ნამცხვრები უგემრიელესი ჰაეროვანი ტორტი "ტრიუფელი" (ფოტორეცეპტი) 2013, 23 სექტემბერი, 21:46 საღამო მშვიდობის, ჩემო კოხტა და ხელმარჯვე დიასახლისებო. აი, მე ისევ თქვენთან ვარ და ამჯერადაც საინტერესო და გემრიელი ნუგბარის რეცეპტი მინდა შემოგთავაზოთ. ალბათ ყველას თუ არა უმეტესობას გიყვართ შოკოლადი. "ტრიუფელიც" გექნებათ გასინჯული: შავ კაკაოში ამოვლებული უგემრიელესი დახვეწილი გემოს მქონე შავი შოკოლადის ბურთულები-ფრანგი კონდიტერების შედევრი. დღეს შემოგთავაზებთ ჰაეროვანი და გემრიელი შოკოლადის ტორტის ''ტრიუფელის '' რეცეპტს. ავიფაროთ წინსაფრები და შევუდგეთ საქმეს. მოვამზადოთ ბისკვიტისათვის საჭირო ინგრედიენტები: შაქარი(უმჯობესია მუქი ფერის)-300 გრამი მწარე შოკოლადი(70% კაკაოს შემცველობით)-140 გრამი კვერცხი-2 ცალი კაკაო მუქი-2 სუფრის კოვზი კარაქი-140 გრამი სოდა- ნახევარი ჩაის კოვზი ხსნადი ყავა-2 ჩაის კოვზი ნაღები 30%-იანი -3 სუფრის კოვზი ფქვილი-100 გრამი მასალა მინანქრისათვის: ნაღები 30%-იანი -100 გრამი მწარე შოკოლადი (70%კაკაოს შემცველობით)-50 გრამი შაქარი-1 ჩაის კოვზი კრემისათვის: თეთრი შოკოლადი-50 გრამი ნაღები 30%-იანი -100გრამი მომზადება: შოკოლადი დავამტვრიოთ პატარა ნატეხებად, ჩავყაროთ პატარა ქვაბში, დავამატოთ კარაქი, ყავა გავხსნათ 50 გრამ წყალში და ისიც ჩავასხათ ქვაბში. დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე და თან გამუდმებით ვურიოთ(შეიძლება ორთქლის აბაზანაზეც). როგორც კი შოკოლადი და კარაქი გადნება, მაშინათვე გადმოვდგათ . ჯამში გავცრათ ფქვილი, დავამატოთ კაკაო, შაქარი და სოდა, ავურიოთ კარგად. მიქსერით კარგად ავთვიფოთ კვერცხები, დავამატოთ ნაღები და გავაგრძელოთ თქვეფა, დავამატოთ ფქვილის და კაკაოს ნარევი და ფრთხილად ავურიოთ ხის კოვზით. ფრთხილად ჩავასხათ ცომში კარაქთან ერთად გამდნარი შოკოლადი, კიდევ ერთხელ მოვურიოთ, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ. ტორტის მრგვალ ან ოთხკუთხა ფორმას წავუსვათ კარაქი და დავუფინოთ პერგამენტი. მიღებული ცომი ჩავასხათ ყალიბში და დავდგათ ღუმელში 160 გრადუსზე. ბისკვიტი ცხვება 1, 5 საათი. გამოვიღოთ გამომცხვარი ბისკვიტი, გავაციოთ და ამოვიღოთ ყალიბიდან. კიდევ ვაცალოთ გაციება 4-5 საათი. მოვამზადოთ კრემი: თეთრი შოკოლადი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ნაღები ჩავასხათ ქვაბში და გავაცხელოთ, მივიყვანოთ ადუღებამდე და მაშინათვე გადმოვგათ, ჩავყაროთ შოკოლადი და დავამატოთ 1 სუფრის კოვზი ადუღებული წყალი.მოვურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. გავაციოთ და დავდგათ მაცივარში 1 საათით. გამოვიღოთ მაცივრიდან და ავთვიფოთ მიქსერით 2-3 წუთის განმავლობაში. ავიღოთ ჩვენი ბისკვიტი, გავჭრათ სამ ნაწილად. დავნამოთ ტკბილი ყავით და 2 ნაწილს წავუსვათ ჩვენი თეთრი შოკოლადის კრემი. დავადოთ ზემოდან მესამე ფენა და მოვამზადოთ მინანქარი: მწარე შოკოლადი გავხეხოთ სახეხზე, ნაღები გავაცხელოთ ადუღებამდე, ჩავყაროთ შაქარი და გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ გახეხილი შოკოლადი და 1 სუფრის კოვზი ადუღებული წყალი. ვურიოთ, სანამ შოკოლადი არ გადნება. გადავახსხათ შოკოლადის მინანქარი ჩვენს ტორტს, ოდნავ გაგრილებული წავუსვათ გვერდებზეც და დადგათ მაცივარში. კარგად გაციების შემდეგ თავზე შეიძლება მოვაცრათ მუქი კაკაო. ჩვენი მსუბუქი და გემრიელი ტორტი მზადაა. იმედია თქვენს სტუმრებს ძალიან მოეწონებათ. 3179 16-ს მოსწონს
|