საზოგადოება ვინ მიიყვანა ნინო გვასალია თვითმკვლელობამდე? სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 2013, 11 ნოემბერი, 23:06 17 ოქტომბერს ძაღლი გაასეირნა, სახლიდან გავიდა, 11 ნოემბერს კი სახლში გარდაცვლილი მიასვენეს. "დედიკო და მამიკო აღარ მინდა თქვენი ნაწილი ვიყო. ჩემი წერილი არის პინქ ფლოიდის ცნობილი სიმღერის "მშვიდობით, სასტიკო სამყაროვ" საუნთრეკი"-ასე დაემშვიდობა ნინო მშობლებს. გარდაცვლილის დედა, ქალბატონი ლალი ცინცაძე გვიამბობდა, რომ მათმა ოჯახმა წინა ხელისუფლების დროს ბევრი რამ გადაიტანა. ნინოს მამამ ყველაფერი დაკარგა, დედ-მამა დაშორდნენ. ეკონომიურადაც უჭირდათ, მეოთხე კურსის სტუდენტს მუშაობის დაწყება უნდოდა, ვერაფერი იშოვა... "12 ოქტომბერს რაღაც ისეთი მოხდა, რამაც მასზე გავლენა მოახდინა. საღამოს ვიღაცამ რაღაც უთხრა, რის შემდეგაც ხასიათი გაუფუჭდა და მთელი ღამე არ უძინია. 13 ოქტომბერს საშინელ ხასიათზე იყო. მთელი ღამე აიპადში იქექებოდა"-გვიამბობდა ქალბატონი ლალი. ნინოს აიპადიდან ყველაფერი წაუშლია, "ფეისბუქის" საკუთარი გვერდიც გაუუქმებია, ყველა სურათში სევდიანი სახე აქვს, რა მოხდა ისეთი რის გამოც 22 წლის გოგონას ამ "სასტიკ სამყაროში" აღარ დაედგომებოდა?! 10 ნოემბერს გოგონა მუხათწყაროს ტყეში ბაიკერებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს. ექსპერტიზის ზუსტი დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცნობილია, რომ გოგონა გაუჩინარებიდან მალევე გარდაიცვალა, სხეულზე კი ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. "სასტიკი სამყარო" ვეღარ აიტანა, თუ მოხდა რაღაც ისეთი, რამაც გოგონა თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ქმედება აფექტში არ ჩაუდენია, ყველაფერი კარგად დაგეგმილი ჰქონდა. წინა დღეებში ძმისთვისაც უთქვამს თავი უნდა მოვიკლა, ოღონდ ისე, რომ ვერავინ მიპოვოსო. უმცროს ძმას ყველაფერი სისულელედ ეჩვენა და ყურადღებაც არ მიუქცევია. მართლაც ძალიან ძნელი აღმოჩნდა მისი პოვნა, რომ არა ბაიკერები, ალბათ კიდევ დიდხანს ვერ იპოვიდნენ. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს: "თვითმკვლელობამდე მიყვანა ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივისა და ღირსების სისტემატიური დამცირებით, -ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე". საინტერესოა ვინმემ მიიყვანა კი ნინო თვითმკვლელობამდე? რა მოხდა 12 ოქტომბერს მის ცხოვრებაში? არსებობს რაიმე მცირეოდენი ხელჩასაჭიდი ინფორმაცია, მტკიცებულება ან ვარაუდი, რის გამოც საქმე აღიძრა? თუ ყველაფერი იურიდიული ფორმალობაა? არსებობენ კონკრეტული ადამიანები ვინც ნინოს თვითმკვლელობა აიძულეს, თუ პასუხისმგებლობა მთელ საზოგადოებას, ჩვენ გვეკისრება, ყველას, ვინც ამ "სასტიკ სამყაროს" ვქმნით... 5076 9-ს მოსწონს 1-ს არა
|