x
საოცარი ტბა
საოცარი ტბა
კოლის ნახევარკუნძულის მახლობლად, კუნძულ კილდინზე, არის ერთი პატარა ტბა მ ო გ ი ლ ნ ო ე. მისი სიღრმე 18 მეტრია: ზღვისგან გამოყოფილია ღორღიან - ქვიშიანი ზღუდარით. ტბაში წყალი ცოტათი უფრო მაღლაა, ვიდრე ზღვაში. ამის გამო გამუდმებით ხდება წყლის მიმოცვლა ტბასა და ზღვას შორის.
თითქოს ფენოვანი ღვეზელიაო, ტბა დაყოფილია ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ ხუთ იარუსად თუ სართულად.
სულ ზემოთ მდებარე მეხუთე სართულში მტკნარი, ცივი და კამკამა წყალია. აქ მრავლადაა არქტის წყალსატევებისათვის დამახასიათებელი ბევრნაირი ბინადარი.
სიცოცხლე დუღს და გადმოდუღს მესამე სართულზეც. აქ წყალი ლურჯია, გამჭვირვალე და მლაშე. ფაუნა და ფლორა ზუსტად ისეთია, როგორიც ზღვისა. აქ ბინადრობენ აქტინები, ზღვის კიბოები, ვარსკვლავები, ზღარბები, ვირთევზის განსაკუთრებული სახეობა ("კილდინიური"), მაგრამ მეხუთე სართულის ვერცერთ ბინადარს ვერ წააწყდებით.
მესამე და მეხუთე სართულს შორის შუალედური ფენაა. ეს არის თავისებური გარდამავალი ზონა: წყალი აქ მომლაშოა, მობინადრენი ცოტანი არიან, ზღვის ბინადართ კი საერთოდ ვერ ნახავთ.
მეორე სართულზე რაღაცნაირი ბინდიბუნდია. წყალი გაჯერებულია მიკროსკოპული არსებებით - მეწამეული ფერის ბაქტერიებით. ამის გამო იგი ალუბლისფერ - ვარდისფერია. ბაქტერიები ძალზე სიცოცხლისუნარიანია, ხარბად ნთქავენ და ჟანგავენ გოგირდწყალბადს, რომელიც დიდი რაოდენობით ამოდის წყალსატევების ფსკერიდან. ამის გამო ეს მომაკვდინებელი გაზი მესამე სართულს ვერ აღწევს. ეს ფილტრი რომ ასე ჩინებულად არ მუშაობდეს, მესამე ფენაში სიცოცხლე არ იქნებოდა.
სულ ქვედა სართულზე თხიერი შლამია. აქ ლპება და იხრწნება ორგანული ნარჩენები, ზემო სართულებიდან რომ ეშვებიან. პირველი სართული "მკვდარი" ფენაა, რადგან მასში არ არის სიცოცხლის წყარო - ჟანგბადი. ანკი საიდან იქნება ატმოსფეროსთან აირმიმოცვლა არ ხდება. სამაგიეროდ, ბევრია აქ გოგირდწყალბადი. ამ "მკვდარ" ფენაში სიცოცხლე მაინც ბჟუტავს: აქ არსებობენ ზოგიერთი სახეობის ბაქტერიები.
მოგილნოე ძალიან ძველი ტბაა რამდენიმე გეოლოგიური ეპოქის მომსწრე. ამას მოწმობს ტბაში ზოგიერთი ისეთი სახეობის ცხოველთა არსებობას, რომელებიც მეზობელ ბარენცის ზღვაში დიდი ხნის წინათ გადაშენებულან. ამის ნათელი მაგალითია ვირთევზა, რომელიც მხოლოდ ამ ტბაშია და ზღვის ვირთევზას არა ჰგავს.
მართალია, ტბა ზღვასთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ ტალღების სუსტი მიქცევ - მოქცევა მაინც შეიმჩნევა.
გაუგებარია, როგორ და რა მიზეზით გაჩნდა ეს ტბა, რატომ არის იგი სართულებად დაყოფილი, რის გამოა, რომ ეს სართულები მკვეთრად გამიჯნულია ერთმანეთისგან. ისიც საკითხავია, რატომ ჰქვია ტბას მოგილნოე ("სამარე" თუ "სამარისებული")? მის ფენებში ხომ არსებობს სიცოცხლე!
0
139
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგიტა
გოგიტა
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0