რელიგია როგორ შეხვდნენ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს გოგნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში 2013, 6 მაისი, 19:34 ფოტოები, რომლებიც თან ახლავს სტატიას, ყველა მათგანი წუხელ არის გადაღებული.
6 მაისს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს ზეიმობს.დღევანდელი დღესასწაული განსაკუთრებული მასშტაბურობით იმერეთში, კერძოდ კი თერჯოლის რაიონის ერთ პატარა სოფელ გოგნში აღინიშნება, სადაც წმინდა გიორგის უძველესი სალოცავი არსებობს.
ეკლესია, რომელიც VII-VIII საუკუნეების ძეგლს წარმოადგენს და "კარუგდებელის" სახელით მოიხსენიებენ, თერჯოლიდან 10 კილომეტრის დაშორებით გოგნის მთაზე მდებარეობს.ლეგენდის მიხედვით, სოფელში ერთი დავრდომილი მოხუცი ცხოვრობდა, რომელსაც წმინდა გიორგი გამოეცხადა.წმინდანმა მას უთხრა, რომ მოფრინდებოდა ჩიტი, რომელიც ერთ-ერთი ქვისაკენ გაუძღვებოდა.დავრდომილი მართლაც ადგა და ჩიტს გაჰყვა, რომელმაც ეს ქვა აპოვნინა.მოხუცმა ქვა იმ ადგილზე მიიტანა, სადაც ჩიტი დაიღუპა.სწორედ ამ ადგილზე ააშენეს სალოცავი, თუმცა მოგვიანებით დაანგრიეს და ქვები კლდიდან გადაყარეს.სანამ დააგნრევდნენ, სალოცავს კარი ჰქონდა, რომელიც მუდამ ჩამოგდებული ხვდებოდათ.სოფლის მცხოვრებნი ჩაუსაფრდნენ და ნახეს, რომ კარი თავისით ვარდებოდა.ამიტომაც უწოდეს სალოცავს "კარუგდებელი". ეს ფოტოები სალოცავში და ეზოშია გადაღებული 2013 წლის 6 მაისის ღამეს. სოფლის ხუთმა მკვიდრმა კლდიდან გადაგდებული ქვები კვლავ ზემოთ ამოზიდა და ახალი, ცოტა უფრო დიდი სალოცვი ააშენეს.გადმოცემის თანახმად, როცა წმინდა ადგილს მონადირე უახლოვდებოდა, იარაღს რამოდენიმე მეტრით ქვემოთ ტოვებდა და ახლომახლო ტერიტორიაზე ნადირს არ კლავდა. უკვე ორი ათეული წელია აქ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უწყვეტი ნაკადი მიემართება ხოლმე ყოველი წლის გიორგობის წინა ღამეს და მათი უმეტესობა ცდილობს, რომ ღამის 12 საათზე ამ წმინდა ადგილზე იზეიმონ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული.მორწმუნეთა უმეტესობას წმინდანის სახელზე შესაწირიც კი მიჰყავს, აქ ნახავთ ფეხშიშველა მორწმუნე მრევლს, აქ ნახავთ ბატკნებითა და მამლებით მიმავალ ქართველ ერს, რომლებიც გზიდან 3-4 კილომეტრს ფეხით ადიან .ეს ადგილი მართლაც სასწაული სანახავია.ეკლესია ძალიან პატარაა მოცულობით, ამიტომ პატრიარქის ლოცვა - კურთხევით იქვე ახალი ტაძრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უახლოეს დროში ექნება ქართველ ხალხს კიდევ ერთი წმინდა სალოცავი. 308 31-ს მოსწონს 1-ს არა
|