რელიგია რა არის გამოსახული ნათლისღების ხატზე? 2014, 19 იანვარი, 18:47 ნათლისღების ხატზე გამოსახულია მაცხოვრის ნათლისღება. როდესაც მაცხოვარი 30 წლის შეიქნა, მივიდა იოანესთან ნათლისღებისთვის და ნათელ იღო იორდანეში. ვიცით, რომ ამ დრომდე ცოტა ხნით ადრე იოანე უდაბნოდან გამოვიდა და ადამიანებს სინანულისკენ მოუწოდებდა, ვინც მასთან სინანულით მიდიოდა, აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს და იორდანეში ნათლსიღებით განიწმინდებოდნენ. იოანეს მიერ აღსრულებული ნათლისღება არ იყო ის ნათლისღება, რასაც ამჟამად წმინდა ეკლესია აღასრულებს. ეს იყო ცოდვათა მისატევებელი ნათლისღება, -ძველაღთქმისეული განწმენდა. სწორედ მასთან მივიდა მაცხოვარი ნათლისღებისთვის, რითაც საკუთარ თავზეც აღასრულა სჯული და მოგვცა მაგალითი ნათლობისა. ამ დროს აღესრულა უდიდესი საიდუმლო. თავად უფალს ნათლისღება არ სჭირდებოდა, როგორც ეს სჭირდება ყველა ადამიანს, რამეთუ მასზე არ იყო ადამის ცოდვა(რომელიც მემკვიდრეობით გადადის ყველა ადამიანზე). ის იყო სრულიად უცოდველი, მაგრამ როგორც მამები გვასწავლაინ, როდესაც უფალმა ნათელი იღო იორდანეში, მასში ნათელ იღო მთელმა კაცობრიობამ. ქრისტეს ნათლისღებით მოხდა ადამიანური ბუნების, კაცობრიობის განწმენდა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნათლისღება აღარ გვჭირდება. საკუთარი ნათლისღებით უნდა შევუერთდეთ ამ ნათლისღებას. სწორედ ეს მოვლენაა გამოსახული ნათლისღების ხატზე. მასზე ვხედავთ, რომ მაცხოვარი დგას იორდანეში და ნათელს სცემს იოანე. ასევე გამოსახულია მტრედი. როგორც სახარება გვეუბნება, მაცხოვრის ნათლისღების დროს სულიწმიდა გარდამოვიდა ვითარცა მტრედი და ეს იყო კაცთათვის სახილველი. ის ადამიანთა თვალთათვის შესახედად როგორც მტრედი, ისე გამოჩნდა. ნათლისღების ხატზე გამოსახულია ანგელოზებიც. სახარება არ მოიხსენიებს, რომ მაცხოვრის ნათლისღების დროს ვინმეს ანგელოზები ეხილოს, მაგრამ ცხადია, იქ მყოფობდნენ, რადგან ანგელოზები თავიანთ მარადიულ, დაუსაბამო და დაუსრულებელ მეუფეს ყველგან ემსახურებიან და ცხადია, ქრისტეს ნათლისღების დროსაც ანგელოზთა უამრავი წყება და დასი იქნებოდა, რამეთუ მათი მეუფე, მთელი სამყაროს მეუფე იდგა იორდანეში ნათლისღებისთვის. ხატის ზემო ნაწილში გამოსახული წრის მონაკვეთი სიმბოლურად, ცას აღნიშნავს, რომელიც, როგორც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: "ადამმა დაახშო, როგრც საკუთარი თავისთვის, ასევე შთამომავლობისთვის. წრის ეს მონაკვეთი მიანიშნებს " ცათა შინა " ღმერთის მყოფობაზე ". საღვთისმსახურო ტექსტების შესაბამისად, ნათლისღების ამსახველ ხატზე მაცხოვარი უმეტესწილად, შიშველი სხეულით გამოისახება, რამეთუ ხორცის სიშიშვლით (იგულისხმება ჯვარზე გაკვრა) მაცხოვარი დიდებისა და უხრწნელობის სამოსით შემოსავდა ადამისა და მისი მოდგმის, –მთელი კაცობრიობის სულიერ სიშიშვლეს. იოანე ნათლისმცემელს, რომელიც ხელს ასხამს–ნათელს სცემს მაცხოვარს, მარცხენა ხელში გრაგნილო უჭირავს, სიმბოლოდ მისი ქადაგებისა. 100 13-ს მოსწონს
|