x
image
აჩიკუნა
სასწაული – წმ.დავით გარეჯელი

image


წმინდა დავით გარეჯელი თავდაპირველად თბილისის დასავლეთით, ერთ მთაზე დასახლდა. ღირსი მამა ყოველ კვირას ჩამოდიოდა ქალაქში საქადაგებლად. მაშინ თბილისი სავსე იყო ცეცხლთაყვანისმცემლებით. წმინდა დავითმა მრავალი სული გამოსტაცა ეშმაკს და ქრისტეს სამწყსოს შერთო. ამან განარისხა ცეცხლთაყვანისმცემლები და მათაც ერთი დედაკაცი მოისყიდეს, რომელმაც ცილი დასწამა საქადაგებლად ჩამოსულ ღირს მამას: ამბობდა, დავითისგან ვარ ორსულადო. განცვიფრდა ერი, არ იცოდნენ, რა ექნათ. შეძრწუნდა მამა დავითიც და ხალხს მიმართა: "შვილნო და ძმანო, თვით ღმერთმა უწყის სიმართლე და დაე, გამოაჩინოს". ბრძანა, დედაკაცი მის წინ დაეყენებინათ და მიმართა: "რა მრუშება ვქმენ შენ თანა?" ქალი ურცხვად იმეორებდა ტყუილს. მაშინ წმინდა დავითმა ილოცა: "უფალო ღმერთო ჩემო, ღმერთო მართალთა და არა უსჯულოთაო. ვიცი, რომ შენს წინაშე არა არის რა დაფარული, გამოაჩინე ჭეშმარიტება და მიჩვენე მაცხოვარება შენი, ჰქმენ ესე ჩემი სულიერი მამისა და მისი მოწაფეების, ჩემთა ძმათა გულისთვისო". ლოცვა რომ დაასრულა, აიღო რკინის კვერთხი, რომელიც სულ თან დაჰქონდა, შეახო ქალს მუცელზე და ხმამაღლა თქვა: შვილო, გიბრძანებ, უფალ იესო ქრისტეს სახელით, თქვი ჭეშმარიტი - მე ვარ მამაშენი? ჰოი, საკვირველებავ - ბავშვმა მუცლიდან ამოიძახა: დავით მოღვაწე კი არა, მჭედელია მამაჩემიო. წმინდა დავითმა ვეღარ შეაჩერა განრისხებული ხალხი. მათ ცილისმწამებელი ქალი იქვე ჩააქვავეს.

1
137
7-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
137
  
0 1 1