არქიტექტურა Wat Rong Khun-თოვლივით თეთრი ტაძარი ტაილანდში 2014, 2 მარტი, 21:54 ტაილანდი-ეს ნამდვილი საოცრებების ქვეყანაა. ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ჩადის ამ ქვეყანაში მისი ღირსშესანიშნაობების სანახავად. დღეს მინდა ერთ-ერთ ასეთ არქიტექტურულ ძეგლზე მოგითხროთ. ესაა თოვლივით თეთრი, უმშვენიერესი, ულამაზესი ტაძარი Wat Rong Khun.
მისი სპეტაკი სილამაზე გნუსხავთ, გიმონებთ და თვალებს გჭრით. ეს არატრადიციული ბუდისტური ტაძარი ცნობილია, როგორც "თეთრი ტაძარი" და ის მდებარეობს ჩიანგრაის პროვინციაში.ტაძარს ხშირად "ტაილანდის მარგალიტს" უწოდებენ და ეს სახელწოდება სრულად შეფერება მის სილამაზეს. უნდა აღინიშნოს, რომ ტაძარი სავსებით თანამედროვეა:მისი მშენებლობა დაიწყო 1997 წელს, თუმცა არქიტექტორმა ამ იდეის მოფიქრებას მთელი 20 წელი მოანდომათუმცა ის, რაც მან შექმნა, არქიტექტურის ნამდვილი შედევრია. ალბათ რთულია სიტყვებით ამ მშვენიერების გადმოცემა, ეს უნდა ნახო! თეთრი ტაძარი წარმოადგენს სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარს, ის შეღებილია თეთრ ფერში, დაფარულია სარკისებრი მოზაიკით და სიმბოლურად აღნიშნავს ბუდას სისპეტაკეს. არქიტექტორის ჩანაფიქრით, ტაძარი წარმოადგენს სამოთხის სიმბოლოს. ტაძრამდე რომ მიაღწიოთ, უნდა გაიაროთ ჯოჯოხეთის კარიბჭე წამების და ტანჯვის ბილიკით, სადაც ბილიკის ორივე მხარეს შენკენ მუდარით გამოწვდილი ხელებია. ეს საკმაოდ საშინელი, ჟრუანტელისმომგვრელი სანახაობაა. ამ ბილიკის გავლის შემდეგ შეგხვდებათ რახის ქანდაკება-მითების მიხედვით ეს არის დემონი-გველეშაპი, რომელიც დაბნელების დროს მზეს ყლაპავს. ამის შემდეგ უკვე ხიდია პატარა ტბორზე, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს ორი სამყაროს გამყოფ მდინარეს. ტაძართან მიახლოებისას უამრავი ფიგურა თუ სტატუა გხვდებათ, სახურავი მორთულია ქანდაკებებით, რომლებიც ბუნების სტიქიებს აღნიშნავენ. მაგრამ საინტერესოა, მაინც რა იმყოფება ამ ულამაზესი და საიდუმლო ტაძრის შიგნით. ამაზე უკვე სხვადასხვა ლეგენდები დადის. საქმე იმაშია, რომ ფოტოტექნიკით იქ შესვლა სასტიკად აკრძალულია. ტაძარში არის ბუდას ორი ქანდაკება და მისივე უზარმაზარი გამოსახულება, მოპირდაპირე კედელი კი მორთულია წარწერებით, რომლებიც გვამცნობენ ბოროტსა და კეთილს შორის საუკუნო ბრძოლას. იმის მაგივრად, რომ კედლებზე გამოესახათ ბოროტებასთან მებრძოლი ისტორიული გმირები, კედლები მოხატულია თანამედროვე ფილმების გმირების ნახატებით, ოღონდ მათში ჩადებულია ბუდისტური კონტექსტი. აქ გვხვდება ბეტმენი, სუპერმენი და კიანუ რივზიც კი ნეოს როლში "მატრიციდან", ჯედაი "ვარსკვლავური ომებიდან", რობოტები და კიდევ უამრავი თანამედროვე პერსონაჟი. გვერდითი კედლების მოხატვა ჯერ კიდევ არაა დამთავრებული, მაგრამ აქ უკვე შეგვიძლია ვიხილოთ "ტყუპების" აფეთქება თვითმფრინავით აშშ-ში, აქვეა კოსმოსური ხომალდები და სცენა, რომელიც გამოხატავს დედამიწის დაღუპვას. სავარაუდოდ, ეს ქანდაკებები ბოროტებას გამოხატავენ. ვფიქრობ, საინტერესო და უჩვეულო მოგზაურობა გამოგვივიდა ტაილანდის საიდუმლო, ულამაზეს თეთრ ტაძარში, იქნებ ზოგ თქვენგანს იქ მოგზაურობის სურვილიც კი გაგიჩნდეთ. 173 11-ს მოსწონს
|