რელიგია როგორ ქრებიან ათონის მთიდან წმიდა მამები და ვინ იყვნენ უხილავი ბერები, რომელთა კვალს ვერასდროს პოულობდნენ 2014, 10 მაისი, 16:19 ![]() 1941 წელს ღირსმა პეტრე ათონელმა თავის ორ მორჩილს უთხრა, რომ კუნძულ სამოსზე აპირებდა წასვლას, მაგრამ კელიიდან ბერი გაქრა და მის კვალს ვერსად მიაგნეს – ვერც მკვდარი იპოვეს და ვერც ცოცხალი. 1984 წელს ივერიის სკიტის კელიიდან გაქრა ბერი სერგი, ფრიად ღვთივსათნო, მდუმარე და ქველმოქმედი მოღვაწე. მისი კელიის კარი დიდი ხნის განმავლობაში ღია იყო. მოგვიანებით, ასევე, ვათოპედის მონასტრის კელიიდან, გაქრა ბერი ნექტარიოსი. ის ვერც ცოცხალი იპოვეს და ვერც მკვდარი. ასევე დაიკარგა რამდენიმე ბერი და როგორც ამბობენ, ათონის მთაზე ძირითადად გამორჩეული ბერები იკარგებოდნენ. ბერების ამ გაქრობას ათონის მთის სხვა დიდ საიდუმლოსაც უკავშირებენ – ეგრეთ წოდებულ „უხილავ მოსაგრეებს“. წმიდა მთაზე ასეთი თქმულებაც არსებობს: როდესაც ვინმე იკარგება, ამბობენ, ის „უხილავმა მოსაგრეებმა“ წაიყვანესო. ![]() ![]() მეოცე საუკუნეში წმიდა მთაზე ერთი ბერი მოღვაწეობდა, რომელიც თავისი სიწმიდით ათონელთათვის ჭეშმარიტად იყო „უხილავი მოსაგრე“, მაგრამ ათონელი მამები ვერ ხედავდნენ ამას. ის ყველას ჩვეულებრივ მშრომელ ბერად მიაჩნდა, ის კი, ანუ წმიდა სილუან ათონელი, ლოცვით წმიდა მამებს მიემსგავსა და უფალს მთელი კაცობრიობისთვის ევედრებოდა. წყაროების თანახმად, ერთ-ერთ ლიბანელს ათონზე ასვლა სურდა, მაგრამ გზა დაებნა. გზაზე ვიღაც უცნობი ბერი შეხვდა, რომელიც მას ლეღვით გაუმასპინძლდა. როდესაც ლიბანელმა ამის შესახებ წმიდა ანას სკიტში მყოფთ უამბო, ბერები უცნობი მოღვაწის საძებნელად წავიდნენ, მაგრამ ვერავინ ნახეს. წმიდა ანას სკიტის ერთ-ერთი ბერის ნათესავს სკიტისკენ მიმავალ ბილიკზე გზა აბნევია, გამოქვაბულს მიდგომია, სადაც ვიღაც გარდაცვლილი ბერის დასვენებული სხეული უნახავს. მის მარჯვენა და მარცხენა მხარეს თითო სანთელი ენთო. როდესაც კრეტელმა ამის შესახებ თხრობა დაიწყო, რამდენიმე ბერმა ირგვლივ მიდამოები მოათვალიერა, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. კვიპროსის კიკოსის მონასტრის ბერ-დიაკონი ეფრემი ერთხელ, ათონის მთაზე ყოფნის დროს, დიონისიატის მონასტრიდან წმიდა პავლეს მონასტერში მიდიოდა და ბილიკზე უცნობ მოღვაწეს შეხვდა. ისინი შეჩერდნენ, ერთმანეთს მიესალმნენ და საუბარი დაიწყეს. უცნობი „მოსაგრე“ ძველი კაბით იყო შემოსილი, გრძელი წვერი კი ქამარში ჰქონდა ჩატანებული. ახალგაზრდა კვიპროსელმა მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვა ზიარების შესახებ. ბერმა მას უპასუხა. შემდეგ თითოეული თავის გზაზე წავიდა. რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ ეფრემი მობრუნდა, რათა კიდევ ერთხელ შეეხედა მოხუცი ბერისთვის, მაგრამ მხოლოდ ველური ბუჩქები და ცარიელი ბილიკი დაინახა. ცნობილი მოღვაწე ბერი პაისი ათონელი ამბობდა, რომ ათონზე არცთუ ცოტა უცნობი წმიდა ბერია, რომლებიც ხალხს თავიანთ ადგილსამყოფელს უმალავენ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი „უხილავი მოღვაწენი“ მართლაც არსებობენ, – წერს ბერი ვლასი, მაშ, მთელი სამყარო უნდა ხარობდეს, რამეთუ მათი ლოცვით შეჩერებულია ღვთის სამართლიანი რისხვა, ჩვენი ცოდვების გამო, ადამიანთა მოდგმაზე“. ![]() 2813 12-ს მოსწონს
|