საზოგადოება რატომ აიძულებენ ნიკოლოზ რაჭველს, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსა და მუსიკალური ცენტრის დატოვების შესახებ 2014, 12 აპრილი, 2:11 საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკა მემანიშვილმა, იგივე ნიკოლოზ რაჭველმა, სხვადასხვა დროს, არაერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გარკვეული პრობლემები შეექმნა. მოგეხსენებათ, წინა მთავრობის პერიოდში ის ყველა სამთავრობო ღონისძიებაში შეუცვლელი წევრის სტატუსით მონაწილეობდა, გახლდათ ეროვნული მუსიკალური ცენტრის დირექტორი. რამდენიმე ხნის წინ კი, ამ ორგანიზაციის საქმიანობით ახალი მთავრობა დაინტერესდა. მაშინ კულტურის სამინისტროსა და ნიკოლოზ რაჭველს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა. ახალგაზრდა დირიჟორს გასართობი შოუებით ზედმეტი გატაცება დაუწუნეს. ამჯერად კი, ნიკოლოზ რაჭველის განცხადებით, კულტურის სამინისტრო ყველნაირად ცდილობს, რომ მან საქართველო და მუსიკალური ცენტრი დატოვოს. "- ძალიან ვცდილობ დავიცვა ტაქტი და ისედაც მრავალი უარყოფითი ემოციით დამუხტულ საზოგადოებას არ მოვახვიო თავს კულტურის სამინისტროს ქმედებებიდან გამომდინარე ჩემი უსაზღვრო სასოწარკვეთილება, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?! როგორც ჩანს, ყველანაირად ცდილობენ მივიღო რადიკალური გადაწყვეტილება, სადაც მაქვს არჩევანი ორ ვარიანტს შორის: ან საქართველოსა და მუსიკალური ცენტრის დატოვება ან უკომპრომისო ბრძოლა უმეცრების, არაპროფესიონალიზმისა და ბოროტების წინააღმდეგ! ამ არჩევანის ზღვარზე ვარ. სამწუხაროდ", - წერს იგი სოციალურ ქსელში. ამჟამად, რაჭველი უკრაინაში იმყოფება. საქართველოდან წასვლის სურვილის მიზეზად, იგი შემდეგს ასახელებს: "- ეს სურვილი გამოიწვია იმან, რომ მე წავიკითხე დათო მაღრაძის ინტერვიუს ამონარიდი და სრული პასუხისმგებლობით დავეთანხმე, უბრალოდ, დავამატე ჩემი გულისტკენა, რომელიც გამოწვეულია მათი ქმედებებით... უკვე მეოთხე თვეა, ამაოდ ველოდებით მათი დანაპირების შესრულებას და ჩვენი მუსიკალური ცენტრისთვის სხვა კოლექტივების პირობებთან გათანაბრებისათვის საჭირო თანხას, რომელიც მათ გამონახეს, მაგრამ გარკვეული ბიოროკრატიული თუ სხვა მიზეზების გამო, დღემდე არ მოგვარებულა. 180 ადამიანი ელოდება მათ მოქმედებას და შთაბეჭდილება გვრჩება, რომ მათ სრულებით არ აღელვებთ ეს, არადა, მგონი, მათი პირდაპირი მოვალეობაა ჩვენზე (ორკესტრზე, კაპელაზე, თეატრებზე, მოცეკვავეებზე, მხატვრებზე, მწერლებზე, კინემატოგრაფისტებზე) ზრუნვა." რაც შეეხება, პოეტ დავით მაღრაძის ზემოთხსენებულ ინტერვიუს, იგი "საერთო გაზეთთან", კულტურის სფეროში არსებულ საგანგაშო ვითარებაზე საუბრისას აცხადებს: "- კულტურის სფეროში საქმის ორგანიზება ხარვეზებით მიმდინარეობს. ხშირ შემთხვევაში კულტურის სამინისტროში მაღალი კვალიფიკაციის ხალხს დილეტანტებით ანაცვლებენ, რომლებიც დილეტანტურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ფინანსისტები და იურისტები მართავენ იმ სფეროს, რომელზეც ზერელი წარმოდგენაც კი არ აქვთ, რაც კრიტიკას ვერ უძლებს". 131 1-ს მოსწონს
|