x
image
მანჩო 777
კურიოზი ლორო-პარკის ზოოპარკში-ვეტერინარმა გორილის ტანსაცმელში გადაცმულ ზოოპარკის თანამშრომელს ესროლა
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ ზოოპარკ ლორო-პარკში, რომელიც ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე მდებარეობს, კურიოზული შემთხვევა მოხდა:ვეტერინარმა ესროლა ზოოპარკის თანამშრომელს, რომელიც გორილის კოსტიუმში იყო ჩაცმული.



მთელი მსოფლიოს ზოოპარკებში არსებობს პრაქტიკა ჯგუფური წვრთნების ჩატარებისა, რომლის დროსაც ზოოპარკის თანამშრომლები, სხვადასხვა ცხოველების კოსტიუმებში გადაცმულნი, ხვეწავენ ცხოველებთან მოქცევის წესებს და ამუშავებენ ტაქტიკას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მათი ზოოპარკიდან გაქცევის მცდელობის დროს.


image


სწორედ ასეთი სწავლება მიმდინარეობდა კუნძულ ტენერიფეზე მდებარე ლორო-პარკის ზოოპარკში, მაგრამ ეს სწავლება დაბნეული ვეტერინარის წყალობით ნამდვილ ნადირობად გადაიქცა.



როგორც საინფორმაციო სააგენტო Metro იუწყება, ეს შემთხვევა წინა კვირაში მოხდა: ზოოპარკის თანამშრომელმა გორილის კოსტიუმი გადაიცვა და დაიწყო მისი მიბაძვა ქცევებით. ამასობაში სხვა თანამშრომლებიც ჩაერთნენ თამაშში და დაიწყეს ვითომდა გაქცეული გორილის დაჭერა და გაღიზიანებული ცხოველის დამშვიდება.


image


თამაშში გართულმა მონადირეებმა ვერ შეამჩნიეს, თუ როგორ მიაუხლოვდა მათ კიდევ ერთი მონადირე-ზოოპარკის ახალი ვეტერინარი. სპეციალისტმა ვერც კი მოიაზრა, რომ გორილის ტანსაცმლის შიგნით ქვედა საცვალში ჩაცმული ადამიანი იყო და თანამშრომლების საშველად გაექანა.


image


იმის შიშით, რომ აგრესიული " მაიმუნი" თავისუფლებაზე აღმოჩნდებოდა, ვეტერინარმა სიფრთხილის გადამწყვეტი ზომები მიიღო და გორილას ფეხში ესროლა ტრანკვილიზატორიანი ტყვია. ვეტერინარი საკმაოდ ზუსტი მსროლელი აღმოჩნდა და გორილად გადაცმული საბრალო ესპანელი მიწაზე გაიშხლართა.

დაბნეული მონადირე მხოლოდ მაშინ მიხვდა თავის შეცდომას, როცა შექების სიტყვების მაგივრად თანამშრომლებისაგან ყვირილი და ძახილი გაიგონა, რომლითაც მას თხოვდნენ სროლა შეეწყვიტა. გაზეთ “La Opinión de Tenerife”-ის მონაცემებით, დაზარალებული ჰოსპიტალში წაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.


image


"ზოოპარკში რეგულარულად ტარდება მსგავსი სწავლებები. სამწუხაროდ, უკანასკნელი სწავლების დროს ჩვენი თანამშრომელი დაზარალდა: მას ესროლა არაინფორმირებულმა ვეტერინარმა, რომელმაც, გაიგონა რა ავარიული სიგნალი, მოირბინა ზედამხედველების დასახმარებლად. სამკურნალო კურსის გავლის შემდეგ დაზარალებული ჰოსპიტლიდან გამოწერეს და ის ახლა კარგად გრძნობს თავს", -განაცხადა ლორო-პარკის პრეს-მდივანმა.


image

0
71
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0