ალბათ იცით, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა ცნობილ სახეებზე წერა გახლავთ. თუმცა ამჯერად მინდა, არა მათ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები, არამედ იმიჯის რადიკალური ცვლილებები განვიხილო. პირველი რაც ყველაზე მეტად მომხვდა თვალში და ამ კვირის ტაბლოიდების მთავარი თემაა, ეს მომხიბვლელი ენ ჰეტუეის მკვეთრად შეცვლილი იმიჯია.. თქვენი არ ვიცი და მე რომ პირადად ვიცნობდე ამ ოსკაროსან ქალბატონს ალბათ აღტაცებული ვეტყოდი - "სად იყავი შექალო აქამდე?" . ქერა თმა ვარსკვლავს განსაკუთრებით მოუხდა. ჩემი აზრით, მუქ და მით უმეტეს გრძელ თმაში იგი გაცილებით ასაკოვან ქალს ჰგავდა. ამჯერად კი "ხულიგნურმა" მოკლე ვარცხნილობამ და მკვეთრმა ქერა ტონალობამ, ჰეტუეი ნამდვილ პარიზელ ქალს დაამსგავსა. უბრალოდ, ნაზი და ჰაეროვანი.. უმაკიაჟოდ, მაისურით და ჯინსებითაც კი გასაოცარ სექსუალობას ასხივებს.
აი რაც შეეხება კიდევ ერთ, არანაკლებ პოპულარულ მსახიობს რიიზ ვიზერსპუნს, მისი გადაწყვეტილება ქერა კულულები მუქ ყავისფერ ტონალობაზე გაეცვალა, რბილად რომ ვთქვათ წარუმატებელზე წარუმატებელი სვლა იყო სხვა თუ არაფერი. ქერა თმები, ეს ის კოზირია რაც ამ ქალს ზოგადად მომხიბვლელობას ანიჭებდა და უქმნიდა განუმეორებელ იმიჯს.მართალია როგორც ოფიციალური წყაროები იუწყებიან რიიზის ვარცხნილობა მორიგ ფილმზე მუშაობას "შეეწირა მსხვერპლად" (მისი კინოგმირი როგორც ჩანს ბრუნეტი უნდა იყოს), მაგრამ კატეგორიულად ვურჩევდი მას, მსგავსი ვარცხნილობა აღარასოდეს ატაროს!