საზოგადოება მოგზაურობა წარსულში (რედაქტორის გვერდის გამოძახილი წარსულიდან) 2014, 17 ივნისი, 2:19 მართლა არ ვიცი, უკანასკნელად როდის იმგზავრეს მეტროთი ჩვენი ქვეყნის დიდმა და პატარა ოლიგარქებმა, მაგრამ თავს უფლებას მივცემ და ვივარაუდებ, რომ არა ბოლო 4 წლის განმავლობაში! არადა, „ქვეყნის ბედ-იღბალზე” მაწუხართ, „მომავლზე ფიქრით თავატკიებულთ”, როგორ მოუხდებოდათ, ერთი დღე თბილისის მიწიქვეშეთში მოგზაურობა!
დედაქალაქის ქუჩები ვეღარ იტევს საქართველოს ყველა კუთხიდან, თბილისში ლუკმა-პურის საშოვნელად ჩამოსულ ქართველებს და არაქართველებს, სწორედ ამიტომ ადამიანებმა ხსნა უკვე მიწისქვეშ მონახეს. ნებისმიერი მეტროს სადგური ერთ პატარა საქართველოს მოგვაგონებს, სადაც ყველა ყიდის და სადაც ყველა ყიდულობს, სადაც, დღის სინათლე არავის ენატრება და სადაც სუფთა ჰაერი, ორპირი ქარის მოტანილი ნიავია მხოლოდ! ადამიანები მეტროს სადგურებში ცხოვრობენ, შრომობენ და აღარც კი ანაღვლებთ, თუ რა ხდება იქ, მიწისზევით, მზის საუფლოში. თვალსაჩინო და ამ მხრივ ყველაზე წარმატებული „ვაგზლის მოედნის” მეტროს ანდერგრაუნდია (მიწისქვეშეთი), განსაკუთრებით ერთი ხაზიდან მეორე ხაზზე გადასასვლელი გვირაბი! გვირაბი, რომლის ორივე ბოლოშიც სინათლე მოსჩანს, მაგრამ ადამიანებს არ სურთ ამ სინათლეზე ასვლა, არ სურთ მისით ტკბობა, რადგან ეს სინათლე მათ და მათ შვილებს კუჭს ვერ გაუძღობს. ამ გვირაბში მთელი საქართველოს სახეს დაინახავ, ამ გვირაბში ყველა გადის, ყველა, გარდა იმათი, ვინც ზევით ვახსენეთ. ამ გვირაბში ადამიანები ერთმანეთს იცნობენ, ამ გვირაბში ადამიანებს ერთმანეთის სჯერათ, ერთმანეთს იცავენ და უფრთხილდებიან კიდეც! ეს ხდება ანდერგრაუნდში, განსხვავებით მიწისზედა თბილისისგან. - დილით იხსნება თუ არა მეტრო, მე უკვე დახლი მაქვს გაშლილი! როცა აქ მოვდივარ ბნელა, მივდივარ და ბნელა! ჩემი ცხოვრება სიბნელეა, მე იმედი აღარ მაქვს! რად მინდა სინათლე? რად მინდა მზე?! - ამას 19 წლის ჭიათურელი გოგონა ამბობს, რომელმაც მიცნო და მკითხა – რატომ დგახართ, ამდენი ხანი ამ გვირაბში და რატომ უყურებთ ხალხსო? პასუხი კი, თავადვე გასცა თავისივე დასმულ შეკითხვას – მე ვიცი, მერე თქვენ დაწერთ და იქ, ზევით გაიგებენ, რომ მიწისქვეშ ხალხი ცხოვრობსო!!! დაწერეთ, რომ იმათმაც იცოდნენ – აქ ხალხი ცხოვრობს!!! დავწერე! მიწისზედ კი, ცხოვრება ჩვეული ტემპით გრძელდება. ქართველი პატარა თუ დიდი ოლიგარქები 2 ნოემბრის არჩევნებისთვის ემზადებიან, მილიონობით ფულს ხარჯავენ, რათა კიდევ 4 წელი არ ჩავიდნენ მეტროში, რათა კიდევ 4 წელი არ მოუწიოთ ხალხის თვალებში ჩახედვა, რათა კიდევ 4 წელი ამაყად იარონ მიწისზედა თბილისში და კიდევ 4 წელი დაამძიმონ, ისედაც მათი ცოდვით სავსე დედამიწა. დედამიწა კი, ნაგავმა წალეკა – ნაგავია მიწისქვეშეთში და ნაგავია დღის სინათლეზეც! მწვანეებს თავისი პირდაპირი მოვალეობა დავიწყნიათ, ტრადიციონალისტები და მონარქისტები აღარ იბრძვიან მეფის მემკვიდრის საქართველოში დასაბრუნებლად… საქართველოში კი 2 ნოემბერს კვლავ არჩევნებია! ანდერგრაუნდში მცხოვრები ხალხი არ აპირებს მათთვის ერთ ჩვეულებრივ დღეს, 2 ნოემბერს, კვირას, მაშინ როცა ტრადიციულად კარგი ვაჭრობა აქვთ, მაშინ როცა 20 თეთრით მეტის შეტანა შეუძლიათ საკუთარ სახლში, არ აპირებს ეს დღე გააცდინოს, რაღაც(!) არჩევნებზე მისასვლელად, როცა წინასწარ იციან, რომ მათ მიწისქვეშეთიდან მაინც ვერავინ ამოიყვანს, როცა იციან, რომ ისინი არავის ახსოვს, როცა იციან, რომ ისინი არავისთვის არ არიან ე.წ.ელექტორატი, როცა იციან, რომ უბრალოდ, - მათ არაფერი ეშველებათ!!! …და არც ოლიგარქებს აინტერესებთ ანდერგრაუნდი, მათ ისედაც იციან, რომ კიდევ 4 ბედნიერების წელი ეჭყანებათ მათ შვილებს, მათ სანათესაოს და საახლობლოს!!! ცხოვრება კი თავისი გზით ნელ-ნელა და ეტაპობრივად მიდის ლოგიკურ დასასრულამდე, ფინალამდე, რომელიც ყველას და ყველაფერს აქვს! დასასრულამდე, რომელიც ახალი დასაწყისის საფუძველია, ახალი იმედების და ანდერგრაუნდიდან სამუდამოდ დღის სინათლეზე ამოსვლის პერსპექტივით!!! * * * ქვეყანაშია ფერები მუქი! დედამიწა დამძიმდა ნაგვით! კოსმოსი აიზლიტნა სიბინძურით! ადამიანები გაუცხოვდნენ ერთმანეთისთვის და დაკარგეს იმედი საკუთარი მომავლის, რადგან ფიქრობენ, რომ ისიც კი გაიყიდა – იმედიც გაიყიდა! ახლა მას ფასი დაედო! იმედი აღარ არის უფასო, არც მზისქვეშეთში და არც მიწის ქვევით! ჩვენ ახალი უნდა შევქმნათ, რაღაც ახალი, რაღაც სხვა, რასაც ჯერ არ ჰქვია სახელი, და რაც მომავალში მთლიანად ჩვენი, - ხალხის იქნება!!! რაღაც ახალი და რაღაც სხვა!!! ძველი დრო 105 2-ს მოსწონს
|