x
image
worldsport.ge
ანა ტატიშვილი: ნიკულესკუ გავლილია, რიგში ბუშარია

imageანა ტატიშვილი აგრძელებს წარმატებულ სვლას საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მიმდინარე 250 ტიპის საჩოგბურთო ტურნირზე. პირველი წრის წარმატებით დაძლევის შემდეგ, ქართველის მეორე მეტოქე ტურნირზე მე-5 ნომრად განთესილი რუმინელი მონიკა ნიკულესკუ გახლდათ.
შეხვედრის პირველივე წუთებიდან მონიკამ ხელთ იგდო უპირატესობა და 5:0 დაწინაურდა, თუმცა ანა ნელ-ნელა გამოფხიზლდა და სხვაობის მინიმუმამდე შემცირება შეძლო - 4:5. სამწუხაროდ, ნიკულესკუმ ბოლომდე აღარ გაფლანგა მოპოვებული ჰანდიკაპი და მეათე გეიმში კიდევ ერთი ბრეიკის შესრულებით სეტი სათავისოდ დაიტოვა - 6:4.
ტატიშვილს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა და მანაც რისკიან თამაშს მიჰყო ხელი, რამაც გაამართლა კიდეც. ქართველმა ჩოგბურთელმა სტარტზევე 3-გეიმიანი უპირატესობა მოიპოვა და პარტიის ბოლომდე მშვიდად შეინარჩუნა - 6:3.
გადამწყვეტ მესამე სეტში ანა კორტზე სრულად დომინირებდა. მან ორჯერ შეძლო რუმინელი ჩოგბურთელის მოწოდების აღება, საკუთარი ერთხელაც არ დაუკარგავს და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმა - 4:6, 6:3, 6:2.
შეხვედრა 2 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ტატიშვილმა 8-ჯერ დააბრეიკა მეტოქე, ნიკულესკუმ კი ეს მხოლოდ 5-ჯერ შეძლო. ანას ანგარიშზე 1 ეისი და ერთბაშად 4 ორმაგი შეცდომა იყო, ნიკულესკუმ კი თავი მოხლოდ ერთი ორმაგით "გამოიჩინა".
ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 93-ე ჩოგანი, 19 წლის კანადელი ეჟენი ბუშარი იქნება, რომელმაც, თავის მხრივ, 2 სეტში ასპარეზობას იტალიელი კამილა ჯორჯი გამოთიშა - 6:3, 6:0.


გიორგი ბარბაქაძე

www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0