საქართველო პრეზიდენტი პარლამენტში აღარ მივა 2013, 7 თებერვალი, 15:27 - საქართველოს პრეზიდენტი ხვალ პარლამენტში აღარ მივა. უმრავლესობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მიხეილ სააკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ მას შემდეგ უნდა მივიდეს, როდესაც პარლამენტი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებას მიიღებს. ამ საკითხზე უმრავლესობის წევრები ბიუროს სხდომაზე შეთანხმდნენ, თუმცა სავარაუდოდ დეპუტატებმა ეს გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე, ორი კვირის შემდეგ უნდა განიხილონ. ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ: "პრეზიდენტს, რა თქმა უნდა მიეცემა საშუალება პარლამენტში გამოსვლის, თავისი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის, მაგრამ ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ამ კონკრეტულ საკითხზე მიღებული იქნება პარლამენტის მიერ სათანადო გადაწყვეტილება. ან, როდესაც სრულიად საფუძვლიანად და მკაფიოდ იქნება გამოხატული პრეზიდენტის და მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია ამ კონკრეტულ საკითხზე, პარლამენტისთვის იმ უფლების დაბრუნების თაობაზე, რაც პარლამენტს ეკუთვნის. კონსტიტუცია არ განსაზღვრავს არანაირ კონკრეტულ თარიღს ასეთი გამოსვლის. რეგლამენტში არის ჩანაწერი, რომ როგორც წესი საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უნდა მოხდეს ასეთი გამოსვლა. პირველი სხდომა ჩვენ ექვსში გვქონდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ წინა წლებში მარტის ბოლოსაც მოსულა პრეზიდენტი, ასე რომ ამითი რაიმე განსაკუთრებული არ ხდება". 83 5-ს მოსწონს 1-ს არა
|