიწაში ფესვგადგმული, იმდენად ღრმადაც კი, რომ მრგვალი დედამიწაც კი გაბურღა და მეორე მხარეს, სხვა ქვეყნებშიც კი წამოყო თავი, წამოიზარდა და შედეგებიც კი ჰპოვა. ჩვენ ყოველთვის გვშურს, როცა სხვა ჩვენზე უკეთესად ცხოვრობს, ჩვენ გვშურს, როცა სხვას დენიც აქვს, წყალიც, გათბობაც და გაზიც, ჩვენ გვშურს, თუ სხვას ტაშს უკრავენ, ჩვენ კი არა, ჩვენ გვშურს როცა სხვას ესაუბრებიან, ჩვენ კი არა, ჩვენ გვშურს სხვას რომ ძალუძს და ჩვენ არა, ჩვენ ყველაფერი გვშურს!!! საქართველოში ნაკლებად არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტილნი, სხვის ცხოვრებას უშფოთველად და უდრტვინველად ადევნებენ თვალს, ამასობაში შური აგონიაში გადაიზარდა, აგონია საკუთარი თავის სიბრალულში და ნახეთ, როგორ მომრავლდა თვითმკვლელობები, თვითმკვლელობის მცდელობები…! სხვა სხვის ომში ბრძენიაო, ნათქვამია, სწორედ ამიტომ უაზრო გახდა ცხოვრება, ადამიანები მხოლოდ ერთმანეთის რჩევით ირთობენ თავს, ისინი ერთმანეთს ურჩევენ როგორ მოიქცნენ, როგორ ისწავლონ, როგორ ჩაიცვან და დაივარცხნონ. შურიანი ადამიანები კი მათ ბაძავენ, ვისიც შურთ, ვისაც უკვე გაკეთებული და შექმნილი აქვს, ის რასაც შურიანი ცდილობს გააკეთოს და შექმნას, მხოლოდ შური აფუჭებს იმ საქმეს საბოლოოდ, რომელსაც ეს ადამიანები წამოიწყებენ ხოლმე, მხოლოდ შური აცალკევებს და სამუდამოდ აშორებს ერთმანეთს ხალხს, რომელსაც ერთად უფრო კარგის და ლამაზის შექმნა შეეძლო, ვიდრე ცალ-ცალკე, მაგრამ უკვე ქართული შური ქართულ სენში გადაიზრდება და ყველას უნდა იყოს პირველი! გახსოვთ, პოლიტიკურმა პარტიამ თბილისში სპორტის სასახლის დარბაზი „თავისი მომხრეებით” გადაჭედა. მისი შურით მეორე პოლიტიკურმა პარტიამ ერთი კვირის შემდეგ იგივე გაიმეორა, ეს რომ მესამემ დაინახა – თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო და მანაც გადატენა სპორტის სასახლე, მას მიყვა სხვა და მერე კიდევ სხვა. ხალხი კი, ვისაც საერთოდ შურის გრძნობაც კი, აღარ დარჩა, ამას შორიდან უყურებდა და თავისთვის გუნებაში ითვლიდა – ამ დალოცვილებს არა სჯობდა, ჩემთვის მოეცათ ეს ფული, რაც აქ დახარჯეს, ერთმანეთთან შურიანი დაპირისპირებითა და თავის წარმოჩენითო? ერთ ძროხას ვიყიდდი, ქათამს და სოფელში წელში მეც გავიმართებოდი და სხვაცო! მაგრამ არა სჯობდა, არა სჯობდა იმათთვის, ვინც ერთმანეთის შურის გულისთვის მილიონებს ჰაერში ფანტავს და ხალხის ჯიბიდან მოპარულ ფულს ხალხს არ უბრუნებს უკან. * * * შური ჭამს შოუბიზნესსაც, ყველას ყველაფერი თვალში ეჩხირება, ჰო, თვალზე გამახსენდა – სხვის თვალში ნამცეცს ხედავენ და საკუთარში დირესაც კი ვერ ამჩნევენო! სწორედ ამათზეა ნათქვამი!!! არადა, რომ იცოდეთ, რა სასაცილოები არიან, როცა ერთმანეთზე შურით და ბოღმით საუბრობენ ხოლმე და შეხვედრებისას კი, ღიმილით ერთმანეთს ლამის თაფლი წაუსვან და აულოკონ. სასაცილოები არიან მაშინ უფრო, როცა ეს გამოსდით!!! * * * მერე კიდევ ჩემზე იტყვიან, დასაჭერია, გასაკიცხია, რომ ქართვლისას სიავეს ამბობსო…!!! ბესო ჩუბინიძე 94 4-ს მოსწონს
|