საზოგადოება კარგი მანერების გაკვეთილები 2014, 26 მაისი, 22:34 კარგი მანერების გაკვეთილები, ანუ როგორ მოვიქცეთ სუფრასთან
რა არის ეტიკეტი? მისი მთავარი დანიშნულება ადამიანისთვის ცხოვრების გართულება კი არა, კომფორტულობისა და სიამოვნების მინიჭებაა. თუმცა ეს უფრო ინდივიდუალურია, ვიღაცისთვის ის ტანჯვაა – სხვისთვის საკუთარი სტატუსის ხაზგასმის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესი. თუ კითხვას გააგრძელებ, სუფრასთან ქცევის კლასიკურ რჩევებს აღმოაჩენ. საერთოდ, ეტიკეტი ადამიანის ცხოვრებისა და ქცევის ყველა სფეროს ეხება, მაგრამ ჩვეულებრივ, ყველაზე დიდ სირთულეს სუფრასთან ქცევის ნორმები წარმოადგენს. სუფრასთან ქცევის წესის დარღვევამ ზოგჯერ სავალალო შედეგიც შეიძლება გამოიღოს. თვით სიტყვა ეტიკეტი არცთუ ისე დიდი ხნისაა. „კარგი ქცევის წესებთან“ ერთად, იგი ყოფაში 17 საუკუნეში, საფრანგეთის სამეფო კარზე დამკვიდრდა. მეფე ლუდოვიკო მეთოთხმეტის მიერ გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე სტუმრებს საეტიკეტო ბარათები დაურიგეს, რომლებზეც სუფრასთან ქცევის ზოგიერთი სავალდებულო წესი იყო ჩამოთვლილი. ცნობილი გამოთქმა – „მაგიდას იდაყვებით ნუ დაეყრდნობით“ – თურმე უნივერსალური არ ყოფილა. მაგალითად, თუ რესტორანში იმყოფებით და იქ ხმაური და ხმამაღალი მუსიკაა, მაშინ სუფრაზე მჯდომებთან დასალაპარაკებლად, წინ გადაწევა და მაგიდაზე დაყრდნობა მოგიწევთ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ასე მოქცევა მიუღებელია იმ შემთხვევაში, თუ ხელში დანა-ჩანგალი გიჭირავთ. მაგალითად, ფილმ „ტიტანიკის“ გადაღების დროს, მსახიობები სპეციალურად სწავლობდნენ სუფრასთან ქცევის გასული საუკუნის დროინდელ წესებს. მაშინ სუფრასთან მსხდომნი ხელსახოცს საყელოში იმაგრებდნენ, ახლა ეს მიღებული აღარ არის – ხელსახოცი მუხლებზე უნდა დაიფინოთ, თანაც ეს მხოლოდ მაშინ უნდა გააკეთოთ, როცა სუფრაზე ყველა შეკვეთილ კერძს მოიტანენ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამ ხელსახოცით ტუჩებისა და ხელების გაწმენდა მიღებული არ არის, შეიძლება მხოლოდ ოდნავ მიიდოთ ხელსახოცი ტუჩებთან, ვთქვათ, ღვინის დალევის წინ. თუ წვეულების დროს სუფრიდან ადგომა მოგიწიათ, ხელსახოცი თეფშის მარცხენა მხარეს ან თუ თეფშები ალაგებულია, ცენტრში უნდა დადოთ. ოფიციალურ წვეულებაზე დანა-ჩანგლისა და ჭიქების სიუხვემ არ დაგაბნიოთ. ასეთ შემთხვევაში, კერძების შემოტანასთან ერთად, დანა-ჩანგალს მიმდევრობით იღებენ (პირველად იმას, რომელიც თეფშისგან ყველაზე შორსაა). იგივე წესი მოქმედებს ჭიქებზეც – პირველად მარჯვენა კიდეში დადგმული ჭიქა უნდა გამოიყენოთ, დანარჩენები კი – დანიშნულების მიხედვით: ყველაზე პატარა ჭიქები მაგარი სასმელისთვისაა განკუთვნილი, სადესერტო და ტკბილ ლიქიორებს ფაილისმაგვარ ჭიქებში ასხავენ. წითელი ღვინისათვის განკუთვნილი ფუჟერი მოზრდილი ფორმისაა, ხოლო თეთრი ღვინო, უფრო მაღალ, ფეხიან ბოკალში უნდა ჩაასხათ. ყველაზე დიდი და მაღალი ფუჟერები შამპანურისთვისაა გათვალისწინებული საერთოდ, ჭიქა სასმლით დაახლოებით სამ მეოთხედზე ივსება და დასხმისას ბოთლის ყელი ჭიქას არ უნდა ეხებოდეს. თუ დალევა არ გსურთ, ჭიქას ხელს ნუ დააფარებთ – ეს უზრდელობად ითვლება; ამ შემთხვევაში არც ჭიქის პირქვე გადაბრუნებაა მიღებული. წვეულების მასპინძელმა პირველად სასმელი საკუთარ ჭიქაში უნდა დაისხას და პირველი სადღეგრძელოც თავადვე უნდა შესვას. ეტიკეტის კლასიკური წესების თანახმად, ოფიციანტმა მენიუ ჯერ ქალს უნდა მიაწოდოს, შემდეგ კი მის თანხმლებს. თუმცა ამჟამად ამ წესს მკაცრად აღარ იცავენ. სუფრასთან მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მარცხენა და მარჯვენა მხარეებს. მაგალითად, ოფიციანტმა კერძი მარცხენა მხრიდან უნდა მოგართვათ, სასმელი კი მარჯვენა მხრიდან ისხმება. ყველაზე დიდი გაუგებრობა კი დანა-ჩანგლის ხმარებისას წარმოიშობა ხოლმე. საყოველთაოდ გავრცელებული ევროპული წესის (დანა – მარჯვენა ხელში, ჩანგალი – მარცხენაში) გარდა, არსებობს ე.წ. „ზიგზაგისებური“ წესი. ამ მეთოდს ხშირად იყენებენ ამერიკელი ვარსკვლავები „ოსკარის“ ან „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიაზე გამართული ბანკეტის დროს: თავდაპირველად, მარჯვენა ხელით დანით კერძს ერთ ნაჭერს აჭრიან, შემდეგ დანის ნაცვლად მარჯვენაში ჩანგალს იკავებენ და მისი მეშვეობით შეექცევიან. იმ შემთხვევაში, თუ კერძის ჭამა დანის გარეშე შეიძლება, ჩანგალი ყოველთვის მარჯვენა ხელში უჭირავთ. ბოსტნეულს და ფრინველის ხორცს ხელით მიირთმევენ. ვაშლი, მსხალი და ატამი ჯერ ხილისთვის განკუთვნილი პატარა დანით უნდა გათალოთ, დაჭრათ და ჩანგლით მიირთვათ. ხელით მხოლოდ მანდარინის გაფცქვნაა მიღებული. ჭამის დამთავრების შემდეგ, როგორც წესი, დანა-ჩანგალს თეფშზე დიაგონალურად აწყობენ, ეს იმის ნიშანია, რომ თეფშების ალაგების დრო დადგა. 549 2-ს მოსწონს
|