თსუ-ში მე-3 სართულიდან გადმოგდებულ გოგონას ყველაფერი ახსოვს, რას ამბობს ის ვანო ღონღაძის შესახებ (+გვანცას პირადი ფოტოკოლექცია)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გვანცა ადამია, დღეს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. გოგონა გონზე მოვიდა, ყველაფერი ახსოვს, მის სიცოცხლეს კი საფრთხე აღარ ემუქრება. ადამიას მკურნალმა ექიმმა მერაბ ჯანელიძის მტკიცებით, პაციენტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, თუმცა მის სრულ რეაბილიტაციას რამდენიმე თვე დასჭირდება. ინცინდეტი 9 დღის წინ მოხდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანის დროს გვანცას ჰიპოოლემიური შოკი, ნეკნებისა და მენჯის მოტეხილობა, ღვიძლის მრავლობითი დაზიანება და მარჯვენა ფილტვის დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.
გვანცა მეგობარმა და თანაკურსელმა ვანო ღონღაძემ ხელში აიტაცა მესამე სართულიდან გადააგდო და გოგონას საკუთარი ჩანთაც ზედ დაანარცხა. გვანცამ სენაკში დაამთავრა სკოლა ოქროს მედალზე, ხოლო სამუსიკო სკოლა - ფრიადებზე, უკრავს ფორტეპიანოზე და მღერის. "საქართველოს ვარსკვლავშიც" მონაწილეობდა. ის თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტზე სწავლობს, მესამე კურსზეა. გვანცას და ვანოს ერთმანეთი უნივერსიტეტში გაუცვნიათ, ერთმანეთს კონსპექტებს უცვლიდნენ და დამეგობრდნენ. ვანოს გოგონა შეუყვარდა, ის კი გრძნობაზე სიყვარულით ვერ პასუხობდა.
გვანცას დედა გვიამბობს: "გვანცა ძალიან შეწუხებული იყო, რომ ვერ იშორებდა. მითხრა, სახლიდან გავალ თუ არა, იქვე მხვდება, სადმე მივდივარ და უკან მომყვება. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დღედაღამ მითვალთვალებს. ბოლო დროს კი მისი თვალები არ მომწონს, რაღაცნაირი მზერა აქვს, მეშინიაო. გრძნობდა მოსალოდნელ საშიშროებას. ბოლოს გამოცდა ჰქონდა ჩასაბარებელი და ისიც კი მითხრა, დედა, უნივერსიტეტში გამყევი, ვანოც იქ იქნება და არ მინდა, დამელაპარაკოსო. მართლაც გავყევი. გამოცდაზე შევიდა თუ არა, ვანოც მალევე გამოჩნდა, პირდაპირ ჩემკენ გამოემართა. "მგონი, ჩვენ ერთ ადამიანს ველოდებით", - მითხრა მან. "რა გინდა, რატომ გადაეკიდე ჩემს შვილს, ხომ ხედავ, არ უყვარხარ, დაანებე თავი და ყურადღება რომ მოაკლდება, იქნებ შეუყვარდე კიდეც", - ვუთხარი მე. "თქვენ გვანცამ ჩემ გამო გთხოვათ, რომ უნივერსიტეტში გამოჰყოლოდით? დამშვიდდით, ჩემგან მას არავითარი საფრთხე არ ემუქრება!" - მომიჭრა ვანომ. მერე, როგორც ჩანს, ტვინი აერია და რამდენიმე დღეში ეს უბედურება დატრიალდა".
გვანცას დედა ძალიან გახარებულია, შვილი გადაურჩა. ქალბატონი შორენა ირწმუნება, რომ გვანცას ყველაფერი ახსოვს. ნარკოზიდან გამოსული დედას ეკითხებოდა, ვანომ გადამაგდოო? ქალბატონი შორენა კი ყველაფერს უარყოფდა. აღმოჩნდა, რომ გოგონას ყველაფერი ახსოვდა, კარგად იცოდა რაც მოხდა. გავრცელებული ხმების თანახმად გოგონამ უბედური შემთხვევის დღეს, სანამ სასწრაფო მოვიდოდა განაცხადა, რომ ვანოს ძალით არ გადაუგდია და ეს უბედური შემთხვევა იყო. ასევე გავრცელებული ხმების თანახმად ვანო ღონღაძე ამჟამად დუმილის უფლებას იყენებს.