რელიგია "მარიამობის მარხვა დაიწყო". 2013, 14 აგვისტო, 9:55 ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, რამეთუ იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესია და სერაფიმებზე აღმატებული. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი და ამ დღეებს მართლმადიდებელი ეკლესია მარხვით ხვდება. "რა არის მარხვა"? მარხვა ეს არის სწავლა სწორი არჩევნის გაკეთებისა და არა ზოგიერთ საჭმელზე უარის თქმა. უნდა ვიცოდეთ, რომ პირველი მარხვა ღმერთმა ადამიანს სამოთხეში, მისი ცხოვრების დასაწყისშივე დაუწესა. მათ კი პირველი მცნება- არ ეჭამათ სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხის ნაყოფი, ბოროტი ანგელოზის ჩაგონებით აღმოაჩინეს, რომ ხის ნაყოფი გემრიელი და ცნობადია, ღვთის მიერ დადგენილი მცნება კი დაივიწყეს და მარხვა დაარღვიეს. არა მხოლოდ პურით, არამედ ღვთის სიტყვით ცხონდება კაცი, ანუ ყოველი ადამიანი მისი სიტყვის შესრულებით მიიღებს სიცოცხლის ძალას. მარხვის სიბრძნე იმაში კი არ მდგომარეობს ამ პერიოდში საკვების სახით თუ რას ჩაუშვებთ პირში, არამედ რას ამოუშვებთ იქიდან ღვთისმოსაწონი სიტყვების სახით. მარხვა განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობაა. მარიამობის მარხვა 14 აგვისტოდან იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. როგორც საისტორიო წყაროები და სამართლებრივი ძეგლები იუწყებიან, საუკუნეების მანძილზე მარიამობის მარხვის შენახვა ყველა ავტოკეფალიურ ეკლესიის ტრადიციას არ წარმოადგენდა. მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ დღესასწაულის საყოველთაო აღნიშვნა დაიწყო დაახლოებით 10-11 საუკუნეში. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ღვთისმშობლის მიძინების მარხვა 1060 წელს პატრიარქ იოანესა და იმპერატორ კონსტანტინე დუკას გადაწყვეტილებით დადგინდა. ერიდეთ, მარხვა საჭმლისგან თავშეკავებით განსაზღვროთ, რამეთუ ისინი ვინც საჭმლისგან იკავებენ თავს, მაგრამ შეუფერებლად ცხოვრობენ, ემსგავსებიან ეშმაკს, რომელიც მართალია არაფერს ჭამს, მაგრამ თავს არ ანებებს ცოდვებს. (ეშმაკი დღემდე მარხვაზეა, მაგრამ აქვს რამე ფასი მის მარხვას? ამიტომ ყველამ კარგათ შეიმეცნეთ თქვენივე ცხონებისათვის) ღმერთმა დაგლოცოთ, გაგძლიეროთ და განგამტკიცოთ ღვთის სიყვარულში. ყოვალდწმიდა ღვთისმშობლის კალთა გფარავდეთ. 370 18-ს მოსწონს
|