კატალონიური “ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიუნხენის “ბაიერნის” ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
2009/2010 წლების სეზონში, შვედეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი გვარდიოლას “ბარსელონაში” თამაშობდა, მაგრამ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა, ახლა კი, ყოფილ დამრიგებელთან ურთიერთობაზე The Times-თან ისაუბრა.
“ბარსელონაში” მისვლის პირველ დღეებში პეპმა მითხრა, რომ გუნდის მოთამაშეები არ დადიან სპორტული ავტომობილებით და მოკრძალებულად ცხოვრობენ. მას სურდა, რომ მეც ჩვეულებრივ ბიჭად ჩამეთვალა თავი. მაგრამ მე ზლატანი ვარ, მსურს სხვებისგან განსხვავებული, ინდივიდუალური ვიყო. გვარდიოლა ამას ვერ შეურიგდებოდა.
როდესაც იმ ოთახში შევდიოდი, სადაც ყავას ვსვამდით, ის ეგრევე გადიოდა. დერეფანში გვერდით თუ ჩამივლიდა, ძირს იყურებოდა. ის კაცი არაა! შესაძლოა, გვერდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია, მაგრამ ეს საერთოდ არ მაღელვებს. ერთხელ თავი ვეღარ შევიკავე და გასახდელში ყველაფერი პირში ვუთხარი, რასაც მასზე ვფიქრობდი, მაგრამ არც მაშინ გამცა ხმა.
ცუდად ნუ გამიგებთ, მე მომწონს მესი და ინიესტა, მათ შეუძლიათ წარმოუდგენელი რამ აკეთონ ბურთით. მაგრამ ისინი ძალზედ მგრძნობიარეები და მშვიდები არიან. ისინი მუდამ იმას აკეთებენ, რასაც ეუბნებიან და არასდროს კამათობენ”, - იხსენებს “ბარსელონაში” ყოფნის პერიოდს იბრაჰიმოვიჩი.
ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge